გერმანიის ელჩი და "საიდუმლო შეხვედრა“: როგორ ცდილობს ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია დიპლომატის დისკრედიტაციას
გაზიარება
გაზიარება
თავდასხმა პეტერ ფიშერზე
საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ უპირისპირდება საქართველოში გერმანიის ელჩს, პეტერ ფიშერს. ამჯერად ხელისუფლებასთან დაახლოებული ტელევიზიების მეშვეობით დიპლომატს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას აბრალებენ.
პროპაგანდისტული ტელეკომპანიებმა “იმედმა“ და “რუსთავი 2“-მა დღეს დილიდან გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ფიშერი ‘საიდუმლოდ შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს“ და მათ არწმუნებდა, რომ მიმდინარე პროტესტი შედეგს ვერ გამოიღებს, თუ მოვლენები “ირანის სცენარით“ არ განვითარდება, რაც მსხვერპლსაც მოიაზრებს.
თუმცა, გავრცელებულ ცნობებს არც ერთი მედიასაშუალება დოკუმენტური მტკიცებულებებით არ ამყარებს. პირიქით, საუბარი იმ შეხვედრაზეა, რომლის შესახებაც თავად ელჩმა საჯაროდ დაწერა.
15 იანვარს პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც თან ერთვოდა განმარტება, რომ იგი ქართველ ახალგაზრდებს შეხვდა და მათთან ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. პოსტი თავიდანვე საჯარო იყო და მასში არ იკვეთებოდა არც “საიდუმლო“ ხასიათი და არც პოლიტიკური ძალების ორგანიზება.
შეხვედრაში მონაწილე ახალგაზრდები ამბობენ, რომ ინიციატივა მათგან მოდიოდა და საუბარი შეეხო იმ ხედვებს, რომლებიც ახალგაზრდულ ჯგუფებს საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის შესახებ აქვთ. მათი თქმით, არც ძალადობრივი სცენარები განხილულა და არც ელჩის მხრიდან რაიმე ტიპის მითითება ყოფილა.
აქტივისტების შეფასებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიის მიერ გავრცელებული ბრალდებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია, რომელიც პროტესტში ჩართული ადამიანებისა და უცხოელი დიპლომატების დისკრედიტაციას ემსახურება.
სიუჟეტების გასვლის შემდეგ თავად ფიშერმა X-ზე კიდევ ერთხელ უპასუხა ბრალდებებს.
“ეს ფოტო ტვიტერზე დავდე. იმედმა და რუსთავი 2-მა ნახეს და მის ‘საიდუმლო’ მნიშვნელობაზე კამპანია აგორეს. ვიმეორებ: ეს ფოტო ტვიტერზე დავდე. მიხვდით?“ — წერს გერმანიის ელჩი.
დიპლომატების წინააღმდეგ მსგავსი ნარატივების გამოყენება ბოლო თვეებში გახშირდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთის წარმომადგენლები ღიად აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიული უკუსვლის, მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და რეპრესიული კანონმდებლობის გამო.