თბილისში ნეონაცისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს
გაზიარება
გაზიარება
ნეონაცისტური დაჯგუფება საქართველოში
თბილისში პოლიციამ რადიკალური ნეონაცისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავა, რომლებიც, გამოძიების მიხედვით, სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე – მათ შორის არასრულწლოვანებზე – სისტემურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებდნენ და ამ ქმედებებს სოციალურ ქსელებში ავრცელებდნენ. დაკავებულთა შორის 10 არასრულწლოვანია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის წევრები თავს ნეონაცისტებად მოიხსენიებდნენ და ფაშისტური იდეოლოგიით მოქმედებდნენ. პოლიციის მტკიცებით, ისინი ძალადობას იყენებდნენ გავლენის გასაზრდელად და საკუთარი “ავტორიტეტის” შესაქმნელად, განსაკუთრებით მათ წინააღმდეგ, ვინც მათ შეხედულებებს არ ეთანხმებოდა.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულები მსხვერპლებზე ღირსების შემლახველ მოპყრობას, ფიზიკურ ანგარიშსწორებასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ, პროცესს მობილური ტელეფონებით იღებდნენ და შემდეგ სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე ავრცელებდნენ. სამართალდამცველები ამბობენ, რომ ეს მასალა ჯგუფის ცნობადობის გასაზრდელად გამოიყენებოდა.
საქმეზე ჩატარებული ჩხრეკების შედეგად პოლიციამ ამოიღო მობილური ტელეფონები, ნიღბები, ელექტრონული მოწყობილობები, ნაცისტური სიმბოლიკის ნივთები, ასევე ცივი და ხმოვანი იარაღები. ოფიციალური მონაცემებით, დაზარალებულია ათზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს და 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ ასევე შეახსენა საზოგადოებას, რომ ამავე იდეოლოგიის ორი ლიდერი, ლევან აბესაძე და დავით ჯაფაროვი, ანალოგიური ბრალდებით უკვე იხდიან სასჯელს. სამართალდამცველების თქმით, მიუხედავად მათი დაკავებისა, ჯგუფის სხვა წევრები ძალადობრივ ქმედებებს აგრძელებდნენ, რაც მიმდინარე გამოძიებამ დაადასტურა.
შსს აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ფაშისტურ ჯგუფებთან დაკავშირებული სხვა პირების გამოსავლენად. უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, ნებისმიერი მსგავსი ფაქტის ნიშნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ პოლიციას, რათა თავიდან იქნას აცილებული არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობა და ექსტრემისტული იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებში.