ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთი გახდა
ელექტროენერგიის მთავარი მომწოდებელი საქართველოსთვის რუსეთი გახდა – თუ 2017 წლიდან მოყოლებული საქართველოსთვის მთავარი ელექტროიმპორტიორი აზერბაიჯანი იყო, 2021 წელს სურათი რადიკალურად არის შეცვლილი, რადგან აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ 29%-ია.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში რუსეთიდან საქართველოში 1049.4 მლნ კვ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს სარეკორდო – 171%-ით აღემატება.
აქამდე რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ და მხოლოდ 13%-დან 35%-ის ფარგლებში მერყეობდა.
მაგალითად, 2020 წელს რუსული იმპორტის მაჩვენებელი 35%-მდე გაიზარადა, ხოლო უკვე მიმდინარე წლის 8 თვეში რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის წილმა მთლიან იმპორტში 61% შეადგინა. შესაბამისად, მიმდინარე წლიდან საქართველო ყველაზე მეტ ელექტროენერგიას რუსეთისგან ყიდულობს.
ბოლო წლების განმავლობაში რუსული ელექტროენერგიის იმპორტი ასე იცვლებოდა:
● 2017 წელს საქართველომ რუსეთისგან 452.2 მლნ კვ.სთ ელექტროენერგია იყიდა, რომლის წილიც მთლიან იმპორტში 30%-ს შეადგენდა;
● 2018 წელს რუსული ელექტროენერგიის წილი მთლიან იმპორტში მნიშვნელოვნად შემცირდა და 13.6% შეადგინა;
● 2019 წელს ელექტროენერგიის იმპორტის წილი 32% იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია ENKA Renewables, რომელსაც სოფელ ნამახვანში გიგანტური ჰესი უნდა აეშენებინა და საქართველოს მთავრობასთან შესაბამისი ხელშეკრულება უკვე დადებული ჰქონდა, წყვეტს პროექტზე მუშაობას და აცხადებს, რომ არ ჰესს აღარ ააშენებს.
ENKA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი მასში გათვალისწინებული პირობების დარღვევა და ფორს-მაჟორია.
“ნამახვანჰესის პროექტის გაჩერება საქართველოს კიდევ უფრო მეტად გახდის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულს”, – მიაჩნიათ ექსპერტებს.
● “არა ნამახვანჰესს!” რატომ აპროტესტებენ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობას
● რა აჩვენა ნამახვანჰესის წინააღმდეგ თბილისში გამართულმა აქციებმა? ექსპერტების მოსაზრებები
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან. VIDEO
● აფხაზეთში რუსული „გაზპრომი“ შედის. იქ ბინებში პირველად გამოჩნდება გაზი
● რეაბილიტაციის შემდეგ „ენგურჰესის“ გამომუშავება 10-15 პროცენტით გაიზრდება
“ნამახვანიჰესის” აშენების შემთხვევაში იგი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ენერგეტიკული პროექტი იქნებოდა. პროექტი თურქეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანიას უნდა განეხორციელებინა და მისი ღირებულება 800 მილიონი აშშ დოლარი იყო.
ხელისუფლება, რომელიც აღნიშნული პროექტის მთავარი ლობისტი იყო, ირწმუნებოდა, რომ საფრთხეები გაზვიადებული იყო და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე საქართველოს რამდენიმე წელიწადში სერიოზული პრობლემები შეექმნებოდა ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით.
ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საზოგადოებრივი ჯგუფების ფიზიკური პროტესტი და წინააღმდეგობა თითქმის ერთი წელი გაგრძელდა. თვეების განმავლობაში ნამახვანთან გაშლილი იყო კარვები და აქტივისტები იქ მძიმე ტექნიკას არ უშვებდნენ. გაზაფხულზე პროტესტმა თბილისშიც გადაინაცვლა.