"რეფორმის“ სახელით კონტროლი: ჰარვარდის პროფესორი საქართველოს განათლების პოლიტიკას აკრიტიკებს
ჰარვარდის პროფესორი განათლების პოლიტიკაზე
ჰარვარდის უნივერსიტეტის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი სტივენ ჯონსი “ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ განათლების რეფორმას არა როგორც სისტემურ განახლებას, არამედ როგორც ძალაუფლების კონსოლიდაციის მცდელობას აღწერს. მისი შეფასებით, ხელისუფლების რეალური მიზანი უნივერსიტეტებზე კონტროლის გამკაცრება და იმ სივრცეების დასუსტებაა, სადაც პოლიტიკური კრიტიკა და წინააღმდეგობა ყველაზე ხშირად იბადება.

PONARS Eurasia-სთვის მომზადებულ ანალიტიკურ მემორანდუმში ჯონსი წერს, რომ ავტორიტარული რეჟიმებისთვის უმაღლესი განათლება ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ სფეროდ რჩება. უნივერსიტეტები, მისი თქმით, არა მხოლოდ ცოდნის, არამედ კრიტიკული აზროვნებისა და სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრებია, და სწორედ ამიტომ, ისინი ხშირად პოლიტიკური ზეწოლის პირველ სამიზნედ იქცევა. საქართველოს შემთხვევაში, ჯონსის შეფასებით, “ქართული ოცნება“ ამ ლოგიკით მოქმედებს და ცდილობს საუნივერსიტეტო სივრცეების პოლიტიკურად ნეიტრალიზებას.
ფორმალურად “უმაღლესი განათლების ეროვნული რეფორმის კონცეფცია“, რომელიც პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 2025 წლის ოქტომბერში წარადგინა, მოდერნიზაციის ენით არის შეფუთული. თუმცა, ჯონსის თქმით, მისი შინაარსი უნივერსიტეტების ავტონომიის არსებით შეზღუდვას გულისხმობს. განსაკუთრებულ საფრთხედ ის ასახელებს უნივერსიტეტების რეგიონებში იძულებით გადატანის გეგმას, აკადემიური პოზიციების ცენტრალიზებულ განაწილებას, სტუდენტთა მიღების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას და საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის შესაძლო გაყიდვას.
ჯონსის შეფასებით, ეს ნაბიჯები ნაკლებად უკავშირდება განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და ვერ პასუხობს საქართველოს წინაშე არსებულ სისტემურ პრობლემებს — ახალგაზრდების მაღალ უმუშევრობას, ეკონომიკურ სტაგნაციას და განათლების სფეროში ქრონიკულად დაბალ ინვესტიციებს. იგი აღნიშნავს, რომ საქართველო კვლავ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა უმაღლეს განათლებაზე სახელმწიფო დანახარჯების მხრივ და ამ მიმართულებით მშპ-ის მხოლოდ 0.3%-ს ხარჯავს.
პროფესორი ასევე მიუთითებს, რომ რეფორმის მთავარი სამიზნე სწორედ ის უნივერსიტეტებია, რომლებიც აკადემიური თავისუფლებითა და პროევროპული პოზიციებით გამოირჩევიან. მათ შორის ჯონსი ასახელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, თავისუფალ უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტს. ეს ინსტიტუტები ბოლო წლებში ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ კრიტიკული დისკუსიების ცენტრებად ჩამოყალიბდა.
სტივენ ჯონსის პროგნოზით, ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი მხოლოდ გააღრმავებს დაპირისპირებას სტუდენტებსა და სახელმწიფოს შორის და 2026 წელს ახალი საპროტესტო ტალღის რეალურ რისკს ქმნის. მისი თქმით, განათლების რეფორმის სახელით განხორციელებული კონტროლი ახალგაზრდების გაუცხოებას კიდევ უფრო გააძლიერებს და დაასუსტებს საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ პერსპექტივას.
“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ 16 ოქტომბერს დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლანდელი განათლების სისტემა ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და სტანდარტებს, შესაბამისად, უნდა ჰქონდეთ “ამბიციური მიზანი”, რომ საქართველოშიც იმავენაირი განათლება მიიღონ სტუდენტებმა, როგორც უცხოეთში.
ექსპერტები დაანონსებულ რეფორმას განათლების სფეროში რეპრესიულ ცვლილებად აფასებენ.
განათლების ახალ რეფორმაზე უფრო ვრცლად, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.