ადვოკატი: ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო
ბიძინა ივანიშვილის Credit Suisse-ს დავა
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ “დიფ სთეითის მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო”. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს ლონდონში 24 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო, თანხების დაბრუნება არ მოხდება.
ბიძინა ივანიშვილსა და შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს შორის ლონდონის სასამართლოში მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 24 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.
ადვოკატი ირწმუნება, რომ “ბატონი ბიძინა ივანიშვილი” და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ “ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას”, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას.
ადვოკატი წერილში ბიძინა ივანიშვილის მიმართ აშშ-ის მხრიდან დაწესებულ, მისი შეფასებით, “აბსურდულ, დიფ სთეითის მითითებით დაწესებულ” სანქციებზეც ლაპარაკობს და ამბობს, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება იქნება რეალურად ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, არის თუ არა “პრეზიდენტის ბრძოლა დიფ სთეითის წინააღმდეგ” რეალური.
“ბატონი ივანიშვილის მიმართ უცხოური სპეცსამსახურების, იგივე “დიპ სტეიტის“ მხრიდან პოლიტიკური დევნა 2008 წელს დაიწყო. ეს ის დროა, როდესაც წინა ხელისუფლებამ, ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები გააყალბა და ძალაუფლება მიიტაცა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი სრულად დისტანცირდა ამ პოლიტიკური ძალისგან. ეს გადაწყვეტილება კატეგორიულად მიუღებელი იყო წინა ხელისუფლების გარე პატრონებისთვის, რის გამოც მიზანმიმართულად დაიწყეს შვეიცარიაში განთავსებული ფინანსური ანგარიშების დანგრევა.
მარტივად გადაიბირეს კონკრეტული პირი, კრედიტ სუისში მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონი, რომლის ხელით გაძარცვეს ბატონი ივანიშვილის ანგარიშები, წლების შემდეგ კი ეს პიროვნება ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვნეს, ხოლო ფაქტს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს და საქმეც დაიხურა. სპეცსამსახურებმა საქმე იქამდე მიიყვანეს, რომ ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში მთლიანად ჩამოანგრიეს შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი “კრედიტ სუისი“ გაკოტრებამდე მიიყვანეს.
ჩვენ მიერ წარმოებული სამართლებრივი დავები 10 წელზე მეტია, გრძელდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქმე მისი შინაარსიდან გამომდინარე უპრეცედენტოდ მარტივია – ხელის გულზე დევს მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა. ჩვენ მოვახერხეთ და სინგაპურში წარმოებული დავა გამარჯვებით დავასრულეთ, ასევე გავიმარჯვეთ ბერმუდაზე ორი ინსტანციის სასამართლოში და ახლა, სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს გადაწყვეტილებას ამ საქმეზე.
სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში “რუსული ინტერესების“ გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე “დიპ სტეიტს“ აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები.
გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია, კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის “რუსული ინტერესი“, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესებამ იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის – “შესაძლოა, სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ“!
არის კიდევ ერთი, უფრო მეტაც ცინიკური და თეთრი ძაფით ნაკრები საქმე სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ “ჯულიუს ბაერში“. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს “რუსული ინტერესების გატარებისთვის“ ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს “დიპ სტეიტისთვისაც“ კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან.
ასეთია ძალიან მოკლე მიმოხილვა იმ პროცესების, რომელიც წლებია გრძელდება და რომელმაც ჩვენ თვალწინ შექმნა უპრეცედენტო მაგალითი ადამიანის დევნის, ძარცვისა და შანტაჟის მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა და არ იქცა სპეცსამსახურების, იგივე “დიპ სტეიტის“ მითითებების შემსრულებლად. სხვა მაგალითებს რომ თავი დავანებოთ, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირდაპირ აღიარებს, რომ წინა ადმინისტრაცია მთლიანად არაფორმალური გავლენების მქონე პირებისგან იმართებოდა, ხოლო თავად ხმალამოღებული იბრძვის ამ ძალების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციებიც სწორედ ამ არაფორმალური მმართველების მიერ არის დაწესებული და ამ მხრივ ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნება რეალურად ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, არის თუ არა პრეზიდენტის ბრძოლა “დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ რეალური.
რაც შეეხება ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებული მედიის სპეკულაციებს ლონდონში ჩანიშნული ბოლო სასამართლოს, დაყადაღებული თანხებისა და ბრიტანეთიდან მოსალოდნელი თითქოს და დამატებითი სანქციების თაობაზე, გაუგებარია, რა უხარიათ ამ გაკოტრებულ ძალებს. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება.
აქვე საზოგადოებას დარწმუნებით და სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებთ, რომ ჩვენი მხარისთვის ისიც კი უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა, რაც საჯარო სივრციდან გავიგეთ. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც “კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც “ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს (აღნიშნულ ბანკთან ბატონი ივანიშვილი მიმოწერასაც კი აღარ აწარმოებს მათი მხრიდან ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით), მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ. ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით.
ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას.” – წერია განცხადებაში.
ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავა
ივანიშვილსა და Credit Suisse-ს შორის დავა ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო, როდესაც ივანიშვილი ამ ბანკის კლიენტი იყო კერძო საბანკო მომსახურების სფეროში.
სწორედ პერიოდში ცნობილი გახდა, რომ ბანკის ერთ-ერთი მენეჯერის, პატრის ლესკოდრონის თაღლითობის შესახებ – ლესკორდონი ბანკის კონფიდენციალური ანგარიშიდან ფულს იპარავდა. მათ შორის, ივანიშვილის ანგარიშიდანაც და ასევე რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის ბიზნეს-პარტნიორის, ვიტალი მალკინის ანგარიშიდან.
შვეიცარიის მარეგულირებელმა ფირმამ, Finma-მ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც იკვეთება, რომ Credit Suisse-მა არაერთი გაფრთხილებისა და საეჭვო გარემოების მიუხედავად, არ მიიღო შესაბამისი ზომები.
ივანიშვილმა Credit Suisse-ს ბრალი დასდო იმაში, რომ მან ვერ შეძლო მისი ინვესტიციების დაცვა. ივანიშვილი ბანკისგან 800 მლნ დოლარს ითხოვდა და აცხადებდა, რომ ეს ის თანხაა, რომელიც მან ბანკის ყოფილი მენეჯერის, პატრის ლესკოდრონის მოქმედებების გამო დაკარგა.
Credit Suisse-ის სატრასტო განყოფილებამ განაცხადა, რომ ივანიშვილის მოთხოვნა გადაჭარბებულია და სასამართლოს მოსთხოვა მისი უარყოფა.
ლესკოდრონი 2018 წელს ის თაღლითობაში გაასამართლეს. სასამართლო პროცესამდე ორი წელი მან წინასწარ პატიმრობაში გაატარა. 2019 წელს გაათავისუფლეს, 2020 წლის ივლისში კი ლესკოდრონმა თავი მოიკლა. მანამდე ლესკადრონმა აღიარა, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს, მისი მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად დაზარალებული კლიენტების ზარალს იგი ფარულად ფარავდა სხვა კლიენტების ანგარიშებიდან მოპარული თანხებით.
2022 წლის მარტში გამოცემა The Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკს, Credit Suisse-ს, სასამართლო დავა მოუგო და მისგან 500 მლნ დოლარზე მეტი მიიღო (Bloomberg-ი 607 მლნ დოლარს ასახელებს).
Credit Suisse-სთან ივანიშვილის დაპირისპირების მორიგი ეტაპი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. ივანიშვილს Credit Suisse-თან სხვა რამდენიმე სასამართლო დავაც ჰქონდა. ერთი შეეხებოდა შვეიცარიული ბანკის მიერ ოპერაციების შეფერხებას, რის გამოც ივანიშვილს ფინანსური ზარალი მიადგა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბანკმა ბიზნესმენის კუთვნილი 2.7 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ანგარიში გაყინა, საფუძვლით, რომ თანხები შესაძლოა, რუსული წარმოშობისა ყოფილიყო.
2022 წლის სექტემბერში ივანიშვილმა სინგაპურში სასამართლოზე განაცხადა, რომ Credit Suisse-მა არ მიმართა შესაბამის ზომებს, რის გამოც ივანიშვილმა 1,27 მილიარდი დოლარი დაკარგა.
2023 წლის თებერვალში Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Credit Suisse Group AG -მ მილიარდერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ხანგრძლივი სასამართლო დავის ფარგლებში 210 მლნ დოლარი გადაუხადა.