უქმდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, უქმდება ანტიკორუფციული, ემიგრანტებს ხმის მიცემა ეზღუდებათ - ახალი საკანონმდებლო ინიციატივები
ახალი საკანონმდებლო ინიციატივები
საქართველოში უქმდება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია, უქმდება ანტიკორუფციული ბიუროც, ემიგრანტებს კი ხმის მიცემა ეზღუდებათ – “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას ხელისუფლების რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა გააცნო.
უწყებებთან დაკავშირებით “ოცნება” ამბობს, რომ ისინი წლების განმავლობაში არსებობდა ფრაგმენტულად ან “გარედან თავსმოხვეული” მოდელების სახით.
ცვლილებების მიღებას პარლამენტი 2025 წლის ბოლომდე გეგმავს.
“ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით გაუქმდება:
- ანტიკორუფციული ბიურო და მის უფლებებს სახელმწიფო აუდიტი შეითავსებს;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და მის უფლებებსაც სახელმწიფო აუდიტი შეითავსებს;
- იანვრიდან ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა;
- “ქართული ოცნება’ ასევე აუქმებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას.
- გარდა ამისა, “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ.
საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის შეზღუდვაზე პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება არსებითად ემყარება საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლით სახელმწიფოსთვის დადგენილ ვალდებულებას უზრუნველყოს ნების თავისუფალი გამოვლენა, რაც თავის თავში ნების გარე ჩარევისგან თავისუფლად გამოვლენასაც მოიაზრებს.
მისივე მტკიცებით, არაფერი იცვლება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლებაში და ერთადერთი პირობა არის ოთხ წელიწადში ერთხელ, “სამშობლოში ჩამოსვლა” და ხმის მიცემა საქართველოში.
“არჩევნები მსოფლიო მასშტაბით ხდება უფრო მოწყვლადი გარე ჩარევის მიმართ. სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები არჩევნებში უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით, იქნება ეს არჩევნები ამერიკის შეერთებული შტატებში თუ ევროკავშირის წევრ ქვეყანაში. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც კარგად აჩვენა, რამდენად ღია და უხეში შეიძლება იყოს ამომრჩეველზე საინფორმაციო და პოლიტიკური ზეწოლა უცხოეთიდან.
ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ზემოქმედების განსაკუთრებული რისკები არსებობს არარეზიდენტი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო იურისდიქციის და პოლიტიკური გარემოს გავლენის ქვეშ იმყოფებიან, სადაც სახელმწიფო ვერ ახორციელებს ჩარევის პრევენციას.
ამასთან, არარეზიდენტი მოქალაქეების შემთხვევაში მაღალია საინფორმაციო მანიპულირების საშუალებები. ზოგადად ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გარემოზე, საზოგადოებრივ საჭიროებებზე ადამიანი ორი წყაროდან იღებს ინფორმაციას – ერთი ეს არის მედია, საიდანაც ადამიანი ინფორმაციას გაფილტრულად, სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისი ინტერპრეტაციით იღებს, და ე.წ. გაუფილტრავი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი პირადად, საზოგადოებასთან თუ სახელმწიფოსთან ინტერაქციაში იღებს. დეზინფორმაციისა და ცრუ ნარატივების ეპოქაში ამ ორი წყაროდან მიღებული ინფორმაცია შესაძლოა რადიკალურად ურთიერთსაპირისიპირო იყო. ეს გარემოება ზრდის ქვეყანას ფიზიკურად მოწყვეტილი მოქალაქის მხრიდან არაინფორმირებული არჩევანის გაკეთების რისკს.
შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ხმის მიცემის წესის დამკვიდრება ზრდის არჩევნების მედეგობას, ამცირებს გარე მოთამაშეების გავლენას და უზრუნველყოფს უფრო ადეკვატურ, ინფორმირებულ არჩევანს”. – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნული საარჩევნო მოდელი სრუალდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და სხვა ქვეყნებშიც მოქმედებს, მაგალითად: ირლანდიაში, ისრაელში, მალტასა და სოხმეთში.
რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოლქის ადმინისტრაციის გაუქმებას, პაპუაშვილი ამბობს, რომ მისი შექმნა “გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი” იყო.
“დღევანდელი გადასახედიდან ნათელია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები იყო გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი, რომელშიც საქართველოს “შესაწირი პაიკის” როლი დაეკისრა. სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ რეგიონში ვითარების ესკალაცია გამოიწვია და საბოლოოდ ქვეყანა ომამდე მიიყვანა.
ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის წევრებმა აღნიშნული გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც უხეში ღალატი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რაც აისახა კონსტიტუციურ სარჩელშიც, რომლითაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია მუშაობს არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ “სამხრეთ ოსეთის” ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იმთავითვე იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. არავითარი “სამხრეთ ოსეთი” ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს.
შესაბამისად, მთავრობასთან კონსულტაციის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება “ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის” გაუქმების შესახებ”. – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც “კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს”.
პაპუაშვილი ამბობს, რომ “ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით, საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება”.
ანიტკორუფციულ ბიუროზე პაპუაშვილი ამბობს, რომ ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი.
“კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. პროცესში ჩართულია მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტიანობის დეპარტამენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო, პროკურატურა.
ანტიკორუფციულ ბიუროს დღეს, არსებითად, დაკისრებული აქვს თანამდებობის პირების, პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დეკლარაციების შეგროვება და მონიტორინგი.
მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად ჩამოყალიბდა საერთო ხედვა, რომ აღნიშნული ფუნქცია საჯარო მმართველობის კონსტიტუციურ ჩარჩოში უკეთ შეესაბამება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც უფრო მაღალ და უფრო დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს.
ინიციატივის შესაბამისად, 2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
იგივე მოდელით, 2026 წლის 2 მარტიდან უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
მისი ფუნქციები ასევე სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოს. როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, აუდიტის სამსახური სარგებლობს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი ხარისხით, რაც სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამ ბლოკის მესამე ინიციატივა ეხება ბიზნესომბუდსმენს, რომელიც ახალი ინსტიტუციური მოწყობის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში, რაც ბიზნესის საჭიროებებზე უფრო ოპერატიულ რეაგირებასა და პოლიტიკურ დონეზე უკეთ კოორდინაციას უზრუნველყოფს.” – განაცხადა პაპუაშვილმა.