სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ ევროპარლამენტს 2000-მდე ქართველი ჩინოვნიკისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმებისკენ მოუწოდა
გაზიარება
გაზიარება
სოციალ-დემოკრატების ინიციატივა
ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სოციალ-დემოკრატების ფრაქციის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა, ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტს მოუწოდა, 1000-დან 2000-მდე ქართველ ჩინოვნიკსა და მათ ოჯახის წევრებს უვიზო მიმოსვლის უფლება შეუჩეროს. ამორი რამდენიმე დღის წინ ფრაქციის წევრებთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა.
DW-ის ცნობით, ინიციატივა ეფუძნება ევროკავშირის ახალ მექანიზმს, რომელიც საშუალებას იძლევა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, მათ შორის – ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებში. სანჩეს ამორის თქმით, მხოლოდ ასამდე მაღალჩინოსნისთვის შეზღუდვის დაწესება “კოსმეტიკური ზომა“ იქნება.
“არა, მათ უნდა ეტკინოთ, სხვაგვარად ეს არ იმუშავებს. ახალი მექანიზმი ეფექტური უნდა იყოს, ამიტომ ზომა უნდა იყოს არსებითი.
გვინდა, ეს იდეა ევროპარლამენტიდან ევროპულ კომისიამდე მივიტანოთ: თუ ასეთი მექანიზმი უკვე გვაქვს, ის ეფექტური უნდა იყოს — ამისათვის კი სანქციების სუბიექტთა რაოდენობა მნიშვნელოვანი უნდა იყოს.“ – აღნიშნა ამორმა.
დეპუტატის თქმით, ევროპარლამენტში მისი კოლეგების უმეტესობა მსგავს ინიციატივას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს, რათა ქართულ პოლიტიკურ ელიტაში განწყობების ცვლილება გამოიწვიოს და დემოკრატიის უკუსვლა შეაჩეროს.
ამასთან, ნაჩო სანჩეს ამორმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა სხვა ავტორიტარულ რეჟიმებს შეადარა და აღნიშნა, რომ “ის, რაც სხვა ქვეყნებში ათწლეულის განმავლობაში გრძელდებოდა, აქ სულ რაღაც 2.5 წელიწადში მოხდა”.
გარდა ამისა, ამორმა ასევე გააკრიტიკა მმართველი პარტიის კონტროლი მედიაზე, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლა და მოუწოდა ევროკომისიას აქტიურად გამოიყენოს ევროკავშირის თანხებთან დაკავშირებული პირობითობის მექანიზმი.
7 ოქტომბერს ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ წესებს, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესს გაამარტივებს. ახალ მექანიზმს მხარი 518-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე 96 იყო, ხოლო ხმის მიცემისგან თავი 24-მა დეპუტატმა შეიკავა.
საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს დაემატება:
ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს;
ქვეყნის უვიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაკლებობა.
გაუმჯობესებული მექანიზმი ასევე მოიცავს კიდევ ერთ ცვლილებას, რომელიც კონკრეტულად საქართველოს მიემართება და გულისხმობს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას მხოლოდ იმ თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ფუნდამენტური უფლებებისა და საგარეო ურთიერთობების ვალდებულებების დარღვევაზე.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ევროპელი დიპლომატები ამბობენ, რომ განახლებული წესების მიღება, ნაწილობრივ, საქართველოს გამო ხდება.