ახალი ცვლილებები: გზის ნიღბით გადაკეტვის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე
გაზიარება
გაზიარება
რეპრესიული კანონმდებლობა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში ახალი რეპრესიული ცვლილებები შევა: შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
“ქართული ოცნების” უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას თქმით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა ერთ წლამდე, ხოლო რეციდივის შემთხვევაში თავისუფლების აღკვეთა ორ წლამდე ვადით. ამასთანავე არ იქნება გამოყენებული სხვა სახის სასჯელი.
მუხლი, რის საფუძველზეც პოლიცია აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციული წესით ხშირად აკავებდა, მესამე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულის იქნება. საუბარია პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლზე – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი.
დღეს მოქმედი ნორმით:
პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა − ჯარიმდება 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება – იწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ამ ორი ნაწილის განმეორებით ჩადენა იწვევს დაჯარიმებას 3 500 ლარიდან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.
რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს – „ოცნების” ახალი კანონპროექტით, განმეორების შემდეგ კიდევ ერთხელ აქ ჩამოთვლილი ნაწილების დარღვევა უკვე სისხლის სამართლის დანაშაული იქნება და:
დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;
ჩადენილი არაერთგზის − დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.