"ვიღაცას მაჯა მოსტეხეო". საქართველოში მორიგი ოპოზიციონერი აქტივისტი, აფხაზეთიდან დევნილი გელა ხასაია დააკავეს. რა ვიცით ამ საქმეზე
გელა ხასაიას საქმე
საქართველოში, სისხლის სამართლის ბრალდებით, კიდევ ერთი ოპოზიციონერი, პოლიტიკური პარტიის, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ („კოალიცია ცვლილებისთვის“) წევრი, აქტივისტი გელა ხასაია დააკავეს. მას ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებიან – ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, აქტივისტს 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
1 ოქტომბერს, გვიან საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა შამათავამ გელა ხასაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს ეზოში ხმაური მოჰყვა. მანდატურის სამსახურმა სასამართლო პროცესზე დამსწრე გელა ხასიას მეგობრები შენობიდან ძალის გამოყენებით გამოაძევა. მათზე ფიზიკურად იძალადეს. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. შენობიდან გამოყარეს ჟურნალისტებიც.
გელა ხასაია აფხაზეთიდან, გალიდანაა. თბილისში ის 2017 წლიდან ცხოვრობს. ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრი და ქვეყანაში მიმდინარე პროტესტების აქტიური მონაწილეა. გელა ხასაია საპროტესტო აქციებზე არაერთხელ გახდა თავდასხმის მსხვერპლი. იყო დაკავებულიც, ადმინისტრაციული მუხლით.
დანაშაული, რომელსაც აქტივისტს ედავებიან, 1 სექტემბერს მოხდა. თუმცა, ხასაია თითქმის ერთი თვის შემდეგ, 29 სექტემბერს დააკავეს. რეალურად კი, დაკავებული და მისი ადვოკატი ჰყვებიან, რომ საქმე, რომლის გამოც ხასაია ციხეში ჩასვეს, თავიდან ბოლომდე ინსცენირებულია. მიზეზი – ჩამოაშორონ აქტივისტი საპროტესტო მოძრაობას, რომელიც 4 ოქტომბერს მასშტაბური აქციისთვის ემზადება.
ხასაია დიდი ხანია სამართალდამცველების სამიზნე იყო.
რა ვიცით ამ საქმეზე?
დაკავება
გელა ხასაია 29 სექტემბერს, გვიან ღამით დააკავეს. მისი დაკავების შესახებ მეგობრებმა და თანაპარტიელებმა შემთხვევით შეიტყვეს.
“აქციიდან სახლისკენ ერთად წავედით, ვთხოვე, რომ მიხვალ, მომწერე-თქო. სამეგობროს ეგ ტრადიცია გვაქვს – სანამ ბოლო ჩვენგანი არ მივა სახლში, არ ვიძინებთ. რაღაც დრო რომ გავიდა და არ შემეხმიანა, დავეჭვდი, მაგრამ რომ ვურეკავდი, ზარი გადიოდა. ცოტახნის შემდეგ ტელეფონი გაითიშა. მანდ უკვე საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ პოლიცია აედევნა. მოგვიანებით, გამომძიებელმა დამირეკა, რომ გელა დაკავებულია, აქა და აქ გადაგვყავსო“, – დაწერა სოციალურ ქსელში გელა ხასაიას მეგობრმა, პარტიის “გირჩი – მეტი თავისუფლება” პიარმა ანა ყურაშვილმა.
ის ღამე გელას მეგობრებმა იზოლატორთან გაატარეს. მთელი ღამე ცდილობდნენ გაერკვიათ, რატომ დააკავეს მათი მეგობარი.
დილით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლიდანაც ირკვეოდა, რომ გელა ხასაიასთან ერთად კიდევ ერთი პირია დაკავებული. მათ ჯგუფურად ჩადენილ დანაშაულს ედავებოდნენ. განცხადებაში ეწერა, რომ თითქოს მათ 1 სექტემბერს, თბილისში, თამარ მეფის გამზირის მიმდებარედ, ვიღაცაზე იძალადეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებულს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
გელა ხასაიას წინააღმდეგ ძიება თავდაპირველად ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით დაიწყო. (სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი). ეს დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობით ისჯება.
1 სექტემბერს პროკურატურამ აქტივისტს ბრალი დაუმძიმა. უწყების განცხადებაში წერია, რომ გელა ხასაიას ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას ედავებიან. (სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილი). ამ დანაშაულისთვის სასჯელი 4-დან 6 წლამდე პატიმრობაა.
სასამართლო პროცესზე გელა ხასაიამ მისი დაკავების პროცესი ასე აღწერა:
“აქციიდან წამოვედი სახლისკენ და როგორც კი ჩემი ქუჩისკენ ავუხვიე, ჩემ ირგვლივ 10-მდე ადამიანი გაჩნდა. ხელი ჩამავლეს და მობილურის წართმევას ცდილობდნენ. არ მინდოდა, ჩემი პირადი ინფორმაცია ჰქონოდათ. ტელეფონის დაბლოკვა მოვასწარი. არ უთქვამთ, ვინ იყვნენ და მანქანაში ჩამტენეს”.
მან გაიხსენა, რომ დამკავებელთა შორის ერთი მისი ნაცნობი პოლიციელი იყო, რომელიც ხშირად უნახავს აქციებზე: “მთელი გზა მიმეორებდა, ვიცი რაც დააშავეო, დაგპირდი და დაგიჭირეო“.
“იზოლატორში ორჯერ გამაშიშვლეს”
გელა ხასაიას მონათხრობის მიხედვით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ის აღმაშენებლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს:
„ორჯერ გამჩხრიკეს. გაჩხრეკაში ვგულისხმობ მთლიანად გაშიშვლებას. პირველად მეგონა, რომ დასრულდა, თუმცა 20 წუთში კვლავ გამაშიშვლეს“.
მან თქვა, რომ პოლიტიკურ პატიმარ ჟურნალისტ ქალს, მზია ამაღლობელს უხსენებდნენ ხშირად. ასევე, საბა სხვიტარიძეს (მის თანაპარტიელს, სინდისის პატიმარს): “მეუბნებოდნენ, ძმაკაცები მოძალადეები ხართო”.
მისი ადვოკატის ომარ ფურცელაძის განმარტებით, გელა ხასაიას გაშიშვლებაში 30 პოლიციელი მონაწილეობდა. პარალელურად, მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ.
20 წუთში ისევ გაიმეორეს იგივე.
„უკანასკნელ პოლიტიკურ ოპონენტსაც კი არ ვუსურვებ იმას, რაც იქ ხდებოდა. ეს არ იყო ჯანმრთელი მოქმედება”, – უთხრა დაკავებულმა ადვოკატს.
რისთვის დააკავეს აქტივისტი
გელა ხასიას დაკავებისთანავე ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ თქვა, რომ რაღაც კონფლიქტი შსს-ს მიერ დასახელებულ ტერიტორიაზე, 1 სექტემბერს, ნამდვილად მოხდა. გელა ხასაია ამ კონფლიქტს შეესწრო, თუმცა, მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
„ნანუკას ფონდის“ დამფუძნებელმა, აქტივისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა, გელა ხასაიას დაკავებისას სოციალურ ქსელში გამოქვეყნა ვერსია, რომლის თანახმადაც, პირველ სექტემბერს გელა ხასაიას სახლისკენ მიმავალ გზაზე შეხვდა სამი უცხო პიროვნება. ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ ისინი მას გაეცნენ, როგორც მხარდამჭერები და გულშემატკივრები. გამოლაპარაკების შემდეგ კი სთხოვეს მათთვის ლუდი ეყიდა:
„გელამ მათ ლუდი უყიდა. ამ სამმა უცხო პიროვნებამ ერთმანეთში დაიწყო ჩხუბი. გელას არც კი უკამათია. მას შემდეგ, რაც ეს ბიჭები ერთმანეთის სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადავიდნენ, გელამ გადაწყვიტა ვითარებას გარიდებოდა და მშვიდად დატოვა ტერიტორია“, – წერს ჟორჟოლიანი.
30 სექტემბერს, აქტივისტის დაკავების მეორე დილას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ გელა ხასაიას თანმხლებმა პირმა ინციდენტის დროს დაზარალებული პირის ცემა დაადასტურა. უწყებამ თქვა, რომ დაზარალებული გელა ხასაიაზე სექსუალურ ძალადობას ცდილობდა, რასაც ხასაიას მხრიდან აგრესია მოჰყვა.
სასამართლოში, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას, პროკურორმა წაიკითხა ბრალდების შინაარსი, რომლის მიხედვითაც, გელა ხასაიამ და კიდევ ერთმა პირმა, ვასილ ქერდიყოშვილმა, იძალადეს დაზარალებულზე, ურტყეს ფეხები, რა დროსაც ამ უკანასკნელს მაჯა მოტყდა.
ადვოკატის განმარტება
გელა ხასაიას ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ გელა ხასაია მეორე დაკავებულს, ვისთანაც ერთადაც მას ჯგუფური დანაშაულის ჩადენას ედავებიან, არ იცნობს. მისი სახელი და გვარი მხოლოდ საქმის მასალებიდან შეიტყვეს.
მისივე განმარტებით, ამ საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებები არ არსებობს, არც რაიმე ვიდეომასალა, არც თვითმხილველი, მხოლოდ და მხოლოდ, ე.წ. დაზარალებულის ჩვენებები:
„მოკლე დროში საქმის მასალების სრულად გაცნობის საშუალება არ გვქონია. მაგრამ გადახედვით და მტკიცებულებების ნუსხის გაცნობით ვნახეთ, რომ არავითარი ნეიტრალური მტკიცებულება, როგორიცაა კამერის ჩანაწერი, როგორიცაა სხვა რიამე ისეთი ინფორმაციის მატარებელი, საქმეში არ დევს ამ ეტაპისთვის. საქმეში არის მხოლოდ და მხოლოდ ამ პირების [დაზარალებულების] ჩვენებები“.
ადვოკატის განმარტებით, გელა ხასაიას მიმართ წარდეგნილი ბრალდება თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. მან თქვა, რომ თავად აქტივისტიც ასე აღიქვამს ამ საქმეს.
„გელა თვეების და წლების განმავლობაში იღებდა სხვადასხვა დროს მუქარას, რომ მისი სოციალური, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივიზმის მიზეზით მას დააკავებდნენ და ძალიან დიდ დროს გაატარებდა ციხეში. მათ შორის, დაკავების შემდგომაც გელას უთხრეს, რომ დაპირება შეუსრულეს და აკავებდნენ ამიტომ სისხლის სამართლის წესით“, – ამბობს ადვოკატი
რა ვიცით გელა ხასაიაზე

“მე კარგად ვარ. თუ ამათი მიზანი შეშინებაა, ერთადერთი რისიც მეშინია – ქვეყნის დაკარგვაა”, – ასეთი მოკლე გზავნილი გამოგზავნა იზოლატორიდან გელა ხასიაიამ დაკავებისთანავე.
გელა ხასაია აფხაზეთიდანაა. გალში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დასრულების შემდეგ სწავლა სოხუმის უნივერსიტეტში გააგრძელა. 2017 წელს გალის და ოჯახის დატოვება მოუხდა.
დევნილობამდე მან სოხუმში, ერთ მიტოვებულ სახლზე ასეთი წარწერა დატოვა, – „აქ შეგხვდები“.

აქტივისტის ოჯახის წევრები – მშობლები და ძმა, დღემდე გალში ცხოვრობენ და ოკუპირებული რეგიონიდან გამოსვლას რამდენიმე წელიწადში ერთხელ ახერხებენ.
შუშანა მაცაბერიძე, გელა ხასაიას მეგობარი, „ბათუმელებთან“ ჰყვება, რომ ოჯახისგან და მშობლიური ქალაქისგან შორს მყოფი გელა, თვეებია რუსულ რეჟიმს თბილისში ებრძვის.
„გელა, სოხუმის უნივერსიტეტში სწავლის დროსაც ძალიან აქტიური იყო და ყველგან ხმამაღლა ამბობდა, რომ „აფხაზეთი საქართველოა. მათ შორის კურსელებთანაც. მუშაობდა გიდად და აფხაზეთში ჩასულ ტურისტებს უყვებოდა რუსული ოკუპაციის შესახებ. იმაზე, რომ აფხაზეთი არის საქართველო და ოკუპირებული აქვს რუსეთს. ყოველთვის უყვებოდა რეალურ ისტორიას, რის შემდეგაც დე ფაქტო ხელისუფლებამ გელა ხასაიას დევნა დაიწყო. მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყეს ღალატის მუხლით, ამიტომ იძულებული იყო დაეტოვებინა საკუთარი სახლი“, – ჰყვება შუშანა.
გელა ხასაია იმ ოპოზიციური კოალიციის წევრია, რომლის ყველა ლიდერი უკვე ციხეშია – ელენე ხოშტარია, ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა გვარამია და ნიკა მელია. ოთხივე მათგანს აბსურდული ბრალდება აქვს.
სამ ოპოზიციონერს ციხე „ქართული ოცნების“ არალეგიტიმური პარლამენტის არაღიარებულ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მიუსაჯეს (ეს კომისია იმისთვის შექმნეს, რომ წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულები გამოეძია). ელენე ხოშტარია კი დააკავეს იმისათვის, რომ თბილისის მერობის კანდიდატის, მოქმედი მერის, კახი კალაძის საარჩევნო ბანერზე სიტყვები „რუსი“ და „რუსული ოცნება“ მიაწერა.
ციხეშია ამ კოალიციის კიდევ ერთი წევრი, საბა სხვიტარიძე. ის ერთ-ერთია პროევროპულ აქციებზე დაკავებულ 60-ზე მეტს ადამიანს შორის. ის მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) პირველი ნაწილით ცნო დამნაშავედ და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„კი არ გვეზარება ან გვეშინია, მარა ვინმე დაგვიტოვეთ გარეთ, ქოცებო, რა ვიცი, ამბის მომტანი რომ გვყავდეს მაინც“, – ასეთი პოსტი გამოქვეყნდა, კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას სახელით, გელა ხასაიას დაკავებისას სოციალურ ქსელში.
გელა ხასაიას საქმის განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო ნოემბრის ბოლოს დაიწყებს.
გელა ხასაიას საქმე