ციხე, ემიგრაცია, საავადმყოფო - როგორ ანადგურებს ივანიშვილი საკუთარ გარემოცვას
განხეთქილება ქართულ ოცნებაში
საქართველოსთვის აქამდე უპრეცედენტო რაოდენობის პოლიტიკური პატიმრებისა და ღრმა პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, „ქართული ოცნების“ არაფორმალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ერთი დროს ყველაზე ახლო მოკავშირეებს მიუტრიალდა – ციხე, ემიგრაცია და გაურკვეველი „შემთხვევები“ ახლა ივანიშვილის ყოფილი ახლო გარემოცვის თანმდევი ბედი გახდა.
ოლიგარქის ყოფილი თანამებრძოლები დღეს მის პირად მტრებად არიან ქცეულნი. ზოგი კორუფციის ბრალდებითაა დაკავებული, სხვები ქვეყნიდან გაქცეულები, ნაწილი – დაკავების და რეპრესიების მოლოდინში.
ამ ფონზე, საზოგადოებაში გაჩნდა სპეკულაციები, რომ შემდეგი დაკავებული, შესაძლოა, ივანიშვილის მთავარი პროტეჟე, მასთან ყველაზე დაახლოებული პირი – ორგზის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იყოს.
ამ სტატიში ვიხსენებთ მათ, ვინც ერთ დროს ივანიშვილის გვერდით იდგა, ახლა კი მისი მტრების სიაშია.
მარჯვენა ხელიდან „პირად ტყვემდე“
პირადი მტრობის სიაში ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა, უდავოდ, გიორგი ბაჩიაშვილია.
ოლიგარქის ნდობით აღჭურვილი უახლოესი კაცის, მისი ფინანსების მეთვალყურის ექსტრაორდინალურმა დაპატიმრებამ მსოფლიო პრესის ყურადღებაც კი მიიქცია.

40 წლის ბაჩიაშვილი 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ივანიშვილის სიმდიდრეს განაგებდა.
დღეს კი ის გლდანის ციხის პატიმარია.
ბაჩიაშვილი 11 წლით ჩასვეს ციხეში ივანიშვილისთვის 42 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის მოპარვის ბრალდებით.
ივანიშვილის პირადი ბანკირის მტკიცებით, სინამდვილეში მას ყოფილი უფროსი სჯის იმისთვის, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა ხმამაღლა გააკრიტიკა. მისივე თქმით, ივანიშვილს, რომელიც ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აბრუნებს, ბაჩიაშვილი დასავლეთის ჯაშუში ჰგონია.
საქმის წარმოების შუა პროცესში, გიორგი ბაჩიაშვილმა მოახერხა და საქართველო მალულად დატოვა მანქანის უკანა სავარძელსა და საბარგულს შორის სპეციალურად მოწყობილი სამალავით. ბაჩიაშვილმა, რომელიც რუსეთის პასპორტს ფლობს სომხეთის საზღვარი გადაკვეთა და იქედან არაბეთის გაართიანებულ საამიროებში ჩავიდა.
თუმცა, გაქცევა ხანმოკლე აღმოჩნდა.
მარტში მიმალული ბაჩიაშვილი მაისში საქართველოს საზღვართან, მწვანე ზონაში დააკავეს. ოფიციალური ინფორმაციით, გამოძიებამ მას ანონიმურ შეტყობინებაზე დაყრდნობით მიაგნო.
თუმცა, თავად ბაჩიაშვილი განსხვავებულ ამბავს ჰყვება. მისი მტკიცებით, აბუ დაბიში, არაბეთის გაერთიანებული საამიროებში სამალავში იმყოფებოდა, როცა მიაკითხეს კაცებმა, რომლებიც ინტერპოლის წარმომადგენლებად წარუდგნენ. ბაჩიაშვილის თქმით, მათ თავზე ტომარა გადააცვეს და თბილისში ქვეყნის ეროვნული ავიახაზების „აირზენას“ ჩარტერული რეისით დააბრუნეს.

ამ ისტორიის პარალელურად, უჩვეულოდ დათბა ურთიერთობა საქართველოსა და საამიროებს შორის. თბილისმა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა აბუ დაბის კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა. სულ ახლახან კი ბიძინა ივანიშვილმა პირადად მიიღო თბილისში ვიზიტით მყოფი საამიროების პრეზიდენტი საჯარო ღონისძიებაზე. ივანიშვილი ქვეყანას ჩრდილიდან მართავს, ამიტომ პირველი პირების კამერების წინ მიღება არ სჩვევია. საამიროების პრეზიდენტი გამონაკლისი იყო.
დაკავებამდე, მიმალვაში მყოფმა ბაჩიაშვილმა ბრიტანულ გამოცემა „გარდიანს“ მისცა ვრცელი ინტერვიუ და ილაპარაკა ივანიშვილის იმ მხარეებზე, რასაც მხოლოდ მისი ახლო წრე ხედავს.
ინტერვიუში ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის რეზიდენციის ყველაზე ხშირი სტუმარი იყო და ამ სტუმრობების დროს ხშირად შესწრებია ოლიგარქის შეხვედრებს პრემიერ-მინისტრებთან, მოსამართლეებთან თუ გენერალურ პროკურორთან.
“ზოგჯერ უყვიროდა, ზოგჯერ უსარგებლოებს ეძახდა. სულთნისა და მსახურების ურთიერთობას ჰგავდა“, – ამბობს ის.
ბაჩიაშვილის საქმემ 29 სექტემბერს ახალი განვითარება მიიღო – საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში დახმარების ბრალდებით, ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათთვის წარდგენილი მუხლები სასჯელის ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბაჩიაშვილის საქმე, როგორ აღმოჩნდა, მხოლოდ დასაწყისი იყო – “ოცნება” აგრძელებს საკუთარი “შვილების” დევნას.
მაღალი თანამდებობიდან საპატიმრომდე
პოლიტიკური კომენტატორები აღნიშნავენ, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მოულოდნელი დაკავებები ივანიშვილის პარტიაში შიდა დაპირსპირებაზე მიუთითებს.
დაკავებულები, ძირითადად, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის პროტეჟეები და მისი გუნდის წევრები არიან.
ივნისში მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. მას 12-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
ერთი მეორის მიყოლებით დააკავეს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მისი ცოლისძმა, ვასილ მხეიძე, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავა, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ვლადიმერ ღუდუშაური. მათ 1,3 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავებიან. ბურჭულაძე, ისევე როგორც მიქაუტაძე, ღარიბაშვილის კადრია.
ძებნაა გამოცხადებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, ქვეყანაში ერთ დროს ყველაზე ძლევამოსილი ჩინოვნიკის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავზე, ბიჭიკო პაიკიძეზე. მას გამოძიება ასევე საბიუჯეტო თანხის უკანონო დაუფლებას და გადასახადების დამალვას ედავება.
ყველა დაკავება კორუფციულ სკანდალს უკავშირდება. და ყველა საქმეში მოპარულ მილიონობით ლარზეა საუბარი.
ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციაში შესაძლო მონაწილეობის შესახებ საჯარო მინიშნება „ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც გააკეთა ჯერ კიდევ ივნისში. მან თქვა, რომ არსებობს კითხვები ყოფილი მაღალჩინოსნები სავარაუდო კორუფციულ გარიგებებზე.
მაშინ ყოფილი პრემიერი ღარიბაშვილი, სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი და ყოფილი შს მინისტრი ათწლიანი სტაჟით, ვახტანგ გომელაური კორუფციულ სკანდალს გადაურჩნენ. ანტიკორუფციულმა ბიურომ მათი დეკლარაციები კი შეისწავლა, თუმცა თქვა, რომ კორუფციის ნიშნები ვერ აღმოაჩინა.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ “ოცნებამ” ექს მაღალჩინოსნების მხილება უბრალოდ გადადო და ამისთვის ხელსაყრელ დროს ელოდება, ისევე როგორც ეს რომეო მიქაუტაძის შემთხვევაში მოხდა.
მართლაც, ბევრი ეს კორუფციული ფაქტი, რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის მიქაუტაძის ამბავი, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დიდი ხნით ადრე გამოააშკარავეს, თუმცა მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნულ ჩინოვნიკებს ხელს აფარებდა.
ანტიკორუფციულმა ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მიქაუტაძის კორუფციულ გარიგებებზე 2023 წლიდან იცოდა, თუმცა რეაგირება ამ საქმეზე ორი წლის შემდეგ მოხდა.
ყოფილი მაღალჩინოსნების დევნით, როგორც პოლიტიკური კომენტატორები აღნიშნავენ, “ქართული ოცნება” ცდილობს რამდენიმე კურდღელი ერთად დაიჭიროს – ჩამოიშოროს და დასაჯოს ყოფილი თანაგუნდელები, რომლებიც “ოცნებას” დღევანდელ მოცემულობაში აღარ სჭირდება, უკან “დააბრუნებინოს” მათ ერთ დროს ხელისუფლებაში ყოფნის დროს “გაკეთებული” ფული და ასევე, წინასაარჩევნოდ [საქართველოში 4 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნებია], მიამიტ ამომრჩეველს თავი კორუფციასთან მებრძოლ ხელისუფლებად მოაჩვენოს.
“სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს აგრესიული რეკეტი. სახელმწიფო სტრუქტურები ასე ღიად, გარყვნილი სახით იყოს გამოყენებული, რუსეთშიც კი არ გამიგია“, – ეუბნება „ინტერპრესნიუსს“ ბიძინა ივანიშვილის ყოყილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და ამატებს: „გადაწყვიტეს სალარო შეავსონ. ეს ხალხი ბიძინამ ჯერ საძოვარზე მიუშვა, რადგან კორუფცია არის ამ სისტემის მდგრადობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება, თავის ფულს ხომ არ გადაიხდის ეს ხალხი?! მიუშვა საძოვარზე, კარგად გამოძღნენ, ახლა დაიწყო მათი „პარსვა“.
რიჟვაძის საქმე
ოფიციალურად ბრალი არ წარდგენია, თუმცა საზოგადოებაში სპეკულირებენ, რომ სწორედ კორუფციულ სკანდალს შეეწირა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.
რიჟვაძემ, აჭარის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარემ, 2025 წელს დატოვა თანამდებობა, რომელსაც 2018 წლიდან იკავებდა.

ამ ამბიდან მალევე რიჟვაძე გულ-მკერდის არეში იარაღის ჭრილობით, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციის მტკიცებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. ხელისუფლებასთან აფილირებულმა მედიამ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც მათივე მტკიცებით, რიჟვაძემ დაწერა.
წერილში ნახსენებია, რომ მას აბრალებენ კორუფციას. თუმცა, ასევე წერია, რომ აქვს „ბატონი ბიძინას და პრემიერის იმედი”, რომ დაიცავენ მის ოჯახს.
რიჟვაძე თავს უკეთ გრძნობს, თუმცა ამ ბევრი კითხვის ნიშნით მოცული ინცინდენტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა.
კვალი ღარიბაშვილთან მიდის?
ყველა ზემოთჩამოთვლილი ჩინოვნიკი, რომელთა წინააღმდეგ დღეს კორუფციის გამო საქმეებია აღძრული, ასევე თორნიკე რიჟვაძეც, ღარიბაშვილის პროტეჟეებად ითვლებოდნენ.
ხელისუფლების ოპონენტებში გავრცელებულია აზრი, რომ ღარიბაშვილი, შესაძლოა შემდეგი იყოს საბრალდებო სკამზე.

ორგზის პრემიერ-მინისტრი პირველად გადადგა 2015 წელს, კორუფციული სკანდალების ფონზე. „დროული“ წასვლის გამო, ივანიშვილის ქებაც დაიმსახურა. თუმცა მაშინ ივანიშვილი ნეპოტიზმზეც საუბრობდა.
მეორედ ღარიბაშვილმა პრემიერ მინისტრის პოსტი დატოვა 2024 წელს ცოტა ხნის შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, მისივე განცხადებით, მათ შორის, გუნდის კორუფციული ცდუნებისგან დასაცავად.
„მაგარი კაციდან“ ემიგრაციამდე
13-წლიანი მმართველობის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრი შვიდჯერ გამოიცვალა. არავინ მალავს, რომ ივანიშვილი პირადად არჩევს ქვეყნის პირველ პირებს.
ყველაზე მოკლევადიანი პრემიერ-მინისტრის სახელი საქართველოში ბევრს არ ახსოვს. მამუკა ბახტაძემ, რომელიც თანამდებობას მხოლოდ 14 თვით იკავებდა, თავი თუ ვინმეს დაამახსოვრა, მხოლოდ იმით, რომ გადადგომის დღეს 3994 სიტვიანი ფეისბუკ-პოსტი დაწერა და ქვეყენას ე.წ. „სტრატეგიული განვითარების ჩარჩო“ დაუტოვა, რომელიც მისი გადადგომის შემდეგ არც არავის გახსენებია.
გიორგი კვირიკაშვილი პრემიერობიდან სკანდალის გარეშე გადადგა, თუმცა აშკარად იმედი გაუცრუა ივანიშვილს – კვირიკაშვილის სახელის ხსენება მისი გადადგომის შემდეგ ფაქტობრივად აიკრძალა გუნდის შიგნით. დღეს კვირიკაშვილი კერძო ბიზნესშია და მხოლოდ დროდადრო თუ გააკეთებს გაუბედავ განცხადებებს.
ყველაზე დრამატული გაყრა გიორგი გახარიას სახელს უკავშირდება.
„მაგარი კაცია”, – ამბობდა ივანიშვილი გახარიაზე 2019 წლის სექტემბერში. „ღირსეულად დაიმსახურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენა“.
დღეს კი ის ოლიგარქისთვის „მოუშუშებელი ჭრილობა“ და „გარეწარია“, რომელსაც იშვიათ სატელევიზიო ინტერვიუებში გასამართლებით დაემუქრა.
გახარიამ პრემიერ მინისტრის პოსტი 2021 წელს დატოვა. მიზეზად მან დაასახელა ის, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ივანიშვილისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

მოგვიანებით გახარიამ გადადგომის მიზეზად ივანიშვილის არაფორმალური პოლიტიკური ჩარევა დაასახელა:
„ადამიანი, რომელიც ქვეყანას და გუნდს დაჰპირდა, რომ სრულად და სამუდამოდ მიდიოდა პოლიტიკიდან, სრულად შემოვიდა პროცესში და მართა პროცესი ისე, რომ თითოეული თქვენგანის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა“, – განაცხადა გახარიამ საპარლამენტო კომისიაზე.
„ოცნების“ რიგების დატოვების შემდეგ, გიორგი გახარიამ პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა და მაშინვე გახდა „ქართული ოცნების“ განსაკუთრებული თავდასხმების სამიზნე. ყოფილი თანაპარტიელები, რომლებიც მას აქებდნენ, ახლა „კოკაინშიკს“ უწოდებდნენ.

დღეს ყოფილი პრემიერი გერმანიაშია და უახლოეს მომავალში საქართველოში დაბრუნებას არ აპირებს, რადგან არაა გამორიცხული, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
„ოცნებას“ ნამდვილად არ ჩავბარდები… თუ მე აქ ვარ ეფექტური – აქ ვიბრძოლებ… თუ ციხეში ვარ ეფექტური – ციხეში ვიბრძოლებ, რა პრობლემაა. ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ“, – ამბობს გიორგი გახარია.
ერთი კაცის პარტია
ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ 13 წლის წინ პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ გაერთიანებული მრავალფეროვანი პარტიებისა და იდეოლოგიების კოალიციად შემოვიდა.
დღევანდელ ხელისუფლებაში ძველი სახეებიდან თითქმის აღარავინ შემორჩა. კოალიცია “ქართული ოცნების” იმდროინდელი სუბიექტები ან განიდევნენ ან გაქრნენ ან “ოცნების” ოპონენტებად გარდაიქმნენ.
ლიდერების გარდა, სრულად შეცვლილია მთლიანად გუნდიც, რომლითაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში.
2024 წლის საარჩევნო სიაში მხოლოდ 10-მდე გვარი მეორდება 2012 წლის სიიდან. მათ შორის არიან თეა წულუკიანი, გიორგი ვოლსკი და ირაკლი ღარიბაშვილი.
“ოცნების” ეპოქის პრეზიდენტებიც კი (გიორგი მარგველაშვილი და სალომე ზურაბიშვილი), რომელთა კანდიდატურებიც ამ პოსტზე ივანიშვილმა თავად შეარჩია, ოლიგარქმა მალევე აითვალისწუნა არასაკმარისი მორჩილების გამო.
დღეს ისინი ივანიშვილის მწვავე კრიტიკოსები არიან.
სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად ასარჩევად ივანიშვილს პიროვნული რესურსის გამოყენება და ფორმალურად პოლიტიკაში შემობრუნდა დასჭირდა, რათა ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში მიეღო მონაწილეობა.

მისი დახმარებით, ზურაბიშვილმა პატარა უპირატესობით მოიპოვა გამარჯვება 2018 წლის არჩევნებზე. დღეს იგი მმართველი პარტიის ერთ-ერთი მწვავე და შეურიგებელი ოპონენტია.
მეხუთე პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის გზები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გაიყარა, როდესაც „ოცნების“ წევრებმა ანტი-დასავლური რიტორიკა გააძლიერეს. კონფლიქტი იქამდე მივიდა, რომ მმართველი პარტიის წევრებმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტიც კი სცადეს.
„ქართული ოცნება“ არის ერთი ადამიანი. „ქართული ოცნება“, როგორც პარტია არ არსებობს. მას [ივანიშვილს] შეუძლია ყველა გაყაროს სახლში…“ – ამბობს ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „ფორმულასთან“ და ამატებს: „ეს არის სექტა ერთგვარი, მონოთეისტური, სადაც „ქართული ოცნება“ განსხეულებულია ერთ ადამიანში“.
longread