“ჟურნალისტი და მედიის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის სახე გახდა.” – წერია ნორვეგიული ორგანიზაციის, The Fritt Ord Foundation-ის საიტზე.
ჯილდოს წლევანდელი ლაურატები ასევე არიან: Gwara Media (უკრაინა), Direkt98 (უნგრეთი), რუსი დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ალექსანდრა ასტახოვა, ბელარუსის საგამოძიებო ცენტრი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ნარგიზ აბსალამოვა.
“Free Media Awards” ნორვეგიული The Fritt Ord Foundation-ის და გერმანული ZEIT STIFTUNG BUCERIUS-ის საერთო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა ჟურნალისტებსა და მედიებს დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის გაძლიერებისთვის.
გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა ბრალი გადაუკვალიფიცირა და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
განაჩენის გამოცხადების დღეს, მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა – სისხლის სამართლის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, – პოლიციელიისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
სანქცირებულ მოსამართლე ნინო სახელაშვილს განაჩენის გამოსაცხადებლად მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდა.