"დახმარებას მოხალისეობრივად გავაგრძელებთ" - კავშირი "საფარი" არასამთავრობოების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საფარის განცხადება არასამთავრობოების დაყადაღებაზე
“საფარის” განცხადება არასამთავრობოების დაყადაღებაზე
ქალთა უფლებების დაცმველი კავშირი “საფარი“ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “საფარის“ ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.
“საფარი“ მოუწოდებს მმართველ პარტიას, ანგარიშებს დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს “რუსული რეპრესიები” საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. მათივე თქმით, ორგანიზაცია მოქალაქეების დახმარებას მოხალისეობრივად გააგრძელებს.
ამასთან, ორგანიზაცია პირობას დებს, რომ განაგრძობს ბრძოლას სიმართლისა და სამართლიანობისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე.
“საფარის” განცხადება
“27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, “საფარის“ საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. “საფარი“ 24 წელია მუშაობს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის, გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და თანასწორობის ხელშეწყობის მიმართულებით.
ჩვენ ვამაყობთ, რომ ათასობით ქალს და ბავშვს დავეხმარეთ ამ წლების განმავლობაში, დავეხმარეთ მათ ძალადობის შეჩერებაში, სამართლიანობის აღდგენაში და ზოგადად გადარჩენაში. ჩვენი საქმიანობა ყოველთვის მიზნად ისახავდა ქალების გაძლიერებას სოციალურად, ეკონომიკურად, პოლიტიკურად. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს “საფარის“ ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად, სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია.
არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩვენს წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს რუსული სტილის რეპრესიების გაძლიერებას ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, რაც მიზნად ისახავს კრიტიკული ხმების ჩახშობას და სამოქალაქო საზოგადოების განადგურებას. დღეს საფრთხის ქვეშ დგას ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და თითოეული იმ ადამიანის უსაფრთხოება, ვინც იცავს თავისუფლებას და სამართლიანობას, ვინც იცავს საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას.
ვაცხადებთ, რომ “საფარი“ განაგრძობს ბრძოლას სიმართლისა და სამართლიანობისთვის როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას“ დაუყოვნებლივ მოხსნას ყადაღა და შეწყვიტოს რუსული რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოეხმაუროს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებულ უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოში.
მივმართავთ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბავშვებს, დაგვიკავშირდით, თუ ჩვენი დახმარება გჭირდებათ თქვენი უფლებების, ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადასარჩენად. ჩვენ მოხალისეობრივად გავაგრძელებთ თქვენ დახმარებას მანამ, სანამ შევძლებთ, რადგან საფარი არის თანასწორობის იდეისთვის და ადამიანების ღირსების დასაცავად შეკრებილი გუნდი, რომელიც შედგება თავისუფლების მოყვარე პატრიოტი მოქალაქეებისაგან“, – აღნიშნულია კავშირი “საფარის“ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების თაობაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. შესაბამის განცხადებას თავად საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე საქართველოს პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას.
პროკურატურა ასევე წერს, რომ აღნიშნული ორგანიზაციების ფინანსები გამოყენებულ იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის სპეციალური აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები – “რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს.“