დარიალის გამშვებ პუნქტში მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა
უკრაინის მოქალაქეები საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალთან მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა. უწყების ცნობით, საზღვართან, ნეიტრალურ ზონაში კიდევ რჩება უკრაინის რამდენიმე მოქალაქე, რომელთა სამშობლოში დაბრუნებაზეც მხარეები მუშაობენ.
რუსეთი საქართველოს საზღვარზე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გასამართლებულ უკრაინის მოქალაქეებს გზავნის. უმეტეს შემთხვევაში ბრალდებულები სასჯელს რუსეთის კოლონიებში იხდიდნენ, სადაც ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაიყვანეს.
20 ივლისს შსს რუსეთ-საქართველოს საზღვარზე მყოფი უკრაინელების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ 80-მდე პირი “არავალიდური დოკუმენტების” საფუძველზე საქართველოს საზღვრის კვეთას ითხოვს. ასევე, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღნიშნულ პირებს წარსულში მძიმე დანაშაულები აქვთ ჩადენილი და შესაბამისად, “სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა არ მიეცათ”.
5 აგვისტოს დარიალის გამშვებ პუნქტში მყოფი უკრაინის მოქალაქეების ნაწილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა, რომელსაც შემდგომ სხვებიც შეუერთდნენ.
რას ამბობს შსს
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო უკრაინის მოქალაქეთა გადმოყვანა სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა მათი უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. თავის მხრივ, მათ უზრუნველყვეს უკრაინის მოქალაქეთა ბორტზე განთავსება და ჩარტერული რეისით მგზავრობისას მათი თანხლება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
იმედს ვიტოვებთ, რომ საზღვარზე დარჩენილ პირებთან დაკავშირებით პროცესი აღარ გაჭიანურდება და ისინი დროულად, უახლოეს მომავალში შეძლებენ თავიანთ სამშობლოში დაბრუნებას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რუსეთის ფედერაციიდან მომავალი 87 პირი იმყოფებოდა, რომლებიც ითხოვდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებდნენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ მიეცათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო ვალიდური დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს.
გასული თვეების განმავლობაში ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, ასევე, გამოყენებულ იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინაში საქართველოს პოლიციის ატაშესა და უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთი მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დროულად მოხდეს ე.წ. ნეიტრალურ ზონაში დარჩენილი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება.” – წერს უწყება.
უკრაინის მოქალაქეების გათავისუფლებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიჰა:
“უკრაინაში დავაბრუნეთ 65 მოქალაქე, რომლებიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის ბუფერულ ზონაში იმყოფებოდნენ. მათ შორის არის 10 ქალი და 8 მძიმედ ავადმყოფი ადამიანი.
ჰუმანიტარული კრიზისი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ივნისის მეორე ნახევარში დაიწყო, მას შემდეგ რაც რუსეთმა მიზანმიმართულად დაიწყო ამ გამშვები პუნქტისკენ დეპორტირებული უკრაინის მოქალაქეების რაოდენობის მკვეთრი ზრდა.
წინა თვეებში უკვე მოხერხდა უკრაინაში 44 მოქალაქის დაბრუნება.”