მოსაზრება ბაქოდან: რუსეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, აზერბაიჯანმა უკრაინის დახმარება უნდა გააფართოოს
რუსეთის მიერ SOCAR-ის საწყობზე დარტყმის შესახებ
რუსეთის თავდასხმების შედეგად უკრაინის ოდესის ოლქში დაზიანდა SOCAR-ის ნავთობბაზა და კომპრესორული სადგური, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი უკრაინაში გადის. პოლიტოლოგი შაჰინ ჯაფარლი ამ დარტყმებს აფასებს როგორც გაფრთხილებას აზერბაიჯანისთვის და მისი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.
“SOCAR-ის ნავთობბაზისა და გაზის კომპრესორული სადგურის განადგურება ოდესაში უნდა შეფასდეს, როგორც გაფრთხილება აზერბაიჯანისთვის და ერთდროულად — დარტყმა მის ეკონომიკურ ინტერესებზე,“ — ამბობს ჯაფარლი.
მისი თქმით, აზერბაიჯანის საექსპორტო ნავთობის უეცარი დაბინძურება ტექნიკურ ხარვეზად არ უნდა ჩაითვალოს.
“ამ ფაქტსაც იმავე კონტექსტში უნდა შევხედოთ — ეს არ არის უბრალო ტექნიკური შეცდომა, არამედ მიზანმიმართული დივერსია. რუსეთი აგრძელებს აზერბაიჯანზე ზეწოლას არა პირდაპირ, არამედ ირიბი გზით,“ — ამბობს ექსპერტი.
„შესაძლოა, რუსეთიც დაემატოს ზანგეზურის მარშრუტის მომხმარებლების სიას“

დამოუკიდებელი ექსპერტი შაჰინ ჯაფარლი მიიჩნევს, რომ მოსკოვის მთავარი მიზანია, აზერბაიჯანი 2020 წლის 10 ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ფარგლებში დარჩეს.
მისი თქმით, რუსეთი მიმდინარე ვითარებაში ცდილობს აიძულოს აზერბაიჯანი, არ გასცდეს ამ დოკუმენტით განსაზღვრულ სამმხრივ ფორმატს.
ამასთან, მოსკოვი ელოდება, რომ ურთიერთობები კვლავ მოექცევა 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებული საკავშიროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჩარჩოში.
ჯაფარლის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დათბობა აზერბაიჯანისთვის და, ბუნებრივია, სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობისთვის, მანევრის სივრცეს შეამცირებს.
“თუ ეს დათბობა გაგრძელდა და გადაიზარდა დაახლოებაში, არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ზანგეზურის მარშრუტის ოპერატორებს რუსული კომპანიაც შეემატება და რუსეთის ყოფნა იქ ერთგვარად მაინც გარანტირებული გახდება. თუ ვლადიმირ პუტინი დონალდ ტრამპს მსგავი თხოვნით მიმართავს, პასუხი, დიდი ალბათობით, დადებითი იქნება.“ — ამბობს ჯაფარლი.
“სოკარის ობიექტზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინისთვის ორმილიონიანი დახმარება შემთხვევითი არ არის“

პოლიტოლოგი და “Atlas“-ის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, ელხან შახინოღლი, რომელიც ხელისუფლებასთან დაახლოებულ ფიგურად ითვლება, მოვლენებს განსხვავებული კუთხით აფასებს.
მისი თქმით, რუსეთი მიზანმიმართულად დაესხა SOCAR-ის ავტოგასამართ სადგურებს უკრაინაში: “კრემლი შეშფოთებულია აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობით და ცდილობს მის ჩაშლას. თუმცა SOCAR-ის საწვავის ობიექტებზე დარტყმები საბოლოოდ უკუეფექტს მოიტანს. აზერბაიჯანი, კრემლის შანტაჟის საპასუხოდ, გააფართოებს თანამშრომლობას უკრაინასთან ყველა სფეროში.“
შახინოღლის თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა პირველად დაარტყა SOCAR-ის საწვავის ცენტრს ოდესაში, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევი უკრაინის ლიდერს, ვოლოდიმირ ზელენსკის, სატელეფონო საუბარში უკრაინისთვის დამატებით ორი მილიონი დოლარის დახმარება დაჰპირდა.
პოლიტოლოგის აზრით, რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალურმა ბაქომ შესაძლოა პოლიტიკა შეცვალოს:
“აზერბაიჯანმა შეიძლება მოხსნას საკუთარი დაწესებული ემბარგო უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის მიწოდებაზე. თუ კრემლი, ბაქოს გაფრთხილების მიუხედავად, კვლავ გადაწყვეტს SOCAR-ის საწვავის ობიექტებზე დარტყმას, აზერბაიჯანმა უკვე სამხედრო სფეროშიც შეიძლება განიხილოს თანამშრომლობა უკრაინასთან.
რუსეთის სარაკეტო დარტყმები უკრაინაში SOCAR-ის საწვავის ობიექტებზე ნულამდე ამცირებს აზერბაიჯანთან ურთიერთობის ნორმალიზების შესაძლებლობას და პირიქით — ზრდის დაძაბულობას. ეს ნიშნავს, რომ კრემლს არ სურს აზერბაიჯანთან ურთიერთობების დარეგულირება.“ – ამბობს ექსპერტი.
“რუსეთს პასუხი განცხადებებით კი არა, უკრაინისთვის იარაღის მიყიდვით უნდა გაეცეს“

მილი მეჯლისის დეპუტატი რასიმ მუსაბეკოვი პრესისთვის მიცემულ კომენტარში ამბობს, რომ SOCAR-ის ობიექტებზე რუსეთის თავდასხმების ფონზე აზერბაიჯანს აღარ აქვს საჭიროება დამატებითი განცხადებების გაკეთების.
“ვფიქრობ, შეგვიძლია მოვხსნათ ემბარგო უკრაინისთვის იარაღის მიყიდვაზე და ეს ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაიდგას. საჭიროა ქმედება, რუსეთის ნათქვამს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ“ — აცხადებს მუსაბეკოვი.
მისი თქმით, აზერბაიჯანს შეუძლია, უკვე არსებული რესურსი უკრაინას გადასცეს:
“სომხეთთან ომის პერიოდში ჩვენს ხელში აღმოჩნდა რუსეთის მიერ დატოვებული იარაღი. ნახიჭევანში, სადაც არმია მთლიანად თურქულ შეიარაღებაზე გადავიდა, საკმარისი ჯავშანტექნიკაა. არის “გრადის“ სისტემები და სხვა ტექნიკა, რომლის შენახვაც საჭირო აღარ არის. ეს ყველაფერი შეიძლება გაიყიდოს უკრაინაში.“
მუსაბეკოვი ასევე იხსენებს, რომ უკრაინამ ადრე აზერბაიჯანს საბჭოთა წარმოების იარაღი მიაწოდა:
“ჩვენ მივიღეთ ტანკებიც და МиГ-29 ტიპის გამანადგურებლებიც. ვერაფერს ვხედავ უარყოფითს იმაში, თუ აზერბაიჯანი თავის მხრივ უკრაინას მიჰყიდის იმ საბჭოთა იარაღს, რომელიც ჩვენ აღარ გვჭირდება, თანაც შეღავათიან ფასში. ევროპული ქვეყნები ამ გარიგებებს სიამოვნებით აფინანსებენ.“
მისი თქმით, დამატებითი ახსნა-განმარტებები არ არის საჭირო: “ვისაც მოეწონება — მოეწონოს, ვისაც არა — ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.“