ჩინეთის რბილი ძალა საქართველოში: უწყინარი „კულტურული გაცვლა“ თუ პოლიტიკური გათვლა?
ჩინეთის რბილი ძალა

ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების პარალელურად, ბოლო წლებში საქართველო–ჩინეთის კულტურული თანამშრომლობაც მკვეთრად გაიზარდა. ერთი შეხედვით ბუნებრივი პროცესია – კინო, თეატრი, მუსიკა და ხელოვნება ნამდვილად შეიძლება გახდეს ხალხთა დაახლოების საშუალება.
მაგრამ ისეთი გიგანტის შემთხვევაში, როგორიც ჩინეთია, კულტურული გაცვლა ხშირად მხოლოდ ზედაპირული ფენაა. სინამდვილეში, ის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომლის მიზანია ეკონომიკური ინტერესების გატარება და პოლიტიკური გავლენის განმტკიცება.
2023 წლის 31 ივლისს ხელი მოეწერა საქართველო–ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომლის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი კულტურულ თანამშრომლობას ეხება – ტურიზმიდან და სპორტიდან, კინოსა და მედიამდე.
“ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი საკითხის უკან პეკინის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გათვლები დგას,” – მიიჩნევენ სამოქალაქო იდეის (Civic Idea) ანალიტიკოსები, რომლებმაც ჩინური რბილი ძალის საქართველოში გავრცელებას ვრცელი კვლევა მიუძღვნეს. Civic Idea 8 წელზე მეტია იკვლევს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლენებს.
კულტურა ჩინეთის „რბილი ძალის“ ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტია. პეკინის “რბილი ძალის” გათვლები მრავალფეროვანია, თუმცა მთელ მსოფლიოში ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება – ჩინური მმართველობის მოდელის პოპულარიზაცია, დასავლური გავლენების დაბალანსება და მათი ჩინურით ჩანაცვლება, საკუთარი ნარატივების გამყარება ტაივანზე, ტიბეტზე და სხვა სენსიტიურ თემებზე და ა.შ.
„დასავლეთს ეს წესები კარგად ესმის და სიფრთხილით ეკიდება ჩინეთთან კულტურულ პარტნიორობას,“ – წერენ კვლევის ავტორები. „ქართული ოცნება“ კი, მათი შეფასებით, ამ გამოცდილებას უგულებელყოფს და ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
რბილი ძალა: ჩინეთის გლობალური სტრატეგიიდან – ქართულ სცენაზე
ტერმინი „რბილი ძალა“, რომელიც დასავლეთში ჯოზეფ ნაიმ განსაზღვრა როგორც „ქვეყნის უნარი სხვების ქცევასა და არჩევანზე ზეგავლენა მოახდინოს არა იძულებით, არამედ მოზიდვით“, პეკინისთვის უკვე ორ ათწლეულზე მეტია გარე პოლიტიკის ინსტრუმენტად იქცა.
2007 წელს ჰუ ძინტაომ პარტიის კონგრესზე პირველად განაცხადა, რომ კულტურის ინდუსტრია ჩინეთის რბილი ძალის საფუძველი უნდა გამხდარიყო. შემდეგ კი, სი ძინპინის პრეზიდენტობის პირობებში, ეს პოლიტიკა პირდაპირი პრიორიტეტი გახდა. „ჩვენ უნდა შევქმნათ კარგი ჩინური ნარატივი და მსოფლიოს სწორად მოვუყვეთ ჩინეთის გზავნილები,“ – განაცხადა სი-მ 2014 წელს საგარეო ურთიერთობებზე გამართულ პარტიულ კონფერენციაზე.
დღეს ჩინეთის გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნების ნაწილი სწორედ კულტურის, მედიის, კინოსა და მეცნიერების გავლენის ზრდაა.
არაერთი საერთაშორისო რეიტინგი ადასტურებს ამ ამბიციას: 2024 წელს „Brand Finance“-ის „გლობალური რბილი ძალის ინდექსში“ ჩინეთმა უკვე გადაუსწრო გერმანიას და მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ „რბილ ძალად“ დასახელდა.
დაახლოებით 2020 წლიდან ამ გლობალური პოლიტიკის ნაწილად იქცა საქართველოც. „ქართული ოცნების“ მზარდ პრო-ჩინურ რიტორიკასთან ერთად, ბოლო წლები სავსეა კულტურული თანამშრომლობის სიმბოლური ნაბიჯებით, რომლებიც ერთი შეხედვით უწყინარია, მაგრამ ფაქტობრივად პეკინის გავლენის გაფართოებას ემსახურება.
ეს ყველაფერი ერთიანი პროცესის ნაწილია – „ოპერაცია“, რომლის მიზანია ქართველ საზოგადოებაში ჩინეთის მიმართ დადებითი წარმოდგენების გაძლიერება, მიიჩნევენ კვლევის ავტორები.
სინო-ქართული კულტურული ურთიერთობების ქრონოლოგია (2020–2024)
2020, 18 დეკემბერი – პირველი ნაბიჯი
საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია პეკინში ხვდება ჩინეთის კულტურის სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენელს სიე ძინინს. ფორმალურად საუბარი ტურიზმსა და კულტურას ეხება, მაგრამ ფაქტობრივად ეს არის დასაწყისი ახალი „რბილი ძალის“ ტალღისა საქართველოში.
2021 – სტრატეგიული ოქმი
საქართველოსა და ჩინეთის კულტურის სამინისტროები ხელს აწერენ ოთხწლიან დოკუმენტს, რომელიც უკვე სისტემურ თანამშრომლობას ასახავს. ამით ჩინეთის კულტურული პოლიტიკა ოფიციალური ჩარჩოებით გამაგრდა.
2022, სექტემბერი – კულტურული დიპლომატია პარლამენტში
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე ჩინეთის ელჩს ხვდება და ერთობლივ ღონისძიებებზე თანხმდება. აქ უკვე იკვეთება ჩინური სტილის „კულტურული დიპლომატია“ – მეგობრული, მაგრამ მკაფიო პოლიტიკური ფონი აქვს.
2023, 17 სექტემბერი – „ჩინური კინოს ფესტივალი“ თბილისში
ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიხსნა ჩინური კინოს ფესტივალი, რომელიც საელჩოსა და ჩინეთის კინოს ადმინისტრაციამ მოაწყო. პარალელურად დელეგაცია ადგილობრივ კინემატოგრაფისტებსაც ხვდება – სუფთა კლასიკური მაგალითი, როგორ მუშაობს რბილი ძალა: კინო როგორც კულტურული ხიდი და პოლიტიკურ დისკურსში ჩინეთის „გაადამიანურების“ ინსტრუმენტი.
2023, შემოდგომა – ჩინეთის დელეგაციები თბილისში
კინოადმინისტრაციის წარმომადგენლები ჯერ კულტურის სამინისტროში მიდიან, შემდეგ პარლამენტში. საუბარი ისევ ერთია – „ხალხთა დაახლოება კულტურით“.
2024, 14 ივნისი – შანდონგის პროვინციის სტუმრობა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ბოლქვაძე ხვდება შანდონგის პროვინციის საგარეო საქმეთა ოფისის დირექტორს. ოფიციალური მესიჯი: „კულტურა დაახლოებს ხალხებს“.
2024, 28 ივნისი – ძიანსუს დელეგაცია თბილისში
კულტურის კომიტეტის წარმომადგენლები უკვე სხვა პროვინციის, ძიანსუს სამთავრობო დელეგაციას მასპინძლობენ. იმავე ხაზზე საუბარი გრძელდება: „ღრმავდება კულტურული თანამშრომლობა“.
2024, ზაფხული – სპორტიც დღის წესრიგში
სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი ხვდება ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს და ერთობლივ წვრთნებზე თანხმდება. რბილი ძალა სპორტშიც გადადის.
2024 – ჩინური ენის მსოფლიო კონფერენცია, პეკინი
საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი ჩინეთში „ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციას“ ესწრება. ეს ფაქტი ხაზს უსვამს, რომ ჩინური ენა უკვე ოფიციალური საგანმანათლებლო დღის წესრიგის ნაწილია.
„საუკუნის მესამედი – საქართველო-ჩინეთი“: პროპაგანდის ეკრანზე
ჩინეთის რბილი ძალის გაძლიერების საქმეში საქართველოში პირდაპირ ჩართულია მმართველი პარტიაც.
2024 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, რასაც პროევროპული მიტინგები და პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარმოადგინა დოკუმენტური ფილმი სათაურით „მესამედი საუკუნე – საქართველო-ჩინეთი“.
ფილმი ქართულ-ჩინური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს მიმოიხილავს – პოლიტიკას, ეკონომიკას, კულტურას, თუმცა მისი მთავარი ხაზია ჩინეთის „საიმედო პარტნიორად“ წარმოჩენა და საქართველოში პრო-ჩინური განწყობების გაძლიერება.
ფილმი იწყება ანაკლიის პეიზაჟებით და ანაკლიიის მკვიდრი ამბობს “აქ სულ მალე ველოდებით ჩინურ გემებს”
ეკრანზე ჩნდებიან ჩინეთის ელჩი ჭოუ ციენი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ელჩი პაატა კალანდაძე და პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. ისინი, ჩინეთში გადაღებული კადრების ფონზე, საუბრობენ პეკინთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ინვესტიციებზე და სავაჭრო პერსპექტივებზე.
ფილმის მნიშვნელოვანი ნაწილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ეძღვნება. მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან მოლაპარაკებები ჯერ დასრულებული არ არის, ფილმი პროექტს უკვე წარმოაჩენს როგორც „ქართული ოცნების“ და ჩინეთის ერთობლივ გამარჯვებას. ერთ ეპიზოდში ირაკლი კობახიძე ამბობს:
„ჩვენ ჩინეთთან გვაკავშირებს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, თუმცა, ერთს გამოვყოფდი. ეს არის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, რომელიც განხორციელდება ჩინელ პარტნიორებთან ერთად.“
ამ გზავნილს, როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ორმაგი დანიშნულება აქვს: შიდა აუდიტორიაში პრო-ჩინური განწყობების გაძლიერება, ხოლო საგარეო დონეზე – სიგნალი, რომ საქართველო უკვე აღარ მალავს საკუთარ არჩევანს.
ფილმში აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ ჩინეთსა და საქართველოში განსაკუთრებით პატივს სცემენ ტრადიციებს (რაც არის “ოცნების” ანტიდასავლური ნარატივის საპირწონე მესიჯი – “ოცნების” პროპაგანდა მუდმივად იმეორებს, რომ დასავლეთი საქართველოს ტრადიციებს ართმევს).
“ჩინეთსაც და საქართველოსაც ახასიათებს მრავალსაუკუნოვანი კულტურა, ტრადიციები და ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას. როდესაც ქვეყნებს აქვთ ღრმა ფესვები ტრადიციების სახით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი,” – ამბობს ფილმში პრემიერი ირაკლი კობახიძე.
“ტრადიციები სახელმწიფოს ეროვნული იდენტობის საფუძველია. სწორედ ათასობით წლების განმავლობაში დაგროვილი ტრადიციები აძლევს ჩინეთსა და საქართველოს ღირსების გრძნობასა და თავდაჯერებულობას. ჩინეთისა და საქართველოსთვის ტრადიციები ფასეულია,” – აღნიშნავს ჩინეთის ელჩი.
ჩინური რბილი ძალა საქართველოში არ შემოიფარგლება მხოლოდ თანამედროვეობით – ის წარსულსაც „აკონსტრუირებს“, რათა მომავლისთვის საფუძველი შექმნას.
ჩინურ-ქართული ურთიერთობების პროპაგანდისტულ ფილმში „მესამედი საუკუნე“ განსაკუთრებული ადგილი უკავია ლაო ჯინ ჯაოს – ჩინელ კაცს, რომელიც, ფილმის მიხედვით, პირველი იყო, ვინც საქართველოში ჩაი შემოიტანა და 1920-იან წლებამდე ბათუმის მახლობლად ცხოვრობდა.
ისტორია თითქოს უნაკლოა: კულტურული ხიდი, „ჩაის მამა“, რომელიც ორ ხალხს აკავშირებს. მაგრამ აქაც იკვეთება პეკინის ნარატივის გამიზნული არქიტექტურა. ჯერ კიდევ 2018 წელს გავრცელდა ინფორმაცია ლაო ჯინ ჯაოზე ფილმის გადაღების შესახებ, თუმცა იდეა აღარ გაგრძელებულა – ვიდრე 2024 წლამდე.
იმავე წელს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა, გამოაცხადა: 2025 წელს ჩაქვში გაიხსნება ლაო ჯინ ჯაოს სახლ-მუზეუმი. მუზეუმის რეაბილიტაციის ბიუჯეტი 910 ათასი ლარია, ხოლო ტექნოლოგიური აღჭურვა – უახლესი ციფრული სისტემებით და LED-ინსტალაციებით – ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ევალება.
ამ ისტორიას უფრო „ოჯახური“ ელფერი მაშინ მიეცა, როცა 2024 წლის მარტში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე პეკინის უნივერსიტეტის პროფესორს, ლაო ჯინ ჯაოს შთამომავალ დევიდ ლიუ ხაოსს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ისევ მუზეუმის გახსნა და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ქმნის პეკინი „მეხსიერების პოლიტიკას“: ისტორიული ფიგურის „გადაფასებით“ და მისი მემკვიდრეობის სიმბოლიზაციით, ჩინეთი ცდილობს ქართული საზოგადოებისთვის საკუთარი გავლენის ლეგიტიმაცია კულტურისა და ისტორიის გზით.
ჩინური კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა მედია-ორგანიზაცია „მედიაცენტრი მთავარი“ და ასევე მედია-კავშირი “ობიექტივი”.
ორივე ეს მედია-ორგანიზაცია ანტიდასავლური ნარატივითაა გამორჩეული.
„მედიაცენტრი მთავარის” მფლობელს ეკატერინე გულუას 600-ზე მეტი სიუჟეტი აქვს მომზადებული ჩინეთის თემაზე. ის პირადად სტუმრობდა ჩინეთის ქალაქებსა და რეგიონებს, ხვდებოდა ადგილობრივ ჩინურ ოფიციალურ პირებს – გუბერნატორებსა და მერებს – და აქტიურად აშუქებდა არა მხოლოდ კულტურულ, არამედ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თემებსაც.
მედია-კავშრი “ობიექტივის” ეთერში კი, გადის რუსულენოვანი, ქართულად ნათარგმნი ფილმი სი ძინპინზე.
ტურიზმი: უვიზო მიმოსვლა და „თამაშგარეშე“ დარჩენილი ქართველები
ჩინეთის რბილი ძალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არხი საქართველოში ტურიზმია.
2023 წლის 11 სექტემბრიდან ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა, ხოლო 2024 წლის მაისში ეს შესაძლებლობა ქართველებსაც მიენიჭათ. მაშინ ეს ნაბიჯი თბილისში ოპტიმიზმით მიიღეს: ბიზნესსა და ტურიზმის სექტორში ელოდნენ ჩინელი ტურისტების ნაკადს და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობებს.
სტატისტიკაც ოპტიმისტური ჩანდა – ჩინელი ტურისტების რაოდენობა ერთ წელიწადში 83 პროცენტით გაიზარდა: 2023 წელს 48 ათასი, ხოლო 2024 წელს უკვე 88 ათასი. ამის პარალელურად, გაიზარდა ჩინეთის ავიახაზების აქტივობა საქართველოში.
თუმცა, როგორც ადგილობრივი ტურიზმის კომპანიები აცხადებენ, მათი მოლოდინი არ გამართლდა.
სინამდვილეში ბაზარზე სწრაფად შემოვიდნენ ჩინური კომპანიები. მხოლოდ 2024 საქართველოში 105 ჩინური ტურისტული კომპანია დარეგისტრირდა. ისინი თავად გეგმავენ ტურებს, ჩამოჰყავთ გიდები და პრაქტიკულად „ჩაკეტილ წრეში“ მუშაობენ. შედეგად, ქართული ტუროპერატორები „თამაშგარეშე“ აღმოჩნდნენ.
პეკინში საქართველოს საელჩო აქტიურად მართავს შეხვედრებს ჩინური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებთან – China Xinhai International Travel, Beijing Tianchang Business Travel, შაანსის ტურიზმის ჯგუფი და სხვები. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს: თანამშრომლობის სარგებელი ძირითადად ისევ ჩინურ მხარეს რჩება.
ანალიტიკოსების თქმით, ეს მაგალითი ცხადყოფს, რომ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კულტურული გაცვლისთვის კი არა, ჩინური ეკონომიკური გავლენის გასამყარებლად მუშაობს.
საქართველო-ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია: კულტურის მიღმა ბიზნეს-ინტერესები
ჩინურ-ქართული კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი პირველი ორგანიზებული ნაბიჯი ქართველი ოლიგარქის, ვანო ჩხარტიშვილის სახელს უკავშირდება. 2016 წელს მან დააარსა საქართველო–ჩინეთის ეკონომიკური და კულტურული განვითარების ცენტრი, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით შეიქმნა სავაჭრო-სამრეწველო პალატა და, საბოლოოდ, საქართველო–ჩინეთის მეგობრობის ასოციაცია.
ასოციაციის პირველი პრეზიდენტი ჩინელი ბიზნესმენი, ძიანძუნი ჭანგი გახდა – პირი, რომელიც წარსულში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ჩინური ენერგოკომპანიის, CEFC China Energy–ს აღმასრულებელი დირექტორი იყო. CEFC, რომელიც ჩინეთის ენერგეტიკულ დიპლომატიაში ცნობილია, პირდაპირი არხით უკავშირდებოდა ჩინეთის სახელმწიფოს.
ამ ასოციაციის ოფიციალური მიზნებია ეკონომიკური, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ურთიერთობების გაღრმავება. მაგრამ პრაქტიკაში, როგორც კვლევა აჩვენებს, ასოციაცია ჩინური ბიზნესის ინტერესების ლობისტურ პლატფორმად იქცა საქართველოში.
კულტურა, როგორც სტრატეგიული ბერკეტი
„რბილი ძალა“ საქართველოში ინსტრუმენტად იქცა, რომლის მიღმა დგას ჩინურ-ქართული ელიტების ინტერესები. ამ მაგალითებით მკაფიოდ ჩანს ინსტიტუციური ქსელის ჩამოყალიბება, სადაც მონაწილეობენ როგორც ჩინეთის, ისე ქართული პოლიტიკური-ბიზნეს ელიტები, მიიჩნევენ კვლევის ავტორები.
სწორედ ამიტომ, ექსპერტები ხაზს უსვამენ: კულტურული ინიციატივების უკანა ფონი საზოგადოებისთვის უხილავი არ უნდა დარჩეს. საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პეკინი მსგავსი ინსტრუმენტებით ხშირად უზრუნველყოფს საკუთარ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ ინტერესებს.
საქართველოსთვის გამოწვევა სწორედ აქ არის: ერთის მხრივ, კულტურული თანამშრომლობა ნამდვილად აძლიერებს ხალხთაშორის კავშირებს; მეორეს მხრივ კი, ამავე არხებით შესაძლოა გავრცელდეს გავლენის ოპერაციები, რომელთაც გრძელვადიანი შედეგები ექნება ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაზე.
n-ost