აშშ-ის ელჩის თქმით, ოცნებამ ტრამპის ადმინისტრაციას გაუგზავნა “მუქარის შემცველი და არასერიოზული” წერილი
რობინ დანიგანი წერილზე
საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” მას ტრამპის ადმინისტრაციისთვის გადასაცემად წერილი გადასცა, რომელიც იყო “მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ის უკიდურესად უარყოფითად მიიღეს ვაშინგტონში”. ამის შესახებ მან “რადიო თავისუფლებასთან” ისაუბრა. ის ჰყვება იმაზეც, თუ როდის და რატომ უნდოდა მას შეხვედრა “ქართული ოცნების” დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან.
5 ივნისს აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ პოზიციას ტოვებს და პენსიაზე გადის. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დანიგანი წერს, რომ ეს მისი პირად გადაწყვეტილებაა და მისი გაწვევა მთავრობას არ მოუთხოვია.
რობინ დანიგანი: “ტრამპის ადმინისტრაციის დასაწყისში დავბრუნდი ვაშინგტონში, რათა შევხვედროდი ახალ ადმინისტრაციაში მაღალჩინოსნებს, გვესაუბრა საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე და მიმეღო მიმართულება, თუ როგორი სურთ, რომ იყოს მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი.
ამ შეხვედრებიდან დაბრუნების შემდეგ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ძალიან მკაფიოდ ავუხსენი ორი ან სამი ნაბიჯი, რაც “ქართული ოცნების” მხრიდან შეიძლებოდა გადადგმულიყო, რათა ჩვენი ურთიერთობა სწორ გზაზე დაბრუნებულიყო. სამი დღის შემდეგ, ჩვეულებრივ ასეთ რამეს კომენტარს არ ვუკეთებ, მაგრამ თვითონ პრემიერ-მინისტრმა ახსენა ეს, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. პირადი წერილი. ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულახდილად რომ ვთქვათ, მუქარით იყო სავსე, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და ვაშინგტონში უმძიმესად მიიღეს. ძალიან ცუდად.
ამიტომ გვიან მოვამზადეთ პასუხი – ეს სიმართლეა, და ვფიქრობ, დრო იმიტომაც გაჭიანურდა, რომ ხალხი იმდენად გაკვირვებული იყო, მსგავს კორესპონდენციას რომ იღებდა ერთი ქვეყნის ლიდერებისგან მეორე ქვეყნისთვის. ამ დროის განმავლობაში, სანამ ჩვენ პასუხს ვამზადებდით, პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. შემდეგ მე მივედი პრემიერ-მინისტრთან და ვუთხარი: “მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელიც მთხოვა, პირადად გადავცე ბიძინა ივანიშვილს.“ და ბიძინა ივანიშვილმა თქვა – “არა”.
მას არ უთხოვია, ჩემთან ცალკე შეხვედრა, მაგრამ მე მითხრეს, რომ ეს წერილი ტრამპის ადმინისტრაციიდან პირდაპირ ბიძინა ივანიშვილისთვის უნდა მიმეწოდებინა და მან თქვა: “არა.“ ჩემთვის კი არ უთხოვიათ, რომ წერილი პრემიერისთვის გადამეცა. მე მგონია, რომ მსოფლიოში ყველა აცნობიერებს – ბიძინა ივანიშვილი მართავს მთავრობას.
ყველაზე აბსურდული კი ის არის, რომ მოთხოვნები, რომელიც ჩვენს ურთიერთობას ნორმალურ კალაპოტში დააბრუნებდა, ძალიან მარტივია. ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა. არა, უბრალოდ შეწყვიტეთ სიმართლისგან ძალიან შორს მყოფი განცხადებების კეთება აშშ-ის შესახებ. და უამრავი რამ არის, რასაც “ქართული ოცნება“ ამბობს აშშ-ზე, რაც სიმართლე არ არის: რომ ჩვენ ვცადეთ მეორე ფრონტის გახსნა – არ არის სიმართლე; რომ ჩემმა წინამორბედმა სცადა აქ რევოლუციის გამოწვევა – არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე არსებულ პარტნიორობას ნიშნავს – არ არის სიმართლე; რომ ჩემმა მთავრობამ უკან გამიწვია – არ არის სიმართლე. შემიძლია განვაგრძო და ვთქვა კიდევ ბევრი.”
13 მაისს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტს, ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა, სადაც ამბობს, რომ დღემდე უმაღლეს დონეზე არ შემდგარა არავითარი კომუნიკაცია საქართველოს და აშშ-ს ხელისუფლებებს შორის.
წერილში ასევე აღნიშნულია, რომ “გაუგებარია”, რატომ რჩება ძალაში სანქციები საქართველოს ვიცე-პრემიერის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მიმართ, რომლებმაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ “დაგეგმილი და USAID-ის ხაზით დაფინანსებული რევოლუციის მცდელობა” და ძალადობა ეფექტურად აღკვეთეს.
კობახიძის თქმით, ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები “დიფ სთეითის” დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი.