საქართველომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას
რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნა
24 ივნისს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც 46 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან შედგება, გენერალურ მდივანს უფლებამოსილება მისცა, ხელი მოეწერა შეთანხმებაზე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, თუმცა საქართველომ ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირა.
მინისტრთა კომიტეტზე კენჭისყრის შედეგები დახურულია, თუმცა გამოცემა “ნეტგაზეთის” ცნობით, 24 ივნისის სხდომაზე ტრიბუნალის შექმნის წინააღმდეგ მისცეს ხმა უნგრეთმა, თურქეთმა და სერბეთმა. საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
25 ივნისს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ, რაც ტრიბუნალის წესდებასაც მოიცავს.
უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის კამპანია უკრაინელმა სამართლის ექსპერტებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისთანავე წარმოაყენეს. იდეას საფუძველი დაუდო ცნობილი საერთაშორისო იურისტისა და პროფესორის, ფილიპ სანდსის სტატიამ, სახელწოდებით „პუტინის მიერ სამხედრო ძალის გამოყენება აგრესიის დანაშაულია“.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) გამართულ დებატებზე საქართველოს პოზიცია ტრიბუნალის შექმნის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ გაამჟღავნა.
“აგრესიის შესახებ ტრიბუნალის შექმნა ჭეშმარიტად ისტორიული მომენტია. წევრი ქვეყნებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას. ამ ექვსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. საქართველო თავად არის რუსული აგრესიის მსხვერპლი. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20% — თითქმის იმდენივე, რამდენიც უკრაინაში. საქართველო მოსკოვის რეჟიმის მსხვერპლი კიდევ უფრო ადრე გახდა, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო აღარ უჭერს მხარს რუსული აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. წარმოგიდგენიათ ეს?
ამიტომ კითხვაა: ვის სასარგებლოდ მუშაობს სინამდვილეში საქართველოს მთავრობა? ვინ არიან მათი ბატონ-პატრონები?“ — განაცხადა გონჩარენკომ.
ასევე, “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, PACE-ის პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ დაწერა:
“PACE-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა შემზარავ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტზე, რომელმაც კენჭი უყარა რუსეთის უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რის გამოც გუშინ აქ იმყოფებოდა პრეზიდენტი ზელენსკი, „ოცნების“ წარმომადგენელმა მხარი არ დაუჭირა, — განსხვავებით ყველა ევროკავშირის წევრი ქვეყნისგან, უნგრეთის გარდა. მორიგი დასტური ივანიშვილის რეჟიმის პუტინთან მოკავშირეობის“.
კომენტარი
“ნეტგაზეთის” კითხვაზე, თუ რატომ არ მოაწერა ხელი საქართველომ ტრიბუნალის შექმნას, ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ:
„ოკუპირებული ქვეყანა ხარ და დამიზნებული გაქვს სარაკეტო კომპლექსები. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეორე ფაქტორია, ჯერ არავინ იცის, როგორ განვითარდება ვითარება, მათ შორის უკრაინასთან მიმართებაში და მესამე, — რაც ყველამ დაივიწყა, საქართველომ არაერთ ევროპულ ქვეყანასთან ერთად ჰააგის ტრიბუნალს მიმართა ამ გამოძიების ჩატარების ტემპის დაჩქარების თაობაზე. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, რომელიც ყოველდღიური საფრთხის ქვეშ არის და იარაღის ქვეშ აგრძელებს ცხოვრებას და განვითარებას. მავნებლები თავიანთი მედიასაშუალებებით უტევენ ქვეყანა და ვიღაც სულელი გონჩარენკოს სიტყვებზე არიან აყოლილი. გოჩარენკოები ხართ თქვენ ყველანი.
რა ტრიბუნალზე მოაწერა ხელი? რის გამკეთებელია ან გონჩარენკო, ან ნებისმიერი სხვა? სისხლში იხრჩობა უკრაინა. იცის საქართველომ თავის საქმე, თავისი პოლიტიკა. არავითარი პრორუსული პოლიტიკა არ არსებობს. 600-ზე მეტ პრინციპულ რეზოლუციას და განცხადებას მოაწერა ხელი, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. უმადური ხალხია, გონჩარენკოს ჩათვლით“.