აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და სენატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ ოცნება ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით.
სენატორები აღნიშნავენ, რომ განცხადებას ავრცელებენ “მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ანტიკორუფციულმა ბიურომ, არასამთავრობო სექტორს მათი საქმიანობის, მათ შორის ადამინის უფლებების მიმართულებით, დეტალური ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით მიმართა, საეჭვო სამართლებრივი საფუძვლებით”.
განცხადება
“ქართული ოცნების ხელისუფლება აგრესიულად ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის გზით, ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, რაც ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს.
ინფორმაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისგან მოითხოვეს, სავარაუდოდ, უკანონოა და ისეთი მასშტაბურია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის მოთხოვნების შესრულებას.
ქართული ოცნების ქმედებები, რომლებსაც, როგორც ჩანს, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, მიზნად ისახავს ისეთი მნიშვნვნელოვანი ორგანიზაციების საქმიანობის პარალიზებას, როგორებიც არიან: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, TI საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, მედიის განვითარების ფონდი და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED).
გარდა ამისა, ამ კვირაში ქართულმა ოცნებამ კიდევ უფრო გაამკაცრა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები – დააპატიმრეს და პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე პრო-დემოკრატ ლიდერს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით.
მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიული მთავრობები არ უნდა აღიქვამდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, ებრძვიან კრემლის პროპაგანდას, კორუფციას და მხარს უჭერენ ქალებსა და ახალგაზრდებს – როგორც საფრთხეს.
ისევე როგორც ეს ორგანიზაციები დაიცავენ საქართველოს მოქალაქეთა და ინფორმატორთა პირად მონაცემებს მთავრობის გადამეტებული ჩარევისგან, ჩვენც, კანონმდებლობის მეშვეობით და საკუთარი ხმებით, მათ გვერდში დავუდგებით.
ამ მიზნის მიღწევისთვის, მხარს ვუჭერთ ორპარტიული MEGOBARI აქტის წინ წაწევას, როგორც კი სენატის განრიგი ამის საშუალებას მოგვცემს.”
24 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებასა და “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანების შევიწროებასთან დაკავშირებით.
ტელეკომპანია “ფორმულას” სახდეპში განუცხადეს, რომ ახალ კანონებში შეტანილ ცვლილებებს ივანიშვილის მთავრობა, მისი კრიტიკოსების წინააღმდეგ იყენებს, რითაც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას.