TI: ოცნებამ კრიტიკული ტელევიზიების მიმართ ცენზურის პოლიტიკა აამოქმედა
TI-ს განცხადება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” (TI) განცხადებას ავრცელებს და გამოხატავს ძლიერ შეშფოთებას “ქართული ოცნების” მიერ საქართველოში მოქმედი წამყვანი კრიტიკული მაუწყებლების – “ტვ პირველისა“ და “ფორმულას“, ასევე “მთავარი არხის“ (ვებგვერდი და სოციალური პლატფორმები) – წინააღმდეგ შეტანილი საჩივრების გამო, რომელთა შინაარსიც, ორგანიზაციის განმარტებით, ცენზურის დაწესების პირდაპირ მცდელობას წარმოადგენს.
“კომუნიკაციების კომისიაში შეტანილი საჩივრები წარმოადგენს კრიტიკული მედიის დაშინებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის ჩახშობის აშკარა და სახიფათო მცდელობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კომუნიკაციების კომისია წარმოადგენს არა მიუკერძოებელ არბიტრს, არამედ ორგანოს, რომელიც სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების მსგავსად, ქართული ოცნების კონტროლის ქვეშ იმყოფება.
დამოუკიდებელ მედიას უნდა შეეძლოს კრიტიკული კითხვების დასმა და მათზე პასუხების მოთხოვნა. კრიტიკული მაუწყებლების სამართლებრივი დაშინება წინააღმდეგობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე მის საერთაშორისო ვალდებულებებთან” – წერია TI-ს განცხადებაში.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს საჩივრები პრობლემურია, რადგან:
- ეს არის პოლიტიკური მოტივაციით განპირობებული SLAPP საჩივრების (საჯარო ჩართულობის წინააღმდეგ მიმართული სტრატეგიული სარჩელები) მკაფიო მაგალითი, რომელთა მიზანიც მედიის სისტემური დაშინებაა და არა რეალური დარღვევის აღმოსაფხვრა;
- შეიცავს მედიის მარეგულირებელი მექანიზმების ბოროტად გამოყენების ნიშნებს, რაც ხელს უშლის სარედაქციო დამოუკიდებლობასა და გამოხატვის თავისუფლებას;
- არასწორად განმარტავს ბალანსის პრინციპს, მოითხოვს მმართველი პარტიისთვის თანაბარ ეთერს, იმ ფონზე, როდესაც “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უარს ამბობენ კრიტიკულ ტელევიზიებში სტუმრობასა და მათთან თანამშრომლობაზე;
- საჩივრები წარმოადგენს უფრო ფართო ავტორიტარული ტენდენციის გამოხატულებას, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები გამოიყენება კრიტიკული ხმების ჩასახშობად და სამოქალაქო სივრცის შესავიწროებლად.
არასამთავრობო ორგანიზაცია სთხოვს საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს:
- მკაფიოდ და საჯაროდ დაგმონ მარეგულირებელი ინსტრუმენტების ბოროტად გამოყენება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ;
- მოითხოვონ კომუნიკაციების კომისიის საქმიანობის მონიტორინგი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი პოლიტიკური მიუკერძოებლობა და პროცედურული სამართლიანობა;
- უზრუნველყონ დამოუკიდებელი ჟურნალისტების მხარდაჭერა საქართველოში, მათ შორის, სამართლებრივი და დიპლომატიური მექანიზმებით;
განცხადებას უერთდებიან სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიებიც.
“ქართულმა ოცნებამ” TV პირველსა და ფორმულას კონკრეტული ტერმინების გამოყენების გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივლა.
ფორმულას ცნობით, საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა “არალეგიტიმური პარლამენტი”, “ე.წ პარლამენტის თავჯდომარე”, “ოლიგარქის დეპუტატი”, “რეჟიმის საქალაქო სასამართლო”, “ქართული ოცნების რეჟიმი”, “რეჟიმის პატიმარი”, ასევე ბიძინა ივანიშვილის “ოლიგარქად” მოხსენიებას.
TV პირველის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის თქმით კი, საჩივარში აღნიშნულია, რომ არხის ჟურნალისტს არ უნდა გამოეყენებინა ტერმინები: “რეჟიმი”, “გარუსება”, “კლანის სასამართლო და ა.შ.”.