“აზიის განვითარების ბანკის“ (ADB) მთავარმა ეკონომისტმა, ალბერტ პარკმა მილანში მიმდინარე შეხვედრისას “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომ საქართველომ სარგებელი მიიღო რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შედეგად, რადგან ტვირთების გადაზიდვა სხვა ქვეყნების მარშრუტებით გახდა სასურველი, მაგრამ ახლა არსებობს გაურკვევლობები.
პარკმა ყურადღება გაამახვილა სამ ძირითად გეოპოლიტიკურ “გაურკვევლობაზე“: რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო მოხსნა, უკრაინაში მშვიდობის დამყარება და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ არსებული პოლიტიკის შეცვლა.
ამასთან, ეკონომისტი აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნული სამი მოვლენა განხორციელდა, საქართველო დაკარგავს იმ ბიზნესების ნაწილს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოიზიდა, აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ გარკვეული ეფექტი ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახება.
58-ე ყოველწლიური შეხვედრები მილანში 4-7 მაისის პერიოდში მიმდინარეობს. წლევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა – „გამოცდილების გაზიარება, ხვალინდელი დღის შენება.”
ალბერტ პარკი: “საქართველომ, ისევე როგორც რუსეთის მეზობელმა ზოგიერთმა ქვეყანამ სარგებელი მიიღო რუსეთ-უკრაინის ომის და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, რადგან ტვირთების გადაზიდვა რუსეთის ნაცვლად სხვა ქვეყნების მარშრუტებით სასურველი გახდა.
ამ გარემოებამ, რასაკვირველია, შექმნა გარკვეული ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ, ახლა არსებობს გაურკვევლობა, კერძოდ, თუ სანქციები მოიხსნება, უკრაინაში მშვიდობა დამყარდება და ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვლება, შესაძლოა, ყველაფერი ძველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაუბრუნდეს. შედეგად, საქართველო დაკარგავს იმ ბიზნესების ნაწილს, რომელიც ამ პერიოდში მოიზიდა.
მე ვფიქრობ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ საქართველო მაქსიმალურად ეფექტური გახდეს შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტში – შეამციროს ტრანზაქციების ხარჯები და აღმოფხვრას ნებისმიერი არსებული შეფერხება.
ეკონომისტები ასე ვხედავთ: როდესაც ადამიანები ეჩვევიან იმ გზას, რომელიც ხარჯების კუთხით ეფექტურია, მათ ძველ სისტემაზე დაბრუნება არ სურთ. აქედან გამომდინარე, საქართველოს შეუძლია შეინარჩუნოს ეს ბიზნესი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება კონკურენტული სერვისების მიწოდებაში.
ამ ეტაპისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს მომსახურების ეფექტიანობის შენარჩუნება მანამ, სანამ სანქციები მოიხსნება. ვვარაუდობ, რომ საქართველო შეძლებს ამ ბიზნესის ნაწილის შენარჩუნებას, მაგრამ არა მთიანად – ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად შეძლებთ მომსახურების მიწოდებას.”