ადამიანის უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს ქართული ოცნების მიერ ინიცირებული FARA-ს ანალოგი კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივი სასჯელს ითვალისწინებს სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო ჯგუფებისთვის, რომლებიც უარს აცხადებენ “უცხოურ აგენტებად“ დარეგისტრირებაზე.
“კანონპროექტი არღვევს ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ ნორმებს და მისი მიღების შემთხვევაში სერიოზულად დააზარალებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და კიდევ უფრო გაამწვავებს ადამიანის უფლებათა კრიზისს, რომელიც ხელისუფლებამ ბოლო თვეებში გამოიწვია.
ეს კანონი, თუ მას მიიღებენ და ძალაში შევა, დამოუკიდებელ აქტივისტებსა და ჯგუფებს ყალბ არჩევანს აძლევს, რომ მიიღონ უცხო ძალის აგენტის დაუსაბუთებელი და მასტიგმატიზებელი იარლიყი, დაპატიმრებისა ან გადასახლების საფრთხის ქვეშ დადგნენ, ან მთლიანად მიატოვონ თავიანთი საქმიანობა. ამან შეიძლება საქართველოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების დასასრული გამოიწვიოს.” – ამბობს Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორი, ჰიუ უილიამსონი.
HRW ხაზს უსვამს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მთავარმა ავტორიტეტულმა ორგანოებმა დაადგინეს, რომ 2024 წლის უცხოური გავლენის კანონი არღვევს ადამიანის უფლებათა ნორმებს.
“მთავრობას სულ უფრო ღრმად ჩაჰყავს საქართველო ადამიანის უფლებათა კრიზისში. ხელისუფლებას შეუძლია თავიდან აიცილოს კრიზისის გაუარესება და უცხოელი აგენტების კანონპროექტის გაუქმებით აჩვენოს, რომ ინარჩუნებს გარკვეული პატივისცემას ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობისადმი”, — დასძინა უილიამსონმა.
18 მარტს ერთპარტიული პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “FARA-ს ანალოგ” “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს” II მოსმენით მხარი დაუჭირეს.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრის”შეფასებით,FARA-ს გონივრული განმარტებით, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები კანონის რეგულირების მიღმა უნდა დარჩნენ, ამის საწინააღმდეგოდ კი, “ქართული ოცნება” კანონსმედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს.
როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, 1938 წელს FARA-ს მიღების კონტექსტი, ევოლუცია და მისი გამოყენების ადმინისტრაციული და სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ FARA არა ავტონომიური საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს.