FARA-ს ვალდებულებების შეუსრულებლობა 5 წლამდე პატიმრობით დაისჯება - კანონპროექტი
FARA-ს კანონპროექტი
ქართული ოცნების დარეგისტრირებული FARA-ს კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის სისხლის სამართლის კოდექსშიც, რომლის მიხედვით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე. პროექტის მიხედვით, ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით.
პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე აიტვირთა FARA-ს კანონპროექტის ტექსტიც, რომელიც აშშ-ს იურისდიქციაში მყოფებს და აშშ-ს ინსტიტუტებს მიემართება. კანონპროექტში არ არის ნახსენები საქართველო და გამოყენებულია ტერმინები, როგორებიცაა უცხოური პრინციპალი, უცხოური პრინციპალის აგენტი, შტატის კანონები და ა.შ. უცხო ქვეყნად მოხსენიებულია აშშ-ს ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნები.
პარლამენტის იურიდიულმა დეპარტამენტმა განიხილა FARA-ს ანალოგი და დაადგინა, რომ კანონის სტრუქტურა არ მიემართება არსებულ ნორმას, გამომდინარე იქიდან, რომ შეიცავს “მთელ რიგ შინაარსობრივ და სამართლებრივ” უზუსტობებს, რაც გულისხმობს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ს სამართლებრივ ურთიერთობებს და არ შეესაბამება საქართველოს სამართლებრივ სისტემას.
FARA-ს კანონპროექტის მიხედვით, უცხოური პრინციპალის აგენტი ნიშნავს:
- ნებისმიერ პირს, რომელიც მოქმედებს, როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე, ან ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს უცხოური პრინციპალის უფლებამოსილების, მოთხოვნის, ბრძანების ან კონტროლის შესაბამისად; ასევე, პირს, რომლის ნებისმიერი საქმიანობა პირდაპირ ან ირიბად არის უცხოური პრინციპალის ზედამხედველობის ქვეშ, არის მის მიერ მართული, კონტროლირებული, დაფინანსებული, ან სუბსიდირებული სრულად ან დიდწილად და, რომელიც პირდაპირ ან სხვა პირის მეშვეობით:
- მონაწილეობს ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ აქტივობებში უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე;
- უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩეველი, საზოგადოებრივი აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
- უცხოური პრინციპალის ინტერესებისთვის ან ინტერესებიდან გამომდინარე, მოითხოვს, აგროვებს, აფინანსებს ან გასცემს შენატანებს, სესხებს, ფულს ან სხვა ღირებულ ნივთებს ამერიკის შეერთებულ შტატებში; ან
- ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმოადგენს უცხოური პრინციპალის ინტერესებს ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ნებისმიერი სააგენტოს ან ოფიციალური პირის წინაშე; და
- ნებისმიერი პირს, რომელიც ეთანხმება, ვარაუდობს ან ამტკიცებს, რომ იმოქმედებს ან იქნება, ხელშეკრულების საფუძველზე ან მის გარეშე, უცხოური პრინციპალის აგენტი, ამავე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.
განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტით წესრიგდება შემდეგი საკითხები:
- უცხოური პრინციპალის აგენტისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;
- სუბიექტის უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტების საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;
- უცხოური პრინციპალის აგენტად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი.
ქართული ოცნება FARA-ს მიხედვით, ტერმინს უცხოური პრინციპალის აგენტი არ გაავრცელებს “კეთილსინდისიერ ახალი ამბების გამავრცელებელზე”, თუ მათი მფლობელები არ არიან “მართული, კონტროლირებული, სუბსიდირებული ან დაფინანსებული, ასევე, მათი არც ერთი პოლიტიკა არ განისაზღვრება “უცხოური პრინციპალის“ მიერ”.
იურიდიული დეპარტამენტის განმარტება
პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის განმარტებით, კანონპროექტში მოხსენიებული “კონგრესი”, “ხაზინის მდივანი”, “კონგრესის ბიბლიოთეკა”, “სახელმწიფო დეპარტამენტი” და სხვა ორგანოები/პირები საქართველოს კანონმდებლობაში “არ არსებობს”. ამიტომ, დეპარტამენტის განცხადებით, დასაზუსტებელია თუ რომელი ორგანო/პირი განახორციელებს კანონში მოცემულ უფლებამოსილებებს.
პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი პარლამენტის ბიუროს რეკომენდაციით მიმართავს, “იმსჯელოს აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესის დაწყების მიზანშეწონილობაზე”.
ირაკლი კობახიძე: ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს
“ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა ხელისუფლებამ აღიარა, რომ კონკრეტული მექანიზმები, USAID, მათ შორის, NED, სხვა მექანიზმები გამოიყენებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში ვითარების ასარევად. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ალტერნატივა მითუმეტეს არ აქვს NGO-ების გამჭვირვალობას, არ შეიძლება, NGO-ები და მათი დაფინანსება იყოს გამოყენებული როგორც ქვეყანაში პოლიტიკური ინტერვენციის მექანიზმი, შესაბამისად, ბუნებრივია, ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს.” – ამბობს ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე.
საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ განცხადება “ქართული ოცნების” წევრმა, მამუკა მდინარაძემ 5 თებერვალს გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში დააინიცირა კანონპროექტი, რომელზეც ირაკლი კობახიძე 2023 წლის 21 თებერვალს ამბობდა რომ “ამერიკული კანონი სრული კატასტროფა იყო და ასეთის მიღებას ვერ იკადრებდნენ”.
ამერიკული კანონი FARA (Foreign Agents Registration Act), რომელზეც “ოცნება” აპელირებს, აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღეს და ამ კანონის მიზანი იყო ამერიკის მოსახლეობა მაშინდელი მტრისგან – მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდისგან დაეცვა. არც მაშინ და არც დღეს FARA არ ვრცელდებოდა ამერიკის მოკავშირე, მეგობარ ქვეყნებზე.
FARA-ში წერია, რომ კანონი არ ეხება არც მედია ორგანიზაციებს და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ მხოლოდ ლობისტურ ორგანიზაციებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ახლადდანიშნული გენერალური პროკურორის, პემ ბონდის ბრძანებით, “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის” იგივე FARA-ს აღსრულება იზღუდება.
ბრძანება ზღუდავს FARA-ს დარღვევისთვის სისხლის სამართლის დევნას და განსაზღვრავს, რომ ასეთი საქმეები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმ შემთხვევებით, როდესაც სავარაუდო ქმედებები ტრადიციული ჯაშუშობის მსგავსია და უკავშირდება უცხო ქვეყნის მთავრობებს.