"გლობალური ომის პარტია", "დიფ სთეითი" და სხვა საფრთხეები "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება
8 იანვარს, “ქართული ოცნების” ფეისბუკგვერდზე გამოპქცეყნდა ვრცელი განცხადება, რომელისაც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო აწერს ხელს. განცხადება არის მცდელობა, აიხსნას ის პროცესები, რომლებიც ამჟამად საქართველოში მიმდინარეობს.
მოკლედ რა წერია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს 1208 სიტყვიან განცხადებაში:
“გლობალური ომის პარტია” არ ისვენებს და კვლავ ცდილობს საქართველოს ომში ჩართვას, რასაც ეწინააღმდეგება “ქართული ოცნება”. ამ წინააღმდეგობით გაბრაზებული “გლობალური ომის პარტია” სანქციებს უწესებს ბიძინა ივანიშვილს – სჯის მას მშვიდობისთვის. “გლობალური ომის პარტია” მოქმედებს “დიფ სთეითის” დახმარებით. დიფ სთეითი არის საიდუმლო მსოფლიო ქსელი, რომელშიც თითქმის ყველა ევროპელი თუ ამერიკელი ლიდერი და მაღალჩინოსანია გაწევრიანებული.
მნიშვნელოვანი დეტალებია ის აბზაცები, რომლებიც ტრამპს ეხება – “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს მოკავშირედ და თანამოაზრედ წარმოაჩენს “დიფ სთეიტთან” ბრძოლაში.
ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი – ამ განცხადებაში კიდევ ერთხელ დადასტურებულია, რომ 2030 წლამდე “ქართული ოცნება” არ აპირებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს.
ახლა კი ვრცლად:
გლობალური ომის პარტია და დიფ სთეითი
განცხადებაში ცენტრეალური ადგილი კვლავ “გლობალური ომის პარტიაზე” და “დიფ სთეითზე” საუბარს ეთმობა.
განცხადება იწყება იმით, რომ ის ფინანსური სანქციები და სავიზო შეზღუდვები, რომლებიც ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ და ასევე აშშ-მ “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებს დაუწესა, “უნდა შეფასდეს როგორც ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ქართული საზოგადოების ნდობას დასავლური ინსტიტუტების მიმართ”.
სანქციების უკან “ქართული ოცნება” კვლავ გლობალური ომის პარტიას ხედავს, თუმცა ამჯერად საქმეში “დიფ სთეითიც” ჩაერთო. განცხადებაში განმარტებული არ არის, რა არის “დიფ სთეითი”, თუმცა ირიბად ვიგებთ, რომ ეს არის მსოფლიო ქსელი, რომელსაც “გლობალური ომის პარტია” მართავს”.
მეორე აბზაცში ვკითხულობთ:
“რაც უფრო ღრმად აქვს ფესვები გადგმული გლობალურ ომის პარტიას სხვადასხვა ქვეყანაში და რაც უფრო ძლიერია ამა თუ იმ ქვეყანაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზები, რომელიც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარ ინსტრუმენტად გვევლინება, მით უფრო ანტიქართულია შესაბამისი ქვეყნის დამოკიდებულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის მიმართ”.
შემდეგ, ოცნების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფაქტობრივად თითქმის ყველა ამერიკელი და ევროპელი მაღალი რაინგის პოლიტიკოსი რაღაც საიდუმლო ქსელის წევრია, რომელსაც “დიფსთეითი” ჰქვია:
“უკლებლივ ყველა კონკრეტული პოლიტიკოსი და ბიუროკრატი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, იქნება ეს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტარი, ევროპარლამენტარი, დიპლომატი თუ ჩინოვნიკი, არის „დიფ სთეითის“ ქსელის წევრი, რომელიც არა ამერიკელი ან ევროპელი ხალხის ინტერესების მიხედვით, არამედ გლობალური ომის პარტიის კარნახით მოქმედებს”.
შემდეგ მოდის გასული ოთხი წლის მიმოხილვა, სადაც აღნიშნულია, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში „დიფ სთეითმა“ დიდი ზიანი მიაყენა როგორც აშშ-ს ისე, ევროპას. “დიფ სთეითსვე” ( და არა პუტინს) ბრალდება უკრაინაში ომის დაწყება:
“ანადგურებდა არა მხოლოდ ამერიკას, არამედ მსოფლიოს არაერთ ქვეყანას. „დიფ სთეითმა“ შეუქმნა უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები ევროკავშირს. „დიფ სთეითმა“ ომის ქარცეცხლში გახვია მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო. ყველაზე მძიმედ კი, „დიფ სთეითის“ პატრონების გამანადგურებელი ეფექტი ჩვენს მეგობარ ქვეყანაზე – უკრაინაზე აისახა. უკრაინა, რომელსაც 2014 წლამდე ჰქონდა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, მშვიდობა და თითქმის 200-მილიარდიანი ეკონომიკა, დღეს, პრაქტიკულად, განადგურებულია, რაზეც „მაიდანის“ ავტორები არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებენ”.
ამავე წერილში ვგებულობთ, რა არის “გლობალური ომის პარტიის” დევიზი – ეს არის ორუელისეული პრინციპი – „ომი არის მშვიდობა, მონობა – თავისუფლება, ხოლო უმეცრება – ძალა“.
“ომი, მონობა, უმეცრება და ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც გლობალური ომის პარტია თანამედროვე სამყაროს უდიდეს ნაწილს არაფორმალურად მართავს”.
ტრამპი
შემდეგ აბზაცში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო ტრამპს მიმართავს:
“ამერიკის არჩეული პრეზიდენტის გუნდი აკეთებს დამაიმედებელ განცხადებებს ამერიკულ ოფიციალურ სტრუქტურებში „დიფ სთეითის“ განადგურების შესახებ. პრეზიდენტმა ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“.
ტრამპი განცხადების სხვა აბზაცებშიცაა ნახსენები. “ოცნება” მას დადებით კონტექსტში მოიხსენიებს, როგორც მოკავშირეს დიფ სთეითთან ბრძოლაში:
“პრეზიდენტ ტრამპის მიერ „დიფ სთეითის“ მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულებას შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც, გვჯერა, თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში“.
“საქართველოს ომში ჩართვა კვლავ აქტუალურია”
ამის შემდგომ განცხადების ავტორები კვლავ მმართველი გუნდის ცნობილ ნარატივს ავითარებენ, რომ საქართველო ომს მხოლოდ “ოცნების” ძალისხმევით გადაურჩა და რომ საქართველოს ომში ჩართვა და მისი “უკრაინიზაცია” გლობალური ომის პარტიას კვლავ უნდა. “ქართული ოცნების” ლიდერებს სანქციებიც იმიტომ დაუწესეს, რომ მმართველი გუნდი გატყდეს:
“ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და „დიფ სთეითის“ ხელით, კონკრეტული სახელმწიფოები ქართველ პოლიტიკოსებსა და თანამდებების პირებს უწესებენ”.
“ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაში წერია, რომ საქართველო დღეს “კარგ საქმეს უკეთებს ევროპას”, “რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს „დიფ სთეითის“ თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს”.
განცხადებაში გაკრიტიკებულია ევროკავშრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და ნათქავამია, რომ ევროკავშირმა ხუთი ანტიქართული რეზოლუცია მიიღო და მალე საქართველოს ომის დაწყებას ღიად მოსთხოვენ:
“ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების განთავისუფლება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწვევა და ა.შ. ბოლო, მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის, რის საჯაროდ მოთხოვნასაც, სერიოზულ მოთამაშეთაგან, მანამდე ვერავინ ბედავდა – რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით, ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში, მაღალი ალბათობით, რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგვთხოვს”.
“ივანიშვილი ისჯება მშვიდობისთვის”
განცხადების ვრცელი ნაწილი ეთმობა ბიძინა ივანიშვილის დამსახურებების ჩამოთვლას
“ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისათვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა, ადამიანების წამებისა და მკვლელობის, ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა, ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12-წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა”.
„დიფ სთეითი“ ბიძინა ივანიშვილს მშვიდობისთვის სჯის,” – აღნიშნულია განცხადებაში.
გახარიაზე
განცხადებაში გმირებადაა მოხსენიებული ასევე სანქცირებული შს მინისტრი ვახტანგ გომელაური და ასევე აქციების დაშლაში მონაწილე პოლიციელები და გავლებულია პარალელები წანა ხელისუფლების შს სამინისტროებთან. მათ შორის, გიორგი გახარიასთან, რომელის “ქართული ოცნების” შს მინისტრი იყო. გახარიას “გლობალური ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ ფავორიტად მოიხსენიებენ.
“გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია,” – აღნიშნულია განცხადებაში, სადაც იხსენებენ 2019 წლის 20 ივნისის მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევას, რომელსაც გახარია ხელმძღვანელობდა და რომელიც “7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა”. [განცხადებაში გამოტოვებულია ის ფაქტი, რომ სწორედ ამ სპეცოპერაციის შემდეგ გახარია ბიძინა ივანიშვილის წარდგინებით ქვეყნის პრემიერად დაინიშნა_JAMnews].
საზოგადოება “ქართული ოცნების” მოკავშირეა
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ სანქციების მიმართ ქართული საზოგადოება გულგრილია:
“ამ ყველაფერს ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არჩევს და სწორედ ამიტომ აქვს „დიფ სთეითის“ სანქციებს საქართველოში ყოველგვარი ძალა დაკარგული”.
განცახებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მანამდე დახურულ კარს მიღმა ემუქრებოდნენ და აიძულებდნენ ომში ჩართვას, თუმცა ამან რომ არ გაჭრა, უკვე ღია მოწოდებები დაიწყო:
“ან იომებ ან დაგსჯით“ – ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისგან იღებს”.
“ნიშანდობლივია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციები პირველად უკრაინის ხელისუფლებას დააწესებინეს, ამას მოყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების სანქციები, რომლებსაც სუვერენიტეტი, პრაქტიკულად, სრულად აქვთ დაკარგული და მთლიანად „დიფ სთეითის“ კარნახით უწევთ მოქმედება,” – ვკითხულობთ “ქართული ოცნების” განცხადებაში.
შემდეგ მოდის პასაჟი ქართველ ხალხზე, რომელიც ვერ დააშინებენ სანქციებით. [შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ არც აშშ-ს და არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არც ერთი სანქცია არ დაუწესებიათ. სანქციები დაუწესდა ბიძინა ივანიშვილს და ასევე “ქართული ოცნების” სხვა, კონკრეტულ მაღალჩინოსნებს_JAMnews]
“საბოლოოდ, ქართველ ხალხს ვერავინ ვერავითარი სანქციებით ვერ შეაშინებს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ქვეყნის განადგურებას ვერცერთი სანქცია ვერ შეედრება. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებას ვერავინ ვერავითარი სანქციების ფასად ვერ აიძულებს, ქვეყანა გამანადგურებელი ომისთვის გაწიროს. ქართველი ხალხი საქართველოს უკრაინიზაციას არავითარი სანქციების ფასად არ დაუშვებს,” – აღნიშნულია განცხადებაში.
გლობალური ომის პარტია, რომელიც “მხოლოდ საზოგადოების უმცირესობის აზრის მანიპულირებას ახერხებს”.
“ლოკალური ომის პარტია”
გარდა გლობალურისა, განცხადებაში გვხვდება კიდევ ერთი ომის პარტია – ლოკალური. “ლოკალური ომის პარტიას” ანუ კოლექტიური ნაცმოძრაობას “ქართული ოცნება” სრულიად ოპოზიციურ სპექრს და კრიტიკულად განწყობილ, პროევროპულ პროტესტში მონაწილე საზოგადოებას უწოდებს.
განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ ეს “ლოკალური ომის პარტია” უარს ამბობს “ხელისუფლების ყველა შეთავაზებაზე საჯარო დისკუსიის გამართვასთან დაკავშირებით”.
ასევე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ოპონენბტები “არ აღიარებენ ეუთო/ოდირის დასკვნას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, როდესაც მანამდე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას დაჟინებით ითხოვდნენ”.
ჯო უილსონზე
ე.წ. “მეგობარი აქტის” ინიციატორზე, ამერიკელ კონგრესმენზე, ჯო უილსონზე განცხადებაში ხაზგასმულადაა საუბარი.
“ჯო უილსონი არის „დიფ სთეითის“ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინება – დეგრადირებული პოლიტიკოსი ნულოვანი პოლიტიკური კულტურით, რომელიც უხეშად გვემუქრება, რომ დაგვსჯის, თუ არ ვიომებთ,” – აღნიშნულია განცხადებაში.
“ქართული ოცნება” ვარაუდობს, რომ ჯო უილსობს „დიფ სთეითის“ დავალებების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილი” ავალებს და ამისთვის ფულს უხდის.
“კაცი კაცია და ქალი ქალი”
არ ჩაუვლია “ქართული ოცნების” განცხადებას კაცის და ქალის ხსენების გარეშე.
ჯო ვილსონის კომპრომატად მოყვანილია ის ფაქტი, რომ ამ პოლიტიკოსმა არ დაგმო “ენტონი ბლინკენის გადაწყვეტილება, რომელიც კაცის კაცად და ქალის ქალად მოხსენიების აკრძალვას ითვალისწინებდა”.
ევროპაში „დიფ სთეითის“ მეტასტაზების მოშლას შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა – „სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია“. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ „დიფ სთეითის“ უკან მდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება.
ევროკავშირთან უერთიერთობების გადატვირთვაზე
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა „დიფ სთეითის“ ევროპული მეტასტაზების მოშლა”.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “დიფ სთეითის” მეტასტაზების წყალობით ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს არამარტო ანტიქართულ პოლიტიკას ატარებს, არამედ უხეშ ლგბტ-პროპაგანდას და მიგრაციული პოლიტიკას ეწევა.
განცხადებაში კვლავ გამეორებულია, რომ “ქართული ოცნება” 2030 წლამდე ევროკავშირთან ურთიერღთობების ნორმალიზებას არ ელის და მხოლოდ 2030 წლისთვის გეგმავს ევროკავშირთან ურთიერთობას:
“იმედი გვაქვს, 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და „დიფ სთეითის“ პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან, საქართველო არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში”.
მანამდე კი, “ქართული ოცნება” ქართველ ხალხს შემდეგ დევიზს სთავაზობს:
“მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ და ევროპაში – ეს არის დევიზი, რომელიც 2030 წლამდე არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსთვის უნდა გახდეს თანაცხოვრების საკვანძო პრინციპი”.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადება