"დემონსტრანტების ცემა და წამება" - საია-ს წინასწარი დასკვნა
საია-ს წინასწარი დასკვნა
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოში საპროტესტო აქციებში მონაწილეთა წინააღმდეგ, 2024 წლის 28 ნოემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, წამებისა და არასათანადო მოპყრობის კვლევის წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა. ორგანიზაციის დირექტორის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების, “ერთად წამების წინააღმდეგ” კონსორციუმის (UATC) მხარდაჭერით შეიმუშავეს.
ქურდოვანიძის განმარტებით, მტკიცებულებები მოიცავს: ღია წყაროებიდან მოპოვებულ ფოტო და ვიდეო მასალებს, ინტერვიუებს, საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის 11 მსხვერპლის დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო შეფასებას, მათ შორის არსებული სამედიცინო ჩანაწერებისა და მათი დაზიანებების სხვა ფოტო-მტკიცებულებების განხილვას.
ამასთან, საია-ს დირექტორის განცხადებით, სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები აჩვენებს მსხვერპლთა ტრავმების შემაშფოთებელ მოდელს, სადაც სახისა და თავის დაზიანებები განსაკუთრებით ხშირია.
2024 წლის 10-24 დეკემბერს, წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭომ (IRCT), დამოუკიდებელ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფსა (IFEG) და წამების წინააღმდეგ მსოფლიო ორგანიზაციასთან (OMCT) ერთად, თბილისში განახორციელა ერთობლივი მისია GYLA-ს, GCRT-ის, HRC-ისა და სხვა ქართული ორგანიზაციების მხარდასაჭერად. ამ მისიაში კვლევითი დახმარება გაუწია Omega Research Foundation-მა.
კვლევის წინასწარი დასკვნა
● ინტერვიუებში მონაწილე მსხვერპლები, მოწმეები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხაზს უსვამდნენ დემონსტრაციების აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს.
● თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, პროტესტებს ძალადობრივად არბევდნენ წიწაკის სპრეის, ცრემლმდენი გაზისა და ქიმიური ნივთიერებით გაჯერებული წყლის ჭავლების გამოყენებით. ამ იარაღების გამოყენებამ სერიოზული შეშფოთება გამოიწვია.
● დაზარალებულები აღწერდნენ, რომ ცრემლმდენი გაზი გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმძლავრით და იწვევდა ძლიერ გაღიზიანებას ღია სივრცეშიც კი, რასაც თან ახლდა დეზორიენტაცია, თავის ტკივილი და სხვა ფიზიკური დისკომფორტი.
● წყლის ჭავლის გამოყენება განსაკუთრებით პრობლემურია, რადგან თბილისის დაბალი ტემპერატურა (-1°C-დან +8°C-მდე) ამძიმებდა მსხვერპლთა მდგომარეობას, რომელსაც ემატებოდა წყალში გარეული ქიმიური გამღიზიანებლები.
● ამასთანავე, მიუხედავად დემონსტრანტების დაშლისკენ მოწოდებებისა, რამდენიმე დაზარალებულმა განაცხადა, რომ პოლიციამ არ უზრუნველყო არც ერთი ღია და უსაფრთხო გასასვლელი, ზოგიერთ შემთხვევაში კი პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურად ესხმოდნენ თავს დემონსტრანტებს, რომლებიც ცდილობდნენ გამოყოფილი დერეფნების გავლით ტერიტორიის დატოვებას, ან მათ ალყაში აქცევდნენ და ამ გზით აბრკოლებდნენ.
● ჩვენებებში დამატებით გამოიკვეთა, რომ პოლიციამ ცალკეული დემონსტრანტები გამოყო მასისგან და მათზე ფიზიკურად იძალადა – ცემდა და ურტყამდა წიხლებს – მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ავლენდნენ ძალადობას და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს.
● აღნიშნული ინციდენტები, სავარაუდოდ, მოხდა რუსთაველის გამზირზე (თბილისი, საქართველო) და მის მიმდებარე ქუჩებზე, პოლიციის სატრანსპორტი საშუალებებში (მიკროავტობუსებსა და მანქანებში) და უშუალოდ ტრანსპორტირების დროს. ადრეული ჩვენებები მიუთითებდა სახეში, თავსა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე წიხლების რტყმას, ხოლო მოგვიანებით აღინიშნა, რომ პოლიციის თანამშრომლებმა მხოლოდ სხეულზე დაიწყეს მიზანმიმართული დარტყმები – რაც დაზიანებებს ნაკლებად შესამჩნევს ხდიდა.
● მსხვერპლებმა ასევე განაცხადეს, რომ თავდასხმებს ხშირად თან ახლდა შეურაცხყოფა, მუქარები (მათ შორის სექსუალური ძალადობის შესახებ) და დამცინავი თუ დამამცირებელი კომენტარები. რესპონდენტებმა, ასევე, აღნიშნეს ჟურნალისტებზე თავდასხმებისა და დაკავების შემთხვევები, მათ შორის იმ ჟურნალისტების, რომელთაც ჰქონდათ შესაბამისი, პრესის აღმნიშვნელი საიდენტიფიკაციო ნიშანი. მათ თავს დაესხნენ და დააკავეს როგორც დემონსტრაციის ადგილზე, ისე ახლომდებარე ქუჩებზე.
● ბევრმა დაზარალებულმა მიიღო მძიმე დაზიანება, მათ შორის ცხვირის ძვლის მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევები და რბილი ქსოვილების მასშტაბური დაზიანებები. ზოგიერთი შემთხვევა მიუთითებს შესაძლო ნევროლოგიური დაზიანებების არსებობაზე, ასევე, ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.
● ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც ეხება პოლიციისა და უსაფრთხოების ძალების თავდასხმების დოკუმენტირებას დემონსტრანტებზე მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის 2020 წელს ბელარუსში, თავისა და სახის მძიმე ტრავმების მქონე პირთა პროცენტული მაჩვენებელი შემაშფოთებლად მაღალია. ეს მიუთითებს ფართოდ გავრცელებულ, თანმიმდევრულ და მიზანმიმართულ პრაქტიკაზე, რომლის მიზანია ფიზიკური ძალის კონცენტრირება თავის არეში. მრავალი პირი ჩვენებაში აღნიშნავს, რომ პოლიციამ სახეში დაარტყა ე.წ. „მყარი გარსის ხელთათმანებით“, რაც ზრდის დარტყმის ძალას და იწვევს დაზიანებებს, რომლებიც შესაბამისია დაფიქსირებულ ტრავმებთან.
● რამდენიმე დაზარალებულმა, ასევე, აღნიშნა ნეკნებისა და ხერხემლის დაზიანებები, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს თავდასხმების სიმძიმეს. გამოძიებისას, ბევრ პირს ასევე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები და სიწითლეები ქვედა კიდურებზე, განსაკუთრებით ბარძაყების უკანა მხარეს, რაც შეესაბამება ჩვენებებს, რომ მათ იატაკზე ან პირაღმა წოლისას აბიჯებდნენ ფეხებს და სცემდნენ.
● ბევრ შემთხვევაში, დაზიანებების მოდელი მაღალი თანმიმდევრობით ადასტურებს მსხვერპლთა განცხადებებს, რომ მათ ჯერ ბოჭავდნენ, შემდეგ ურტყამდნენ და ფეხით დგებოდნენ მათზე, ხშირად ეს ხდებოდა სატრანსპორტი საშუალებაში, რაც უზრუნველყოფდა მათი მოქმედების საიდუმლოებას, სრულ კონტროლსა და დროს.
● დაზიანებების მოდელი, რომლებიც დაფიქსირდა, არ ადასტურებს ორი მხარის ფიზიკური კონფლიქტის, მაგალითად, ჩვეულებრივი ჩხუბის ან შეტაკების ვარაუდს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.
● საერთო ჯამში, სასამართლო-სამედიცინო მტკიცებულებები, მათ შორის დაზიანებების მოდელი მიუთითებს სისტემატურად წამებისა და არასათანადო მოპყრობის კოორდინირებულ პოლიტიკასა და პრაქტიკაზე დემონსტრანტებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ, რომელიც ხშირად მას შემდეგ ხდებოდა, როდესაც ისინი პოლიციის ფიზიკურ კონტროლს ექვემდებარებოდნენ.