ბრიტანეთმა დაასანქცირა ვახტანგ გომელაური, "ხარება" და შსს-ს კიდევ სამი მაღალჩინოსანი აქციების სასტიკი დარბევის გამო
ბრიტანეთმა გომელაური დაასანქცირა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ, 19 დეკემბერს, ხუთ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. დასანქცირებულთა შორის არიან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი “ხარება” და მისი მოადგილე და თბილისის პოლიციის უფროსი.
ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, ეს ხუთი ქართველი მაღალჩინოსანი პასუხისმგებელია ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.
სანქციები მოჰყვა დიდი ბრიტანეთის გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის ყველა პროგრამა, მათ შორის, თავდაცვის სექტორში. ასევე, შეზღუდოს თანამშრომლობა “ქართულ ოცნებასთან”.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები მომზადდა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული ქმედებების ფარგლებში.
“საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი წინააღმდეგობა გაუწია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ სვლა
მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და განიხილება, როგორც “ქართული ოცნების” კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას დაუცველს ხდის კრემლის გავლენის მიმართ.
დღეს სანქცირებული პირებს ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში გამგზავრება. გარდა ამისა, გაიყინება მათი უძრავი ქონება დიდ ბრიტანეთში, რაც ნიშნავს, “მათ გარიცხვას დიდი ბრიტანეთიდან და მისი ეკონომიკიდან”.
ეს ზომები დამატებით იცავს გაერთიანებული სამეფოს ეროვნულ უსაფრთხოებას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით პოტენციური ზიანის თავიდან ასაცილებლად, საფრთხეების შეკავებისა და ჩაშლის მიზნით; და ინციდენტებზე ეფექტური რეაგირებაა“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლამიმ განაცხადა, რომ:
„მომიტინგეების, ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული შოკისმომგვრელი ძალადობა არის საშინელი თავდასხმა დემოკრატიაზე და ქართველი ხალხის უფლებაზე, გამოიყენოს თავისი ფუნდამენტური თავისუფლებები.
ჩვენი დღევანდელი ქმედება აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფო დგას საქართველოს ხალხის გვერდით და განიხილავს ყველა ვარიანტს, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ”.
დასანქცირებული პირები არიან:
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი;
- ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე;
- სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
- ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები მშვიდობიანი მომიტინგეების დასაშლელად. ინფორმაცია, რომ დემონსტრანტებზე სასტიკად იძალადეს, საქართველოს სახალხო დამცველმაც დაადასტურა.
გაეროს ექსპერტებმა დაგმეს რეპრესიებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკა საქართველოში. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), რომლის წევრიც თავად საქართველოა, დარბევას შეკრების თავისუფლების სერიოზულ დარღვევას უწოდებს.
2024 წლის ივნისში დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა ყოველწლიური სტრატეგიული დიალოგი საქართველოსთან – “უორდროპის დიალოგი”, გაზრდილი ანტიდასავლური რიტორიკისა და კრემლის სტილის კანონების მიღების საპასუხოდ, რომლებიც ზღუდავს მედიის თავისუფლებას და ძირს უთხრის ქართველი ხალხის თანასწორობას – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
ბრიტანეთმა გომელაური დაასანქცირა