ვინ ვინ არის ქართულ არჩევნებში. მოკლედ მთავარ საარჩევნო სუბიექტებზე და ლიდერებზე
არჩევნებში მონაწილე პარტიები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარდება.
საქართველო რიგით დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. მანდატები გადანაწილდება იმ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.
ამ ტესტში კიდევ ერთხელ გაგაცნობთ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარ მოთამაშეებს – იმ პარტიებსა და კოალიციებს, რომლებიც, სხვადასხვა კვლევით, ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ.
პარტიები დალაგებულია საარჩევნო ნომრების რიგითობის მიხედვით.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” – ნომერი 4
პარტია „ახალი“ ოპოზიური ტელეკომპანიის, „მთავარი არხის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ და „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დააფუძნეს.
საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიამ შექმნა „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელშიც გაერთიანდნენ სხვა ოპოზიციური პარტიები – ელენე ხოშტარიას „დროა“, ზურა გირჩი ჯაფარიძის „გირჩი – მეტი თავისუფლება“, ასევე ცალკეული პოლიტიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
ამ კოალიციის ბირთვს, ყოფილი მმართველი პარტიიდან, “ნაციონალური მოძრაობიდან” სხვადასხვა დროს წამოსული ლიდერები და ასევე ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსები წარემოადგენენ. საპარლამენტო სიაც, შეიძლება ითქვას, ყველა სხვა პარტიისგან განსხვავებით უფრო ახალგაზრდულია.
კოალიციის საპარლამეტო სიის პირველი ნომერი პოლიტიკოსი არ არის, საჯარო მოხელე ნანა მალაშხიაა. საზოგადოებამ იგი 2023 წლის მარტში გაიცნო – მალაშხია, რომელიც მიტინგის წყლის ჭავლით დარბევის დროს ევროკავშირის დოშას აფრიალებდა, პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ იქცა.
საარჩევნო პროგრამა: კოალიცია ამომრჩევლებს არა მხოლოდ ხელისუფლების დამარცხებას, არამედ სისტემურ ცვლილებებს და “დიდ გადატვირთვას” პირდება. მთავარი ამოცანა ევროკავშირში გაწევრიანებაა.
კოალიციის პროგრამას ჰქვია “გეგმა 4-4-4” . კოალიციური მთავრობის შეკრებიდან ოთხი დღის შემდეგ, კოალიცია ცვლილებებისთვის ოთხ სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ინიციატივების წარდგენას აპირებს. ეს სფეროებია: პირველი – ევროკავშირთან ინტეგრაციული პროცესების აღდგენა, მეორე – დემოკრატიზაციის პროხესების დაწყება (რუსული სტილიის “აგენტების კანონის” გაუქმება, სასამართლოს რეფორმის დაწყება და სხვა), მესამე – გადასახადების შემცირების ინიციატივით გამოსვლა და მეოთხე – განათლების ბიუჯეტის მნიშვნელოვნად გაზრდა, განათლების სფეროს ყველა საფეხურის რეფორმირება და ე.წ. “ცოდნის ყულაბის” ინიცირება – ეს ნიშნავს მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის 5 000-ლარიან ყოველწლიურ დაფინანსებას თითოეული ბავშვისთვის, მოსწავლისთვის, სტუდენტისთვის.
პოლტიკური პლატფორმა: კოალიცია “ცვლილებებისთვის” არის პროევროპული, მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანება.
რეიტინგი: 17-29 სექტემბერის სოციოლოგიური გამოკითხვით, რომელიც ოპოზიციური ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით ამერიკულმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა, კოალიციას ცვლილებებისვის აქვს 13 პროცენტი.
კვლევით, რომელიც “ქართული ოცნების” დაკვეთით, კომანია “გორბიმ” ჩაატარა, კოალიციას ცვლილებებისთვის 10.3 პროცენტი აქვს:
ეს კოალიცია ქართული ქარტიის ხელმომწერია. მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტის როლი პროცესებშძი არის წამყვანი. მხარს უჭერენ ქართულ ქარტიას, ტექნიკური, გარდამავალი ადმინისტრაციის შექმნასთან დაკავშირებით. ასევე, აცხადებენ, რომ მხარს დაუჭერენ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს.
ნაციონალური მოძრაობა – ნომერი 5
„ნაციონალური მოძრაობა” ყველაზე პოპულარული ოპოზიციური პარტიაა საქართველოში. მისი დამფუძნებელი და ლიდერია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
ეს პარტია საქართველოს ხელისუფლებაში 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” შედეგად მოვიდა და ცხრა წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას. 2012 წლის არჩევნებში “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან “ქართულ ოცნებასთან” და ოპოზიციაში გადავიდა.
მიმდინარე არჩევნებზე ამ პარტიამ რეგისტრაცია ახალი სახელით გაიარა – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“.
ეს არის კოალიცია, რომლის შემადგენლობაში შედიან პარტიები: სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო. ასევე ცალკეული პოლიტიკოსები, რომლებიც წინა წლებში სხვადასხვა პარტიებს წარმოადგენდნენ – თამარ კორძაია, გია ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე, არმაზ ახვლედიანი. კოალიციაში შევიდნენ ასევე ისტორიკოსები ლაშა ბაქრაძე, ირაკლი ხვადაგიანი.
მიხეილ სააკაშვილის ფიგურა: ამ პარტიის თავმჯდომარე მისი დაარსების დღიდან, 2001 წლიდან, 2015 წლამდე იყო მიხეილ სააკაშვილი. შემდგომ წლებში “ნაციონალურმა მოძრაობამ” რამდენჯერმე გამოიცვალა თავმჯდომარე და პარტია არაერთმა ლიდერმა და რიგითმა წევრმა დატოვა. ამჟამად პარტიას ხელმძღვანელობს თინა ბოკუჩავა. თუმცა, მის მთავარ ლიდერად და გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად კვლავ რჩება მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე მეოთხე წელია პატიმრობაში იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილი სასჯელს კლინიკა “ვივამედში” იხდის. პარტიის მხარდამჭერები და ასევე საერთაშორისო პარტნიორების ნაწილის, მას ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკური პატიმარად მიიჩნევს.
საარჩევნო პროგრამა: “ნაციონალურმა მოძრაობის” პროგრამის მთავარი თეზისები პასპორტის იმიტირებულ ქაღალდზეა დაბეჭდილი და ევროკავშირის პასპორტის სიმბოლური დატვირთვა აქვს. ჩამოთვლილია ხუთი მთავარი პრირიტეტი: ევროკავშირში გაწევრიანება, შემოსავლების ზრდა, პენსიონერების დაცვა, ძლიერი ოჯახი, ფასების „მაფიის“ დასრულება.
რეიტინგი: 17-29 სექტემბერის სოციოლოგიური გამოკითხვით, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ამერიკულმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა, “ნაციონალურ მოძრაობას” 19 პროცენტი აქვს.
კვლევით, რომელიც “ქართული ოცნების” დაკვეთით, კომანია “გორბიმ” ჩაატარა, ნაციონალურ მოძრაობას 13.6 პროცენტი აქვს.
კოალიცია “ძლიერი საქართველო”, ნომერი 9
ეს არის მრავალპარტული საარჩევნო კოალიცია, რომელიც პარტია “ლელოს” გარშემო გაერთიანდდა.
ამ კოალიციაში შედიან: მამუკა ხაზარაძის “ლელო”, ანა დოლიძის “ხალხისთვის”, ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” და ლევან ცუცქირიძის “თავისუფლების მოედანი”. ამ ალიანსს ასევე შეუერთდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა ის პარტიულ სიაში არ არის, რადგან მარგველაშვილის თქმით, საპარლამენტო საქმიანობა მას არ აინტერესებს, მისთვის მთავარი პროცესში მონაწილეობაა.
„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო სიის სათავეშია გაერთიანების თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.
ბიზნესმენი, საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკის, თი-ბი-სი ბანკის ხალმძღვანელი მამუკა ხაზარაძე და მისი ბიზნეს-პარტნიორი ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკაში 2019 წელს წავიდნენ, მას შემდეგ წავიდნენ, რაც ხელისუფლებამ მათ ბიზნესს, TBC ბანკს პრობლემები შეუქმნა. “ქართულმა ოცნებამ” ასევე, შეაჩერა ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა. ხაზარაძე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ერთად ამ პორტის მშენებლობას ხელმძღვანელობდა.
ეს მეორე საპარლამენტო არჩევნებია, რომლებშიც პარტია “ლელო” მონაწილეობს. 2020 წლის არჩევნებზე “ლელომ” გადალახა სავალდებულო ბარიერი და პარლამენტში მოხვდა.
ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სასამართლის საქმე თაღლითობის მუხლით. 2022 წელს სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო ჯგუფურ თაღლითობაში. ამ საქმეს თავად ლიდერები პოლიტიკური დევნის კვალიფიკაციას აძლევენ.
2024 წლის არჩევნების წინ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ინიციატივა, რომ შექმნილიყო უფრო მსხვილი საარჩევნო კოალიცია “ძლიერი საქართველოს” და პარტია “გახარია – საქართველოსთვის” გაერთიანებით. თუმცა, პრეზიდენტის მცდელობების და რამდენიმერაუნდიანი მოლაპარაკებების მიუხედავად, ეს გაერთიანება არ შედგა. მის ჩაშლაში ლიდერები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
პოლიტიკური პლატფორმა: პროევროპული მემარჯვენე- ცენტრისტული პარტია.
პროგრამა: “ილიას გზა” – ასე ჰქვია კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო პროგრამას, რომელიც კოალიციამ თბილისთან ახლოს, წიწამურში წარადგინა, იმ ადგილას, სადაც დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძე მოკლეს. საარჩევნო პროგრამა 9 პუნქტისგან შედგება: ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს სრულად შეერთება, 200 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა, პენსია 1000 ლარი.
ასევე ბევრი დაპირება შეეხება უშუალოდ რუსეთს და რუსეთის მოქალაქეებს – რუსეთის მოქალაქეებს დაუწესდებათ შეზღუდვა მიწის შესყიდვაზე, რუსული კომპანიები ვერ მიიღებენ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში, საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალება რუსული ნომრის მქონე მანქანების რეალიზაცია ან შემოსვლა, აიკრძალება რუსეთთან პირდაპირი ფრენები, საქართველოში აიკრძალება რუსული სატელევიზიო არხები და რუსული ფონდები. ასევე, რუსული ბიზნესისთვის “საოკუპაციო მოსაკრებლის” დაწესება.
რეიტინგი: Edison Research-ის გამოკითხვით, კოალიციას “ძლიერი საქართველო” 12 პროცენტი აქვს. პროსახელისუფლებო Gorbi-ს კვლევით – 4,5 პროცენტი.
გახარია – საქართველოსთვის” – ნომერი 25
გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრია 2019-2021 წლებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გახარია “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი იყო.
მის პოლიტიკურ კარიერაში ყველაზე შავი ლაქაა 2019 წლის 20 ივნისის აქციის დარბევა, რომლის დროსაც 200 ზე მეტი დემონსტრანტი და ჟურნალისტი დაშავდა, ორმა კი თვალი დაკარგა. იმ დროს გახარია შს მინისტრი. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გახარიამ 2021 წლის თებერვალში დატოვა და ოპოზიციაში გადავიდა.
ეს გუნდი უმეტესად „ქართული ოცნებიდან“ სხვადასხვა დროს წასული პოლიტიკოსებითაა დაკომპლექტებული.
ამ პარტიისთვის ეს მეორე არჩევნები იქნება. პირველად გახარიას პარტიამ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ხმების 9.41 პროცენტით მესამე ადგილი დაიკავა.
პოლიტიკური ძალა “გახარია-საქართველოსთვის” დანარჩენი ოპოზიციისგან ყველაზე განცალკევებით დგას. ეს პარტია პოზიციონირებს როგორც პროევროპული ძალა, “ქართული ოცნების” ოპოზიცია და ასევე ყოფილი მმართველი პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” ანტიპოდი. უმეტესად, “ნადირობს” “ქართული ოცნების” ყოფილ, განხიბლულ ამომრჩევლებზე.
პლატფორმა: მემარცხენე-ცენტრისტული პარტიაა.
პროგრამა: “გახარია – საქართველოსთვის” საარჩევნო პროგრამას ღირსეული ცხოვრების მანიფესტი ჰქვია. მანიფესტი ხალხს ჰპირდება: დემოკრატიის გაძლიერებას, ევროპულ კეთილდღეობას, რაც მოიცავს ხელფასებისა და პენსიის ზრდის დაპირებას, სამუშაო ადგილების შექმნას, დეოკუპაციას და დევნილების მხარდაჭერას, ქალების გაძლიერებას, კორუფციასთან ბრძოლას. მინიმალური ხელფასის განსაზღვრა 950 ლარი თვეში, დროებითი კომპენსაცია უმუშევრებისთვის, პენსიის ზრდა, სოციალური პაკეტების ზრდა და ა.შ.
რეიტინგი: 17-29 სექტემბერის სოციოლოგიური გამოკითხვით, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ამერიკულმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა, გახარიას 11 პროცენტი აქვს.
გიორგი გახარიამ ხელი მოაწერა პრეზიდენტის ქარტიას, თუმცა ის არ ემხრობა არჩევნების მეორედ გამართვის იდეას.
იმის გამო, რომ გახარია ერთ დროს ივანიშვილთან დაახლოებული პირი იყო, მედიის წარმომადგენლები მას ყველაზე ხშირად უსვამენ კითხვას, ხომ არ აპირებს ის “ქართულ ოცნებასთან” კოალიციის შექმნას მომავალ პარლამენტში. ყოფილი პრემიერი კატეგორიულად გამორიცხავს ამ შესაძლებლობას. თუმცა, ასევე ამბობს, რომ არც “ნაციონალურ მოძრაობასთან” შექმნის კოალიციას.
“ქართული ოცნება” – ნომერი 41
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის აპრილში, საქართველოს ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, მილიარდერმა ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა.
სულ რამდენიმე თვეში, 2012 წლის 1 ოქტომბერს “ოცნებამ” საპარლამენტო არჩევნები მოიგო და მას შემდეგ უკვე 12 წელია საქართველოს ეს ძალა მართავს.
ამგვარად, “ქართული ოცნება” გახდა პარტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში მართავს ქვეყანას – აქამდე ყველა ხელისუფლება საქართველოში ორი ვადით იყო არჩეული. “ოცნება” კი 2024 წელს ხელისუფლებაში მეოთხე ვადით დასარჩენად იბრძვის.
ბიძინა ივანიშვილი 2012-2013 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. ამ თანამდებობიდან იგი საკუთარი ნებით გადადგა. მაშნ მან თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდიოდა და ქვეყნის მართვის საქმეებში აღარ ჩაერეოდა. თუმცა, მას შემდეგ ივანიშვილი სხვადასხვა მიზეზით ორჯერ მობრუნდა პოლიტიკაში.
მაღალ თანამდებობაზე არყოფნის დროსაც ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ სწორედ ივანიშვილი იყო ქვეყნის ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველი. სწორედ მისი ნება-სურვილით ინიშნებოდა პრემიერ-მინისტრები და მიიღებოდა ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
მესამედ ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარის სტატუსით, 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო წინასაარჩევნო კამპანიაში.
ივანიშვილი რეგიიონებში “ქართული ოცნების” დიდ პარტიულ ღონისძიებებს ესწრება. ამ ღონისძებების დროს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული – აქციის პერიმეტრზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, დიდ ქალაქებში ქუჩებს წინა დღით კეტავენ, თავად ივანიშვილი ხალხს სპეციალური ტყიაგაუმტარი შუშის კონსტრუქციიდან მიმართავს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამას იმით ხსნის, რომ იგეგმებოდა ივანიშვილის მკვლელობა, თუმცა გამოძიების დეტალების შესახებ სხვას არაფერს ამბობს.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ბევრი ფიქრობდა, რომ რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი საქართველოში პრორუსულ კურსს გაატარებდა. თუმცა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ”ქართული ოცნების” პრორუსული ნარატივი უფრო მკაფიო და ცხადი გახდა.
ორ წელზე მეტია, “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები რადიკალურ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებენ საქართველოს დასავლელი პარტნიორების და მეგობარი ქვეყნების ელჩების მისამართით. “ქართული ოცნების” ნარატივში აშშ-ი და ევროკავშირი არიან ე.წ. “გლობალური ომის პარტია”, რომელიც ცდილობს საქართველო ომში ჩაითრიოს და მის შიდა საქმეებში ერევა – მათ შორის, არჩევნებში.
2023 წელს საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიიღო, თუმცა ეს რიტორიკა არ შეწყვეტილა, პირიქით, კიდევ უფრო გამძაფრდა. 2024 წლის მაისში კი ხელისუფლებამ რუსული ყაიდის კანონი მიიღო, რომელიც “უცხო ქვეყნის აგენტებად” აცხადებს ქვეყანაში მოქმედ ასობით ორგანიზაციას.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები ღიად აცხადებენ რომ „ქართულმა ოცნებამ“ ევროატლანტიკური კურსიდან გადაუხვია, რის გამოც საქართველოს ევროინტეგრაციული პროცესები დე-ფაქტო შეჩერებულია.
აშშ-მა ადამიანის უფლებების დარღვევისა და ანტიდემოკრატიული პოლიტიკის გამო, რაც უმეტესად „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებას, საპროტესტო აქციების დაშლასა და მოქალაქეებზე ძალადობას უკავშირდება, პარტიის წევრებს, დეპუტატებსა და მთავრობის წევრებს – 100-მდე ადამიანს (უმეტესობის ვინაობა დაზუსტებული არ არის) სავიზო, 4-ს კი ფინანსური სანქციები დაუწესა.
პროგრამა: “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანია მთლიანად აგებულია პოპულისტურ, ანტილიბერალურ და პრორუსულ ნარატივზე.
მუდმივარ ისმის საუბრები იმაზე, რომ დასავლეთი თავს გვახვევს ლგბტ პროპაგანდას, ცდილობს ქართული ტრადიციების მოსპობას.
დასავლეთზე საუბრისას, ივანიშვილმა თქვა ერთ-ერთ საარჩევნო გამოსვლაში: „მოსახლეობისთვის ფსევდოღირებულებების თავს მოხვევის ძალადობრივ მცდელობებს, რაც ოჯახის, ეროვნულობის, რწმენის და საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგაა მიმართული!“
მთავარი, რაზეც ხელისუფლების წარმომადგენლები მუშაობენ, მოსახლეობაში ომის შიშის გაღვივებაა – “ოცნება” ამომრჩევლებს ეუბნება, რომ თუ ისინი ოპოზიციას აირჩევენ, საქართველოში იქნება ომი და რომ ერთადერთი ძალა, რომელიც “გლობალურ ომის პარტიას” წინააღმდეგობას უწევს “ქართული ოცნებაა”.
ეს ნარატივი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზეც არის გამოსახული. მთელ ქვეყანაში გამოფენილია ბანერები, რომლებზეც ერთ მხარეს რუსეთის მიერ დაბომბილი უკრაინის შავ-თეთრი ფოტოა, მეორე მხარეს კი, მშვიდობიანი საქართველოს ფერადი ფოტო.
დაპირებებს შორისაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დაპირება – თუკი “ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება, იგი მზადაა, ქვეყანა ისეთ საკონსტიტუციო მოწყობის მოდელზე გადაიყვანოს, რომელიც მის ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს. ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში აქ.
ასევე, “ოცნების” ცენტრალური და ტრადიციული დაპირებაა თავისი პოლიტიკური ოპონენტის – “ნაციონალური მოძრაობის” გაუქმება და არაკონსტიტუციურად გამოცხადება.
ივანიშვილის პოპულისტურ დაპირებებს შორისაა კონსტიტუციის შეცვლა და იქ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლის ასახვა. ანუ ფაქტობრივად, მართლმადიდებლური ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.
რაც შეეხება სოციალურ და ეკონომიკურ დაპირებებს, “ქართული ოცნებამ” ბევრი დაპირებება 2028 წლისთვის გასცა. მინიმუმ 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ეკონომიკა 2028 წლისთვის, განაცხადა ირაკლი კობახიძემ პროგრამის პრეზენტაციაზე. დაპირებებს შორისაა ინფრასტრუქტურული პროექტები, საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეებისთვის ხელფასების ზრდა და ა.შ.
პლატფორმა: “ქართული ოცნება” მემარცხენე ცენტრისტული გაერთიანებაა. ბოლო პერიოდში მკვეთრად კონსერვატიული მიმართულებით.
რეიტინგი:
17-29 სექტემბერის სოციოლოგიური გამოკითხვით, რომელიც ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ამერიკულმა კომპანია Edison Research-მა ჩაატარა, “ქართულ ოცნებას” 33 პროცენტი აქვს.
კვლევით, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით, კომანია “გორბიმ” ჩაატარა, “ოცნებას” 59.5 პროცენტი აქვს.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფაქტორი და ქართული ქარტია
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს განსაკუთრებული როლი აქვს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში – იგი ოპოზიციურ ფლანგზე ერთგვარი მაკონსოლიდირებელი ფიგურა გახდა.
ამ 73 წელის პოლიტიკოსმა მოახერხა და 6 წელიწადში ხელისუფლების მიერ ხელოვნურად დასმული, ნომინალური პრეზიდენტობიდან, დამოუკიდებელ და პრინციპულ მოთამაშედ იქცა, რომელიც ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომეტში საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის სადარაჯოზე დადგა.
ზურაბიშვილი დღეს “ქართული ოცნების” და მისი ლიდერის აშკარა და დაუფარავი კრიტიკოსია და პროევროპულ ოპოზიციას არჩევნების სტრატეგიის დაგეგმვასა და ამ ბრძოლის მოგებაში პირადად ეხმარება.
მას ჰქონდა არაერთი მცდელობა, რომ ოპოზიციური ფლანგი გაემსხვილებინა სხვადასხვა პარტიის გაერთიანებით, თუმცა ამ მიმართულებით მისი რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივა საბოლოოდ ჩაავარდა.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის სასახლე დღეს არის მთავარი ადგილი, სადაც ოპოზიცია იკრიბება კონსულტაციებისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის.
ყველაზე მნშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დადეს, არის “ქართული ქარტია”.
ამ დოკუმენტის მიზანია პროევროპული ოპოზიციის ერთი სიმბოლური ქოლგის ქვეშ გაერთიანება პრორუსული ხელისუფლების საპირწონედ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
აქ გაწერილია სამოქმედო გეგმა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს პროევროპულმა ოპოზიციამ ისმისთვის, რომ ქვეყანას კრიზისი აარიდოს და ევროპულ რელსებზე დააბრუნოს.
ქარტიის თანახმად, ოპოზიცია ჩამოაყალიბებს დროებით მთავრობას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში იმუშავებს. ამ პერიოდში ეს მთავრობა გაატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს ქვეყნის ევროპასთან დასაახლოებლად და უკვე ამის შემდგომ დაინიშნება ჩვეულებრივი საპარლამენტო არჩევნები.
ქარტიის თანახმად, მომავალ მთავრობას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებით და მათი კადრებით კი არ დააკომპლექტებენ, არამედ, პროფესიული ნიშნით – საზოგადოებისთვის ნაცნობი თავიანთი საქმის პროფესიონალებით.
ქარტიას ხხელი ოთხივე ძირითადმა ოპოზიციურმა სუბიექტმა მოაწერა.
czech