რატომ არ ტარდება საქართველო-ჩეხეთის მატჩი "დინამო არენაზე"? ფედერაციის და დინამოს ურთიერთბრალდებები
საქართველო-ჩეხეთის მატჩი “დინამო არენაზე”
საქართველო-ჩეხეთის საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ 7 სექტემბერს დაანონსებული შეხვედრა იქნება პირველი თამაში, რომელსაც ეროვნული ნაკრები ქვეყანაში ჩაატარებს. სწორედ ამიტომ ამ მატჩის მიმართ გულშემატკივრების განსაკუთრებული დაინტერესება და მოლოდინი იყო, თუმცა, იმის გამო, რომ ჩეხეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირება დინამოს სტადიონთან შედარებით გაცილებით პატარა სტადიონზე, მიხეილ მესხის არენაზე გაიმართება, ათიათასობით ადამიანი ბილეთის გარეშე დარჩა.
საქართველო UEFA-ს ერთა ლიგის 3 მატჩს მასპინძლობს. სამივე მატჩი მესხისა და ბათუმის სტადიონებზე გაიმართება, რომლებიც დინამო არენაზე ორჯერ ნაკლებ მაყურებელს იტევს.
ფედერაციის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ გულშემატკივრებში უკმაყოფილება და კრიტიკა გამოიწვია. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სტადიონი ამორტიზებულია. სპორტულ წრეებში კი მიაჩნიათ, რომ დინამოს დირექტორს რომან ფიფიას რუსული კანონის საწინააღმდეგო მოსაზრების ღიად დაფიქსირებას არ პატიობენ.
“დინამო არენას” სტადიონის დირექტორის, თემურ პირტახიას თქმით, UEFA-ს ერთა ლიგის მატჩებისთვის ფეხბურთის ფედერაციას მეორე იარუსით სარგებლობასა და 41000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობას სთავაზობდა.
ფეხბურთის ფედერაციის არგუმენტები
სამთავრობო მედიასთან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიზეზებზე ისაუბრა და თქვა, რომ არსებობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც დინამოს სტადიონზე ერთ-ერთი იარუსი დეტალურ შემოწმებას საჭიროებს, ფედერაციამ კი გადაწყვეტილება სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მიიღო.
„გვქონდა კომუნიკაცია სტადიონის ადმინისტრაციასთან, მათგან მივიღეთ როგორც წერილობითი, ასევე სიტყვიერად დასტური, რომ ამ წუთისთვის მათ არ შეუძლიათ სრული ტევადობით მოგვცენ სტადიონი. ცხადია, ეს პრობლემა არის, რომ მხოლოდ მეორე იარუსი გამოვიყენოთ, რაც არასერიოზულია. არა მგონია, რომ იმ მცირე ჯგუფს, რომელიც ამ თემაზე სპეკულირებს, საერთოდ ან ფეხბურთი აინტერესებდეს ჩვენ ქვეყანაში, ან ხალხი და ზოგადად რამე, ამიტომ მათ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, რაც სამწუხაროა.
ეს არის ოფიციალური თამაში, რომელიც ტარდება უეფას ეგიდით და შესაბამისად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ უეფას უნდა ჰქონდეს ყველანაირი დოკუმენტი, უნდა ჰქონდეს ინფორმაცია სტადიონთან დაკავშირებით, რამდენად უსაფრთხოა ეს ყველაფერი…
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ არსებობს წერილი, სადაც სტადიონის ადმინისტრაცია საუბრობს ამ პრობლემასთან დაკავშირებით, რა პრობლემაც არის ჩვენთვის ყველასთვის ცნობილი პირველ იარუსთან დაკავშირებით.“ – აცხადებს ლევან კობიაშვილი.
“დინამო არენას” პასუხი
“დინამო არენას” დირექტორმა, თემურ პირტახიამ ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს წერილობითად 6 აგვისტოს გაუგზავნა. წერილში ვკითხულობთ, რომ სტადიონი ორი დამოუკიდებლად მდგომი შენობისგან შედგება და, რადგანაც პირველი იარუსი შემოწმებას საჭიროებს, მეორე იარუსით და ვიპ ლაუნჯებით სარგებლობას სთავაზობენ.
“მოგეხსენებათ, რომ ჩვენს სტადიონზე 2024 წლის მარტში ჩატარდა უეფას ეგიდით ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩები, აგრეთვე 2023 წლის ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის 3 ჯგუფური და 1 მეოთხედფინალური მატჩი.
დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ დინამო არენა შედგება ორი დამოუკიდებლად მდგომი შენობისგან. პირველი იარუსი იტევს 12 995 მაყურებელს, მეორე იარუსი 40897 მაყურებელს. ხოლო ვიპ ლაუნჯი და სკაი ბოქსები ჯამურად 772 მაყურებელზე გათვლილი.
ვინაიდან დინამო არენას პირველი იარუსი ექსპერტის მოსაზრებით საჭიროებს დეტალურ შემოწმებას, აღნიშნულის განხორციელებამდე გთავაზობთ ისარგებლოთ მხოლოდ მეორე იარუსით, ასევე ვიპო ლოჟითა და სკაი ბოქსებით, რომლითაც შეძლებთ 41000-ზე მეტი მაყურებლის მასპინძლობს.” – ვკითხულობთ წერილში.
“დინამომ” მოგვიანებით თავადაც გაავრცელა განცხადება:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს „დინამო“ არენას მდგომარეობის შესახებ დამატებითი განმარტება გავაკეთოთ.
დინამო არენას ადმინისტრაციამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორი წერილი გაუგზავნა, პირველი ეხებოდა ჩვენს მზადყოფნას, რომ სტადიონს კვლავ შეუძლია ეროვნული ნაკრების მასპინძლობა. მეორეში კი მოხდა დაზუსტება – იქიდან გამომდინარე, რომ დინამო არენას ბოლო უსაფრთხოების სერტიფიკატი არ მოიცავდა პირველი იარუსის მე-6, მე-7 და მე-8 სექტორებს, ფეხბურთის ფედერაციას ალტერნატივად შევთავაზეთ, გულშემატკივრის დაშვება მხოლოდ მეორე იარუსზე, რომელიც 41 000-მდე მაყურებელს იტევს.
შეგახსენებთ, რომ დინამო არენას ბოლო გენერალური რესტავრაცია 2015 წელს განხორციელდა და იგი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
რესტავრაციის ფარგლებში სრულად აღმოიფხვრა ყველა არსებული პრობლემა და შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ მას შემდეგ სტადიონის მდგრადობა არ შეცვლილა. ამას ადასტურებს ყველა საექსპერტო დასკვნა, რომელიც 2015 წლიდან დღემდე მომზადებულა.
წინაისტორია
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში 29 ივლისს კიდევ ერთხელ ილაპარაკა იმ ახალი სტადიონის პროექტზე, რომლის აშენებასაც ვაზიანში დაგეგმილ ახალ აეროპორტთან აპირებენ. ახალ პროექტზე საუბრისას პრემიერმა პირველად აღნიშნა, რომ ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“ ამორტიზებულია.
„ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. „დინამოს“ სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
28 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ახალი სტადიონი განკუთვნილი იქნება ფეხბურთისა და რაგბისთვის. ამასთან, საქართველოს მთავრობამ ახალი სტადიონის აშენება ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადის შეტანას დაუკავშირა.
ბიზნესმენი რომან ფიფია, რომელმაც ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი სახელმწიფოსგან 49-წლიანი იჯარით 2011 წლის აგვისტოდან აიღო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას „ამორტიზებულ დინამოსთან“ დაკავშირებით, “რადიო თავისუფლებასთან” წერილობით გამოეხმაურა.
„დინამო ისტორიული ადგილია, ამიტომ რომელიმე კერძო პირის ან მთავრობის ინტერესებიდან გამომდინარე, სტადიონისთვის „არასაჭირო“ სტატუსის მინიჭება არარეალური მგონია“, – ამბობს მედიასთან „დინამო თბილისის“ პრეზიდენტი რომან ფიფია და ამ საკითხს მეტად აღარ განავრცობს.
______
„დინამოს“ სტადიონის ამორტიზების შესახებ აქამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 2023 წლის უეფას ევროპის 21-წლამდე ფეხბურთელთა ჩემპიონატისთვის, რომელსაც საქართველომ რუმინეთთან ერთად უმასპინძლა.
„დინამო არენაზე“ გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური (ლუქსემბურგთან) და ფინალური მატჩები (საბერძნეთთან).