"ადრე ამ თემაზე საუბარს ვერიდებოდი" - კაშია UEFA-ს მიერ დისკრიმინაციაზე გადაღებულ ფილმში მოხვდა
UEFA.tv-ზე გამოჩნდა ახალი დოკუმენტური ფილმი განრისხებულები, რომელიც ძალადობის სხვადასხვა გზით გამოვლინებას ეხება.
ფილმში მსოფლიო სპორტის ვარსკვლავებთან პოლ პოგბასთან, ოლივიე ჟირუსთან, რუუდ გულიტთან, ჟოზე მაურინიოსთან და სხვებთან ერთად, ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშიაც მონაწილეობს.
ფილმი დოკუმენტურია და ისეთ პრობლემებს ეხება, როგორიცაა ძალადობა რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ნიშნით, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით და ასე შემდეგ.
ფილმში ერთი ეპიზოდი საქართველოს ეხება და ამ ეპიზოდის მთავარი გმირი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშიაა.
საუბარია გურამ კაშიას გარშემო ატეხილ ცნობილ სკანდალზე სამი წლის წინ.
2017 წლის 23 ოქტომბერს გურამ კაშია ჰოლანდიაში, საფეხბურთო კლუბ “ვიტესის” რიგებში თამაშის დროს მოედანზე LGBT სამკლაურით გამოვიდა. მან ამ ჟესტით დაგმო ადამიანების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის ნიშნით და სოლიდარობა გამოხატა მათ მიმართ.
კაშიას ამ საქციელს საქართველოში საზოგადოების ნაწილის უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და ფეხბურთელი ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანების აგრესიის ობიექტი გახდა.
მაშინ ზოგიერთი კაშიას ნაკრებიდან გაგდებასაც კი ითხოვდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ნაკრების ვიცე-კაპიტანმა საკუთარი ფეისბუქი გააუქმა.
იმავე წლის 22 აგვისტოს ლგბტ ადამიანების მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის UEFA-მ ქართველ ფეხბურთელს თანასწორობის ჯილდო გადასცა, რასაც ჰომოფობების მხრიდან აგრესიის მეორე ტალღა მოჰყვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, თავად ფეხბურთელმა განაცხადა, რომ არ ნანობს ამ საქციელს.
_____________________________
● ქართველი ფეხბურთელის ლგბტ სამკლაურმა დიდი სკანდალი გამოიწვია
__________________________
ფილმში გურამ კაშია ამბობს: “დიდი ხანი ამ თემაზე საუბარს ვერიდებოდი, თუმცა, ახლა, ამისთვის ღია ვარ… მთავარია, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანამ და როგორც საზოგადოებამ წინ ვიაროთ”.
ქართველმა ლგბტ აქტივისტმა, “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა კი განაცხადა, რომ კაშიას ისტორია ბევრ რამეს ამბობს საქართველოზე:
“კაშია დიდი ნეგატიური კამპანიისა და ბულინგის გადატანა მოუხდა და ამან კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ როგორ სიტუაციაში უწევთ ცხოვრება ლგბტ პირებს ამ ქვეყანაში”.
უეფას პრეზიდენტის, ალეკსანდერ ჩეფერინის თქმით, “ფეხბურთი ისაა, რასაც თვალს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი ადევნებს. ყველას უნდა ვაჩვენოთ, რომ დისკრიმინაცია არასწორია. მაგალითი სწორედ ჩვენ უნდა მივცეთ”.