"აკრიტიკებდნენ მომიტინგეებს და მხარს უჭერდნენ "ქართულ ოცნებას". Meta-მ რუსული წარმოშობის ანგარიშები წაშალა
Meta-მ რუსული წარმოშობის ანგარიშები წაშალა
Meta-მ კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის წაშალა 76 ფეისბუქ ანგარიში, 30 ფეისბუქგვერდი და 11 ინსტაგრამ ანგარიში, რომლებიც რუსული წარმოშობის ქსელთან იყო დაკავშირებული. ამის შესახებ Meta-ს ახალ ანგარიშშია საუბარი. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ ქსელის სამიზნე საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანია.
“საქართველოში, მათ გამოაქვეყნეს სტატიები “უცხოური აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებული ბოლო საპროტესტო აქციების შესახებ, სადაც გააკრიტიკეს მომიტინგეები და მხარი დაუჭირეს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“.
აზერბაიჯანში მათ გაავრცელეს ინფორმაცია ადგილობრივი მოვლენების შესახებ და გააკრიტიკეს დასავლეთი. სომხეთშიც მათ გამოაქვეყნეს რუსეთის მხარდამჭერი მოსაზრებები, ასევე – სტატიები პოლიტიკაზე, მათ შორის – სომხეთის ყოფილ ოფიციალურ პირზე, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული, და ასევე – სომხეთის პრემიერ-მინისტრის კრიტიკა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
- დიდი Facebook-წმენდა საქართველოში
- ISFED: „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული ანტიდასავლური ოპერაცია Facebook-ზე
დოკუმენტის მიხედვით აღნიშნული, რუსეთთან დაკავშირებული საინფორმაციო ქსელი მოიცავს ფიქტიურ საინფორმაციო ვებგვერდებს, რომელთა მიზანია კონკრეტულ ქვეყნებზე გავლენის მოხდენა. ეს ვებგვერდებია: საქართველოში – საქართველო თუდეი (sakartvelo-today.org), აზერბაიჯანში – Yerli.Media (yerlimedia.org) და სომხეთში – Lurer Media (lurermedia.org). Meta-ს ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ეს ვებგვერდები დაკავშირებულია მოსკოვში რეგისტრირებულ მარკეტინგულ კომპანიასთან, სახელად IMA Digital.
Meta-ს ცნობით, ეს საინფორმაციო ვებგვერდები ასევე წარმოდგენილი არიან სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის YouTube-ზე, Telegram-სა და TikTok-ზე, რათა უფრო ლეგიტიმურად და სანდოდ წარმოჩნდნენ თავად ამ პლატფორმებისა და დეზინფორმაციის მკვლევარებისათვის. სოციალურ ქსელებში ყალბი ანგარიშების გაუქმების პარალელურად, ეს ფიქტიური საინფორმაციო ვებგვერდები კვლავ განაგრძობენ ფუნქციონირებას და აქვეყნებენ „ახალ ამბებს“ ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე.
Meta-ს აპლიკაციებში, ამ ქსელის უკან მდგომი პირები იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, მართავდნენ გვერდებს და აქვეყნებდნენ პოსტებს, რათა მომხმარებლები გადაეყვანათ თავიანთ ვებგვერდებზე. Meta-ს პლატფორმებზე საკუთარი კონტენტის რეკლამირებისთვის მათ ჯამში 77 ათასი დოლარის ღირებულების რეკლამა ჰქონდათ განთავსებული. ეს ყალბი ანგარიშები და გვერდები Meta-ს ავტომატურმა სისტემებმა გამოავლინა და გამოძიებამდე დაბლოკა. აღსანიშნავია, რომ მათ, სომხეთში ადამიანები ჩართული ჰყავდათ TikTok-ის, YouTube-ის და სხვა პლატფორმებისთვის ორიგინალური ვიდეოკონტენტის შექმნაში, რომელიც ამ ქსელის ერთ-ერთი ბრენდის – Agora Expert Club-ის სახელით ქვეყნდებოდა.
გამოძიების ფარგლებში Meta ქართულ ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებასთან (ISFED) თანამშრომლობდა. სწორედ მათ მიაწოდეს ინფორმაცია ყალბი ანგარიშების შესახებ.
Meta-მ ასევე წაშალა რუსეთთან დაკავშირებული ანგარიშები, რომლთა სამიზნეც უკრაინა და მოლდოვა იყო
ამავე ანგარიშში საუბარია რუსეთთან დაკავშირებულ სხვა 43 ანგარიშსა და 85 გვერდზე, რომლებიც მეტამ ასევე წაშალა კოორდინირებული არაავთენტური ქცევისთვის უკრაინასა და მოლდოვაში.
ყალბი ანგარიშები და გვერდები მათი კამპანიების ფარგლებში აკრიტიკებდნენ უკრაინის მთავრობას ქვეყნის დაცვის უუნარობაში, სამხედრო მობილიზაციის დაბალი მაჩვენებლის გამო, ასევე 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების გამო აკრიტიკებდნენ პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებას და საუბრობდნენ მისი მხრიდან კონსტიტუციის 103-ე მუხლის დარღვევაზე.
მოლდოვის შემთხვევაშიც აღნიშნული ანგარიშები აკრიტიკებდნენ მთავრობას, აქვეყნებდნენ ინფორმაციებს პრორუსი პოლიტიკოსების შესახებ და პოპულარიზაციას უწევდნენ დამოუკიდებელ პეტიციას, რომელიც მოლდოვაში საფოსტო ხმის მიცემის გაუქმებას მოითხოვდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Meta-მ საქართველოში მთავრობასთან, ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებული, ან მათი სასარგებლო ნარატივების გამავრცელებელი ყალბი ანგარიშები და გვერდები დაბლოკა. Meta-მ 2023 წელს Facebook-ზე საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებული ფეისბუქის 80 ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 ინსტაგრამ ანგარიში კოორდინირებული არაავთენტური ქცევის წინააღმდეგ პოლიტიკის დარღვევის გამო გააუქმა.
ასევე მეტამ 2020 წელს წაშალა “ქართულ ოცნებასთან” და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში.
Meta-მ რუსული წარმოშობის ანგარიშები წაშალა