"საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა დაკავებების უკანონო პრაქტიკა" - ომბუდსმენის ანგარიში
სახალხო დამცველის ანგარიში
საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პირველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, 2023 წელი “კვლავ სირთულეებით აღსავსე” იყო კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ომბუდსმენის აპარატი წერს, რომ გასულ წელს განსაკუთრებით საგანგაშო იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა.
სახალხო დამცველის თქმით, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები, ასევე ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა. ანგარიშის მიხედვით, ლგბტქ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ პრობლემურია.
ასევე, ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.
ანგარიშში ერთ-ერთი თავი 2023 წელს შოვში მომხდარ სტიქიას ეხება. სახალხო დამცველი წერს, რომ საქმეზე შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა.
რა წერია ანგარიშში
● გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 37 პირი (აქედან, 35 კაცი და 2 ქალი), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 26 პირი დააკავეს (აქედან, 15 კაცი, 5 ქალი და 6 არასრულწლოვანი). 2023 წელს საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა დაკავებების უკანონო პრაქტიკა.
● წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც უკანონოდ დაკავებულების გათავისუფლება ადმინისტრაციული ჯარიმით შემოიფარგლებოდა, ბოლო წლებში გახშირდა გრძელვადიანი უკანონო პატიმრობის შემთხვევები.
● 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 8 მოქალაქე: ოკუპირებულ აფხაზეთში – ირაკლი ბებუა, ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე, ხოლო ოკუპირებულ ცხინვალში – ლაშა ხეთერელი, პეტრე კალაშნიკოვი, გიორგი მოსიაშვილი, დიტო კორინთელი და გიორგი მელაძე
● ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება კვლავ ირღვევა, რის გამოც ქართულ ენაზე სწავლის გაგრძელების მიზნით, მშობლებს უწევთ, მუდმივი საცხოვრებელი დატოვონ და შვილები ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოიყვანონ.
● კვლავ გრძელდება საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის.
● წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები – 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა.
● პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობით.
● შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება – საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს.
● 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა – კიდევ უფრო გართულებული.
● 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეთა მხრიდან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) აღმართვის შესაძლებლობას.
● წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა – საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება.
● პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.
● საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო.
● გასული წლების მსგავსად, ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა კვლავ გამოწვევად რჩება.
● ლგბტქ+ თემის წევრები კვლავ ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლები არიან და ეს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებით, სიძულვილის მოტივით ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებით და სხვა სახის დისკრიმინაციული დამოკიდებულებებით არის გამოწვეული.
● ულტრამემარჯვენე იდეოლოგიის მატარებელი პირები, თავიანთი მოქმედებებითა და განცხადებებით, ხელს უწყობენ ჰომოფობიური განწყობების გავრცელებას, დისკრიმინაციის წახალისებას და, ამავე დროს, ჩადიან ქმედებებს, რომლებიც, ხშირად, ლგბტ+ ადამიანების უფლებების მძიმე დარღვევაში გამოიხატება.
სახალხო დამცველი პარლამენტს მიმართავს რეკომენდაციებით:
- მოწესრიგდეს სხვადასხვა სახის შეკრების (მათ შორის, სპონტანური და ერთდროული შეკრებები) გამართვის წესთან დაკავშირებული საკითხები;
- ვითარების ესკალაციისა და უფლებაში ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან ასარიდებლად, საკანონმდებლო დონეზე დაინერგოს შეკრების მონაწილეებთან დიალოგისა და მოლაპარაკების წარმოების მექანიზმი.