პანკისის ახალ იმამს ჩეჩენი ბლოგერი კადიროვის აგენტობაში ადანაშაულებს
პანკისის ახალი იმამი
ჩეჩენი ბლოგერი ხასან ხალიტოვი, რომელიც ჩეჩნეთის დღევანდელი რეჟიმის მიერ იდევნება, ამტკიცებს, რომ საქართველოში, პანკისის ხეობაში იმამად დანიშნული ტახირ დუიშვილი თავად რამზან კადიროვს დაქვემდებარებულმა ჩეჩნეთის სამუფთომ დანიშნა და, შესაბამისად, საქართველოში მათ საკუთარი კადრი გამოგზავნეს.
ხალიტოვი, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს, ამბობს, რომ მისი ნათესავები ჩეჩნეთში გაიტაცეს. ასევე, თავის ტელეგრამ-არხზე ბლოგერი წერდა, რომ ტახირ დუიშვილს, რომელიც წარმოშობით პანკისის ხეობიდან არის, “კადიროვის სამუფთომ” შესთავაზა, რომ პანკისის იმამი გამხდარიყო.
მისივე ცნობით, იმამს დაევალა, რომ შეაგროვოს ინფორმაცია ადგილობრივ ქისტებზე, რომლებსაც თავად სალაფიტებად თვლიან. როგორც ხალიტოვი ირწმუნება, დუიშვილის მიზანია “პროპაგანდა გაუწიოს კადიროვის ახმატის გზას”.
აქამდე, თებერვალში ე.წ. ტრადიციული ისლამური მეჩეთის წინამძღვარი, ახმეტის მუნიციპალიტეტის მუფთი და პანკისის ხეობის იმამი ომარ ალდამოვი ავტოავარიის შედეგად დაიღუპა.
როგორც წესი, ჩეჩნები, მათ შორის ქისტებიც, სუფიზმის მიმდევრები იყვნენ, თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, რაც სალაფიზმი პანკისში უფრო და უფრო გავრცელებული მიმდევრობა ხდება.
აღსანიშნავია, რომ ამავე ბლოგერმა გამოაქვეყნა ჩანაწერები ჩეჩნურ ენაზე, რომლებიც, მისი მტკიცებით, თავად დუიშვილს ეკუთვნის. “რადიო თავისუფლება” 25 მარტს წერდა, რომ ჩანაწერში, რომელიც, სავარაუდოდ, პანკისის ახალ იმამს ეკუთვნის, დუიშვილი მადლობას უხდის კადიროვს დაქვემდებარებულ რელიგიურ უწყებას “ნდობისთვის” და პირობას დებს, რომ პანკისში მათთვის სასურველ ნიადაგს შექმნის.
ჩანაწერებს გამოეხმაურა კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერი, მუჰამედ აბდურახმანოვი და გამოთქვა ვარაუდი, რომ დუიშვილს, შესაძლოა, ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდეს. მან საქართველოს მთავრობას პანკისის მცხოვრებლების დაცვისკენაც მოუწოდა.
● შემოწმებულია: ტერორისტები არ არიან. რეპორტაჟი პანკისის ხეობიდან
● ნავალნის თანამებრძოლების თქმით, მის გაცვლას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელზე აპირებდნენ. რა არის ცნობილი ამ გეგმაზე?
● “სახელმწიფო არ გვიცნობს” – როგორია უმცირესობათა ჩართულობა პოლიტიკურ ცხოვრებაში
“რადიო თავისუფლების” მიხედვით, ჩანაწერებში სავარაუდოდ დუიშვილი, ჰყვება, რომ წინა იმამის სიკვდილის შემდეგ ჩეჩნეთის სამუფთოს პანკისიდან დაუკავშირდნენ და ახალი იმამის გამოგზავნა ითხოვეს, რის შემდეგაც, ის სამუფთოში გამოიძახეს. ამავე ცნობით, ჩანაწერებში დუიშვილი ამბობს, რომ თავად არ სურდა ამ პოზიციის დაკავება, რადგან “თეოლოგიური ცოდნა”, რომელიც გააჩნდა, “დაავიწყდა” – თუმცა მას დაჟინებით სთხოვეს, რომ პანკისში იმამად წასულიყო.
როგორც კადიროვის რეჟიმის წინააღმდეგ განწყობილი კიდევ ერთი ჩეჩენი ბლოგერი, თუმსო აბდურახმანოვი (მუჰამედ აბდურახმანოვის ძმა) საკუთარ ტელეგრამზე აქამდეც ვარაუდობდა, დუიშვილს პანკისში “ვიღაცამ ლობირება” გაუწია. მისივე თქმით, “კადიროვის მიერ გამოგზავნილი მუფთი” იქნება კადიროვის ხელისუფლების პირდაპირი გავლენა საქართველოზე.
ახალმა იმამმა ტელეკომპანია “მთავარ არხთან” დაადასტურა, რომ ჩამოსვლამდე ის შეხვდა ჩეჩნეთის მუფთის, სალაჰ მეჟიევს – აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მუსლიმთა სასულიერო ადმინისტრაციას მთლიანად რამზან კადიროვი აკონტროლებს.
“ღმერთის წინაშე სუფთა ვარ, მე არაფერი პროვოკაცია არ მინდა. მე საქართველო მიყვარს.” – ამბობს იმამი “მთავარ არხთან”
“თუ ამ მიმართულებით წავედით, შეიძლება ისეთი შედეგები მივიღოთ რამდენიმე წელში, რომ დღევანდელ წერტილამდე მობრუნება ძალიან რთული ან შეიძლება, შეუძლებელიც გახდეს. იმიტომ რომ ე.წ. მეხუთე კოლონის ზრდა საქართველოში დაწყებულია დიდი ხანია.” – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი სულხან ბორძიკაშვილი.