"მითხრეს, რომ რუსეთის და საქართველოს მტერი ვარ" - საქართველოში რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს
საქართველოში რუსი აქტივისტი არ შემოუშვეს
რუსი აქტივისტი მაქსიმ ივანცოვი ამბობს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. ივანცოვი დარწმუნებულია, რომ მისი საქართველოში არშემოშვება ბორის ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვებასთან არის კავშირში.
მაქსიმ ივანცოვი არის აქტივისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია Frame-ის ხელმძღვანელი, რომელმაც სივრცე დაუთმო რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციონერ კანდიდატად ბორის ნადეჟდინის რეგისტრაციისთვის თბილისში ხელმოწერების შეგროვებას.
მაქსიმ ივანცოვის ორგანიზაცია Frame წლების მანძილზე საქმიანობდა რუსეთში, თუმცა 2012 წელს კრემლმა უცხო ქვეყნის აგენტად გამოაცხადა, რის გამოც ორგანიზაცია დროებით დახურეს. ორგანიზაციის საქმიანობა განსაკუთრებით ომის მიმდინარეობისას გართულდა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, გუნდი თბილისში გადმოვიდა.
“არ შემიშვეს იმის გამო, რომ ჩვენ დავთმეთ სივრცე ბორის ნადეჟდინისთვის ხმების შესაგროვებლად. მხოლოდ მე არ შემექმნა პრობლემები ხელმოწერების შეგროვების შემდეგ. დიდი ხანია შესამჩნევია, რომ საქართველოს ხელისუფლება მტკივნეულად რეაგირებს არა მხოლოდ ქართულ პოლიტიკასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებებზე, არამედ რუს ანტიპუტინისტ აქტივისტებზეც“, – განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას ჩაურტყეს საზღვარზე ბეჭედი, თუმცა შემდეგ სთხოვეს რომ უკან დაბრუნებულიყო საპასპორტო კონტროლზე. როგორც ივანცოვი ამბობს, “მიაჩეჩეს” ფურცელი საქართველოში არშეშვებაზე და ხელის კვრით და უხეშად საუბრით, ცვლის უფროსმა და კიდევ რამდენიმე პოლიციის თანამშრომელმა უბიძგა და წაიყვანა თვითმფრინავისკენ.
ივანცოვი ამბობს, რომ საზღვარზე პოლიციელები რეგულარულად მიდიოდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ, რომ გაფრენილიყო. მისი თქმით, არ მისცეს არც ადვოკატთან გასაუბრების შესაძლებლობა. ასევე ამბობს, რომ დაემუქრნენ. “მეუბნებოდნენ, რომ ვარ რუსეთის და საქართველოს მტერი, საქართველო კი ისინი არიან”. ივანცოვი წერს, რომ მხოლოდ დილას “დანებდა და გაფრინდა” უნგრეთში.
ივანოვცის თქმით, კვლავ შეეცდება საქართველოში შემოსვლას. ასევე აღნიშნავს, რომ გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას და იმ მოპყრობას, რომელიც საზღვარზე პოლიციელების მხრიდან მიიღო. ის ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართავს.
● 2023 წელს საქართველოს ტერიტორიიდან 190 უცხოელი გააძევეს. პირველ ადგილს აზერბაიჯანი იკავებს
● თბილისში რუსი აქტივისტი გაუჩინარდა – ის მოგვიანებით რუსეთის ციხეში იპოვეს. საქმეში ფიგურირებს სოფელი კირბალი და ლომისის ეკლესია
● რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტახოვი საქართველოში არ შემოუშვეს
ბოლო თვეებში, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან კრემლის ბევრ კრიტიკოსს უთხრეს უარი საქართველოში შემოშვებაზე – მიზეზების ახსნის გარეშე.
უკანასკნელი ასეთი შემთხვევა უკავშირდება რუს უფლებადამცველს და პუტინის კრიტიკოსს, დარიანა გრიაზნოვას. ის საქართველოში სტამბოლიდან ბრუნდებოდა, თუმცა საზღვარზე არ გამოატარეს. გრიაზნოვა მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში იდევნებიან, მათ შორის ევროპულ სასამართლოებშიც იცავს.
მანამდე, 14 დეკემბერს, “დოჟდის” ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკოს საზღვრიდან გააბრუნეს.
14 თებერვალს ფონდ “არა ძალადობას” დამფუძნებელი რუსი აქტივისტი და უფლებადამცველი ანა რივინა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში “უცხოელ აგენტად” არის გამოცხადებული, საქართველოში არ შემოუშვეს.
გასული წლის 5 სექტემბერს კრემლის კიდევ ერთი კრიტიკოსი, რუსი ფოტოჟურნალისტი ვასილი კრესტიანინოვი საქართველოდან უკან გააბრუნეს.
20 ივლისს ქვეყანაში არ შემოუშვეს რუსი ბლოგერი ალექსეი რომანოვი, რომელმაც განაცხადა, რომ ის სომხეთის გავლით საქართველოში მოდიოდა, თუმცა სადახლოს გამშვებ პუნქტზე, მას ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.
აღსანიშნავია, რომ 16 ივნისს საქართველომ არ შემოუშვა საზღვარზე ყაბარდო-ბალყარელი ბლოგერი, ინსა ლანდერი, რომლის წინააღმდეგ რუსეთში სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
რუსული ოპოზიციური ტელეკომპანია „დოჟდის“ ჟურნალისტმა მიხაილ ფიშმანმა 5 მარტს, საქართველოში თავისი წარუმატებელი მოგზაურობის დეტალების შესახებ ისაუბრა. ის ქვეყანაში არ შემოუშვეს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან გააბრუნეს. საზღვარზე ფიშმანს უარის მიზეზები არ განუმარტეს.
31 იანვარს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი. მანამდე საქართველოში არ შემოუშვეს რუსი პოლიტიკოსი ლუბოვ სობოლი და ჟურნალისტი ილია აზარი, ასევე, უკრაინელი ჟურნალისტი დმიტრი გორდონი.
საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს რუსული დამოუკიდებელი აქტივისტური მედიაჯგუფის, “მედიაზონის” ჟურნალისტი დევიდ ფრენკელიც.
გარდა ამისა, ასევე მიზეზების ყოველგვარი ახსნის გარეშე საქართველოში არ შემოუშვეს რამდენიმე რუსული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, რომლებიც საჯარო საქმიანობას არ ეწევიან და მათი სახელები უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ამასთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებენ არც სამართალდამცავ სტრუქტურებში და არც საქართველოს მთავრობაში.
კიდევ ერთი გახმაურებული შემთხვევა პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუს მწერალს და დისიდენტს, დმიტრი ბიკოვს ეხება, რომელიც რამდენიმესაათიანი დაყოვნების შემდეგ შემოუშვეს საქართველოში. როგორც მან ტელეკომპანია “ფორმულას” უთხრა, მესაზღვრეებმა საბუთები ჩამოართვეს და 4 საათის განმავლობაში ბათუმის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა.