"გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით" - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე USAID-ის და ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ
პარლამენტის თავმჯდომარე ბექა მინდიაშვილის წინააღმდეგ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველთან არსებული “ტოლერანტობის ცენტრის” და მისი ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის შესახებ საუბრობს და ამჯერად ორგანიზაციის დონორს, USAID-ს მიმართავს.
მას შემდეგ, რაც შალვა პაპუაშვილმა გაარკვია, რომ “ტოლერანტობის ცენტრი” ომბუდსმენის დაქვემდებარებაში არ შედის, მან დონორის მისამართით გააკეთა განცხადება. პაპუაშვილის შეფასებით ბექა მინდიაშვილის კრიტიკა საპატრიარქოს მიმართ არის “რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა”.
პაპუაშვილს უპასუხა ბექა მინდიაშვილმა. მისი შეფასებით, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, მიმართული მისი, როგორც ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის წინააღმდეგ, არის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ეთიკის უხეში დარღვევა.
● HRW: ადამიანის უფლებების მხრივ მდგომარეობა 2023 წელს არათანაბარი დარჩა
● ”გადაწყვეტილება იწვევს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას” – მოსაზრება USAID-ის საქმიანობის აკრძალვის შესახებ აფხაზეთში
● როგორ იქცა ასკილის უალკოჰოლო ლუდის ხარშვის ქისტური ტრადიცია საოჯახო ბიზნესად
შალვა პაპუაშვილის განცხადება
“ამ საკითხთან დაკავშირებით მე მივმართე სახალხო დამცველს, საკითხში გარკვევის თხოვნით. საზოგადოებამ მოისმინა მისი საჯარო განმარტება. როგორც აღმოჩნდა ე.წ. „სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი“ სულაც არ ყოფილა „სახალხო დამცველთან არსებული“ რაიმე ცენტრი თუ სტრუქტურული ერთეული, არამედ არის ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტი, რაც თავის მხრივ პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს.
რაც შეეხება ამ ე.წ. ცენტრის დაფინანსებას. როგორც ირკვევა, ის ფინანსდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ერთ-ერთი პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში. მე ძალიან ვწუხვარ, რომ, უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს.
საქართველოს ეკლესიის და მისი მრევლის წინააღმდეგ საქმიანობის ხელშეწყობა ქართველი ხალხის ინტერესს რომ არ პასუხობს, ეს თავისთავად ცხადია, თუმცა მე, ამავე დროს, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობის დაფინანსება არც ამერიკელი ხალხის ინტერესშია. ამიტომ, ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ბექა მინდიაშვილის პასუხი
“აღნიშნული განცხადება უგულებელყოფს რელიგიური ნეიტრალობის, ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნის პრინციპებს. ამავდროულად, პარლამენტის თავმჯდომარე არაკომპეტენტურია რელიგიური და თეოლოგიური ხასიათის საკითხებზე მსჯელობისა და შეფასებისას. ამ კუთხით, მისი მხრიდან ეკლესიის „დაცვის“ მცდელობა ფარისევლობაა.
ამგვარი განცხადებების საფუძველი ხელისუფლების მხრიდან ეკლესიით პოლიტიკური მანიპულირების სურვილი და, ამავდროულად, ტოლერანტობის კულტურის, რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები შეიძლება იყოს. ტოლერანტობის ცენტრი დაარსების დღიდან იცავს რელიგიის თავისუფლებას და ემსახურება სამოქალაქო ინტეგრაციის მიზანს; მომავალშიც იმავეს გააგრძელებს, ვინც არ უნდა გამოვიდეს მისი საქმისა და არსებობის წინააღმდეგ. ასევე, ტოლერანტობის ცენტრი, წლებია, წარმატებით თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაგრამ სახალხო დამცველის ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს არ წარმოადგენს”, – ამბობს ბექა მინდიაშვილი.
USAID პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება
USAID-ის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წერილს ეხმაურება.
ორგანიზაციის განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ნათქვამია, რომ აშშ-ის მთავრობა USAID-ის მეშვეობით საქართველოს საკეთილდღეოდ მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად.
“აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოებრივი მაწუყებელი ავრცელებს.
“აშშ-ის მთავრობა, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნის ხელშეწყობის ფარგლებში და საქართველოს საკეთილდღეოდ, მრავალ ორგანიზაციასთან მუშაობს ტოლერანტობის მხარდასაჭერად. ჩვენ მუდმივი, ღია და გამჭვირვალე კომუნიკაცია გვაქვს საქართველოს მთავრობასთან იმის თაობაზე, თუ როგორ უჭერს მხარს ჩვენი პროგრამები საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – ნათქვამია განცხადებაში.