"ნაციონალური მოძრაობა": ნიკა მელია პარტიას არ წარმოადგენს, საკითხი დახურულია
ნიკა მელია პარტიას არ წარმოადგენს
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს და ეს საკითხი დახურულია.
მანამდე პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა “ფორმულას” ეთერში თქვა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარაა.
თავად ნიკა მელიას ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.
რა წერია ენმ-ს განცხადებაში
”ენმ ქვეყნისთვის გადამწყვეტი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის ემზადება.
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივითა და ავტორობით, გამოაქვეყნა პარტიის ერთობის მანიფესტი, რომელიც პარტიის ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს განსაზღვრავს.
მიუხედავად ჩვენი მრავალთვიანი მცდელობისა, რომ ყოფილი თავმჯდომარე დაუბრუნდებოდა პარტიას, ნიკა მელია არ იზიარებს მანიფესტით გათვალისწინებულ პრინციპებს, აგრძელებს პარტიის დაზიანების კამპანიას და საჯაროდ, თავად აცხადებს, რომ ის “არ არის ნაციონალურ მოძრაობაში“. ფაქტია – ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შედის გადამწყვეტ წინასაარჩევნო რეჟიმში. ნიკა მელია არ წარმოადგენს პარტია ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ეს საკითხი დახურულია და პარტია არ აპირებს ამ საკითხზე დამატებითი კომენტარის გაკეთებას.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მათ შორის, პოლიტიკური საბჭოს დონეზე, აბსოლუტურად ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა მიზანიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში და ქვეყნის გამარჯვებაში წვლილის შეტანაა” – ნათქვამია განცხადებაში.
● იაგო კაჭკაჭიშვილის მოსაზრება: ნაციონალური მოძრაობის ასეთი თვითდაზიანებიდან, შეიძლება კარგი ამბებიც გამოდნეს
● “გამარჯვების პლატფორმა” – ნაციონალურმა მოძრაობამ და ვაშაძემ გაერთიანების პრეზენტაცია გამართეს
● რა გეგმა აქვს ოპოზიციას ხელისუფლების შესაცვლელად?
წინაისტორია
2023 წლის 30 იანვარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა – მან ხმების 52.58% მიიღო. შიდაპარტიული არჩევნების შედეგები პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა. მეორე ადგილზე ნიკა მელია გავიდა – 40%, არჩევნებში მონაწილეობა 41 264-მა მათგანმა მიიღო.
არჩევნების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს შორის განხეთქილება მოხდა.
პარტიის დამფუძნებელს, მიხეილს სააკაშვილს ღიად რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა ნიკა მელიას გუნდში ამბობენ, რომ ეს არჩევნები იყო გადატრიალება პარტიაში ორი ადამიანის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა შსს-ს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ.
22 ნოემბერს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ” 11-პუნქტიან მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელიც პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას ასახავს. პარტიაში აცხადებენ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის და „ვარდების რევოლუციის“ ლიდერის, “საქართველოს რეფორმატორი პრეზიდენტის”, მიხეილ სააკაშვილის აქტიური ჩართულობა, “კრავს და აძლიერებს” პარტიას.
ნიკა მელიას მანიფესტისთვის ხელი არ მოუწერია და არც “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავს დასწრებია, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გამართა.
კომენტარები
პარტიის პოლიტსაბჭოსი წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, ის ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი იყო. ბარამიძის განმარტებით ენმ წესდებით ენმ თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს, თუმცა მე ის არ იზიარებს ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას.
“მე ვიყავი და ვიქნები მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი და ვაპირებ მასთან ერთად ბრძოლას. ენმ არის მიშას გუნდი. ამავდროულად ენმ-ს ყავს ლეგიტიმურად არჩეული თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭო, გენერალური მდივანი და სამდივნო.
მე მჯერა ენმ-ში ბევრი ძველი მებრძოლი დაბრუნდება და ახლებიც დაგვემატებიან.
მჯერა მთავარი მიზანი არ დაგვავიწყდება და ფოკუსი არ აგვერევა.” – წერს გია ბარამიძე.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მტკიცებით, ნიკა მელია “არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით”.
წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე – თქვენ გარიცხეთ? ლევან ხაბეიშვილი პასუხობს – “კონკრეტული საბუთი თუ გაინტერესებთ, მოგვწერეთ წერილობით, იურიდიულად თუ გინდათ და მოგწერთ”. მისივე თქმით, ნიკა მელიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.
თქვენ გინდათ, რომ სიტყვა “გააგდეთ” გითხრათ? ან “გაუშვით”? მოდი, ჩემს პასუხს გეტყვით, მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი.” – ამბობს ხაბეიშვილი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა, რომ ხაბეიშვილი მის პირობებში ერთობაზე საუბარს შეუძლებელს ხდის. მისივე თქმით,
“[ლევან ხაბეიშვილი] ადამიანებს პარტიიდან რიცხავდა. ხან იძახდა, რომ იმათმა თავი თვითონ გაირიცხესო, მერე თავის თანაპარტიელებს რაღაც მგლის ბილეთების ჩამორიგებით ემუქრებოდა. ამის შემდეგ, რამდენიმე დღის წინ კი მან ხელი მოაწერა ერთობის მანიფესტს. მაგრამ, დღეს მისი ქმედებები საერთოდ რაში წერია, ვერ ვიგებ.” – ამბობს ნაყოფია.
_______________
პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” დაფუძნდა 2001 წელს. მისი თავმჯდომარე და ლიდერი დაარსებიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2003 წელს ეს პარტია იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. იყო საქართველოს მმართველი პარტია 2004-2012 წლებში. 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებასთან” და მას შემდეგ ოპოზიციაშია. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს, “ნაციონალური მოძრაობა” სხვა, უფრო მცირე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჰქმნიდა საარჩევნო ბლოკს სახელწოდებით “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”. ამ არჩევნებზე ბლოკმა ხმების 27.13 პროცენტი მოიპოვა, რაც ნახევარ მილიონზე მეტი ხმაა.