"გარეწრებო", "კომიკურო არარაობებო" - "ჯორჯიან ეარვეისის" სკანდალური განცხადება და საზოგადოების რეაქცია
ჯორჯიან ეარვეისის განცხადება
„შორს ბინძური ხელები „ჯორჯიან ეარვეისისგან!” – ასე იწყება ოფიციალური წერილი, რომელიც ქართულმა ავიაკომპანიამ, “ჯორჯიან ეარვეისმა” საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გამოაქვეყნა თანამშრომლების სახელით.
ამ პოსტით ავიაკომპანია იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც მოჰყვა რუსეთთან პირდაპირი რეისების დანიშვნის გადაწყვეტილებას.
მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოსთან პირდაპირი რეისების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აღადგინა, ქართულმა ავიაკომპანიამ რუსეთის მიმართულებით პირდაპირი რეისები დანიშნა. თბილისი-მოსკოვის ბილეთების გაყიდვას “ჯორჯიან ეარვეისი” უკვე 20 მაისიდან გეგმავს.
ამ გადაწყვეტილების გამო ავიაკომპანიის ფეისბუკ-გვერდზე უამრავი კომენტარი გამოჩნდა, სადაც “ჯორჯიან ეარვეისს” ღალატში ადანაშაულებენ და მისი ბოიკოტირებისკენ მოუწოდებენ. ათასობით უარყოფითი შინაარსის კომენტარის შემდეგ კომპანიამ კომენტარების დატოვების უფლება მოქალაქეებისთვის შეზღუდა და ოფიციალური წერილი გამოაქვეყნა.
„ჯორჯიან ეარვეისი” ღია წერილში კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს “გარეწრებს”, “ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს” და “კომიკურ არარაობებს” უწოდებს, რომლებიც პოლიტიკური ძალების და უცხოეთის მიერ არიან მართული.
ავიაკომპანია წერს, რომ არ არის პოლიტიკური ორგანიზაცია და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება ქვეყნებმა მიიღეს.
ასევე, ავიაკომპანია წერს, რომ ფრენების აღდგენა ხალხის დაკვეთაა და იგი ხალხის დაკვეთას ასრულებს:
“ჩვენ ქართველი ხალხის ინტერესებს ომის პირობებშიც ვემსახურებოდით და მშვიდობის პირობებშიც მოვემსახურებით”.
კომპანია წერილში შეახსენებს მოქალაქეებს, რომ მონაწილეობდა აფხაზეთსა და 2008 წლის ომში, საომარ მოქმედებებში და გამოჩენილი თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული.
“2008 წლის ომის დროს „ჯორჯიან ეარვეისი” იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია,” – წერია წერილში.
„ჯორჯიან ეარვეისი” მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში „უცხოეთიდან მართულ ძალებს” ადანაშაულებს.
„შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ”, – ნათქვამია ღია წერილში.
“მივმართავთ პროვოკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი,” – წერია წერილში.
ავიაკომპანიამ განაცხადა: „მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ჩვენ მტრის არტილერიას, ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს არ შევუშინებივართ და მით უმეტეს ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები. ავიაკომპანიის წინააღმდეგ არც კი გაიფიქროთ რაიმე პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს”.
● “ქართული ოცნება” ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გარიცხვამდე თავად ტოვებს
● ევროკავშირი ოცნებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს
● სენატორები შაჰინი და რიში: საქართველოს მთავრობის უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ზომების მიღება ვთხოვოთ
ავიაკომპანიის ამ განცხადებას უამრავი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა. ფეისბუკ-მომხმარებლები შოკირებულები აზიარებდნენ ტექსტს, რომელიც ლანძღვა-გინებას შეიცავდა, ზოგმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს ოფიციალურ განცხადებას არ ჰგავდა და შესაძლოა, გვერდი გატეხეს. თუმცა, უკვე რამდენიმე საათი გავიდა ამ განცხადებიდან და კომპანიის წარმომადგენლებს იგი არ აუღიათ და არც გვერდის გატეხის შესახებ გაუვრცელებიათ ინფორმაცია.
ხუთი ათასზე მეტი ფეისბუკ-რეაქციიდან უმეტესობა ბრაზის და დაცინვის გამომხატველია. 300-მდე კომენტარის უმრავლესობა ასევე უარყოფითი.
“იმედია გაკოტრდებით მოღალატეებო!”
“Самолет Georgian Airways иди на x**”
“რა ტექსტია ეს, რას იფურთხებით? როგორ ბედავთ ხალხის ლანძღვას? რა სისულელეები დაგიწერეს და რას ავრცელებთ”
“თქვენ მოღალატეებო, აფხაზეთს და აგვისტოს ომს რომ ახსენებთ, შემთხვევით იქ რუსეთი ხომ არ იყო გარეული”.
ქართული ავიაკომპანიის პირველი პირდაპირი რეისი მოსკოვში 20 მაისს უნდა შესრულდეს. წინა დღეს, 19 მაისს რუსეთის მიმართულებით პირველ პირდაპირ რეისს შეასრულებს რუსული ლოუქოსთერი “აზიმუტი”. “ჯორჯიან ეარვეისის” მგზავრები თბილისიდან 08:00 საათზე გაფრინდებიან და მოსკოვის დროით დაშვება 10:15 საათზე ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვებიან.
ბილეთი ერთი მიმართულებით 897 ლარიდან (350$) ღირს.