უკრაინის საგარეოს პრესსპიკერი: რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს
უკრაინის საგარეო ვიზების გაუქმებაზე
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით რუსეთი საქართველოს ეშმაკთან გარიგებას სთავაზობს, ეშმაკთან გარიგებისას კი ეშმაკი იმარჯვებს. ნიკოლენკო საკუთარ ფეიბუქ გვერდზე პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დაწესდა, პირდაპირი ფრენები კი აღდგა.
ნიკოლენკო ხაზს უსვამს, რომ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების გაუქმების და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ უკრაინა პოლიტიკურ კომპენსაციად მიიჩნევს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან შეერთებაზე უარის თქმისა და ევროინტეგრაციის შენელების გამო.
“თბილისის მიერ მოსკოვთან ურთიერთობის დარეგულირების კურსი მიმდინარეობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის, მცოცავი “ბორდერიზაციის”, საქართველოს მოქალაქეების გატაცების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა უხეში დარღვევისა და საქართველოს რუსეთის მოქალაქეებით შევსების ფონზე. კრემლი თბილისისგან იღებს დათმობებს ისე, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ მწუხარებაზე, რაც ქართველ ხალხს მიაყენა.
2008 წელს რუსული თვითმფრინავები უკვე გაფრინდნენ საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დასაბომბად. ახლა გეგმავენ ქართველების ევროპული მომავლის დაბომბვას.” – წერს ნიკოლენკო.
მისივე თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებით, მისი კეთილდღეობითა და განვითარებით. როგორც ნიკოლენკო განმარტავს, მოსკოვის მიზანია შექმნას პროგრესისთვის შეუძლებელი პირობები და ეს დადასტურდა ბელარუსის გამოცდილებით, რომლის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა შთანთქა რუსეთის ფედერაციამ.
“აგრესორთან დაახლოების პოლიტიკა, როგორც მოსალოდნელი იყო, მხარდაჭერას ვერ პოულობს ქართველი პოლიტიკოსებისა და მოსახლეობის ნაწილში, რომლებმაც არაერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია საჯაროდ, განსაკუთრებით საპროტესტო აქციებში.
ამ კონტექსტში, ჩვენ გამოვხატავთ სოლიდარობას და მხარდაჭერას ქართველების მიმართ მათ ლეგიტიმურ სურვილში, ააშენონ წარმატებული ევროპული სახელმწიფო მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოახდინოს რუსეთის მიმართ თავისი პოლიტიკის სინქრონიზება ევროკავშირის პოლიტიკასთან, ასევე, თავი შეიკავოს ქმედებებისგან, რომლებიც გამორიცხავს საქართველოს ევროპისკენ მოძრაობას.” – აცხადებს ნიკოლენკო.
● “ქართული ოცნება” ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გარიცხვამდე თავად ტოვებს
● ევროკავშირი ოცნებას მოუწოდებს, რუსეთის წინააღმდეგ საავიაციო სექტორში დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს
● სენატორები შაჰინი და რიში: საქართველოს მთავრობის უკუსვლა გვაიძულებს ადმინისტრაციას ზომების მიღება ვთხოვოთ
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.