ცამეტი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში "ღორის გრიპით"
საქართველოში, გრიპის ვირუსის გართულებების გამო ცამეტი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება.
გარდაცვალებების მიზეზი H1N1-ის შტამი გახდა, რომელიც უფრო ცნობილია, როგორც „ღორის გრიპი“.
გრიპის გახშირებული შემთხვევების გამო, ერთი კვირით გახანგრძლივდა ზამთრის არდადეგებიც. სასწავლო პროცესი 15 იანვრის ნაცვლად, 21 იანვარს დაიწყება.
ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ეპიდემიაზე საუბარი არ არის და ამის მტკიცებულებად სტატისტიკა მოჰყავს: დღეისათვის, საქართველოში ასი ათას ადამიანზე გრიპით დაავადებულია 256, ეპიდემიის დროს კი დაავადებულთა რიცხვმა 450-500-ს უნდა მიაღწიოს.
ამის მიუხედავად, საქართველოში ახლა ნამდვილი პანიკაა. უკვე ერთი კვირაა, საინფორმაციო გამოშვებები გრიპის შესახებ ახალი ინფორმაციითა და მომხდარი შემთხვევების ახალი დეტალებით იწყება. ქუჩაში უამრავ ადამიანს შეხვდებით სამედიცინო ნიღბით, რაც უჩვეულოა საქართველოსთვის.
აფთიაქებში წინასწარ ყიდულობენ გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო წამლებს, ასევე, ძვირადღირებულ ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ – „ღორის გრიპის“ წინააღმდეგ არსებულ ერთ-ერთ მთავარ პრეპარატს.
დაცარიელდა საბავშვო საახალწლო ღონისძიებები – მშობლებს შვილების ხალხმრავალ ადგილებში მიყვანის ეშინიათ.
8 იანვრიდან თბილისში ხუთი საავადმყოფო 24-საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ქვეყნის თითქმის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული – კლინიკებში შესვლა და იქ ყოფნა მაქსიმალურად შეზღუდულია. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების სამსახური.
ამ დროისთვის „ღორის გრიპის“ ლაბორატორიულად დადასტურებული დაახლოებით სამასი შემთხვევაა, მათგან ცამეტი სასიკვდილო აღმოჩნდა. გართულების მსხვერპლი ძირითადად ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები გახდნენ.
წყალბადის ზეჟანგი ღორის გრიპის წინააღმდეგ
8 იანვარს გამართულ ოფიციალურ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძეს ხალხის დარწმუნება მოუწია იმაში, რომ „ღორის გრიპის“ მკურნალობისას არ გამოიყენონ წყალბადის ზეჟანგი და არ მიმართონ სხვა სახის სამედიცინო თვითშემოქმედებას.
საქმე ისაა, რომ როგორც კი „ღორის გრიპზე“ ლაპარაკი დაიწყო, ზოგიერთმა საიტმა გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა ასეთი „რეცეპტი“ – თუკი ყოველ დილით წყალბადის ზეჟანგს დალევთ, „ღორის გრიპით“ არ დაავადდებით.
ეს „ინფორმაცია“ ძალიან პოპულარული გახდა – რამდენიმე ათასი ნახვა და „გაზიარება“ ჰქონდა. ამასთან, კომენტარებში ხალხი ჩიოდა, რომ წყალბადის ზეჟანგის მიღების შემდეგ მუცელი ასტკივდათ. ასე იქცა წყალბადის ზეჟანგი ქართული სოციალური ქსელების პროგრესული ნაწილის ხუმრობების მთავარ თემად.
რა შუაშია აქ ლუგარის ლაბორატორია?
ზოგიერთი ანტიდასავლური ვებგვერდი წერს, რომ „ღორის გრიპს“ საქართველოში მიზანმიმართულად ავრცელებენ იქ არსებული ამერიკული, ლუგარის სახელობის ლაბორატორიის თანამშრომლები და ახდენენ ბიოლოგიური იარაღის ტესტირებას.
• ლუგარის ლაბორატორია საინფორმაციო ფრონტის წინა ხაზზე
• 17 ქვეყნის ექსპერტმა თბილისში ლუგარის ლაბორატორია დაათვალიერა. რა წერია მათ დასკვნაში
„ღორის გრიპი მხოლოდ ჩვენთან მძვინვარებს! ეს არის შედეგი ლუგარის ლაბორატორიის!“ (გაზეთი „ალია“)
„ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს არის ლუგარის ლაბორატორიის ცდები. ჩვენ არ შეიძლება დავაიგნოროთ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ლაბორატორია კრემლს არ მოწონს“ (ვებგვერდი Euronews.ge)
ამერიკელი სენატორის, რიჩარდ ლუგარის სახელობის კვლევითი ცენტრი თბილისის აეროპორტთან მდებარეობს. ის ალექსეევკის დასახლებაში 2011 წელს გაიხსნა. ცენტრი აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტის თანამედროვე აპარატურით. იქ სამეცნიერო მუშაობა მიმდინარეობს ნებისმიერი ტიპის მიკრობებზე, გარდა რამდენიმე განსაკუთრებით სახიფათო პათოგენისა – ციმბირის წყლულისა და შავი ჭირის.
უკვე რამდენიმე წელია, რუსული მედია გარკვეული პერიოდულობით წერს ლუგარის ლაბორატორიაზე და მას ფაქტობრივად რუსეთისთვის უმთავრეს საფრთხედ აცხადებს, რამდენადაც იქ ამერიკელი სამხედროები, თითქოსდა, უშუალოდ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ამუშავებენ ან აწარმოებენ ბიოლოგიურ იარაღს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლადაა განკუთვნილი.
აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებები არაერთხელ გამოვიდნენ განცხადებით, სადაც ხაზს უსვამდნენ, რომ თბილისთან გახსნილი ლუგარის ლაბორატორიის მთავარი მისია – ეპიდემიების დროული აღმოჩენა და მათი შეჩერებაა.
სოციალური ქსელების ლიბერალური ნაწილი ლუგარის ლაბორატორიის გარშემო არსებულ განხილვებს დასცინის და ამ ინფორმაციას რუსული პროპაგანდის „შემოგდებულად“ მიიჩნევს – იმდენად, რამდენადაც რუსი პოლიტიკოსები ამ ლაბორატორიის წინააღმდეგ არაერთხელ გამოვიდნენ.
ინტერნეტში ასევე დასცინიან ქართველ ცნობილ სახეებს, რომლებიც ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს იმეორებენ.
როგორი სიმპტომები აქვს ღორის გრიპს?
H1N1-ის ძირითადი სიმპტომები ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სიმპტომების მსგავსია – თავის ტკივილი, ტემპერატურის მკვეთრი მატება, შემცივნება, ხველა, უფრო იშვიათად სურდო.
ხშირად ეს გრიპი მოულოდნელად იწყება – ტემპერატურა 40 გრადუსს ზემოთ ადის, ხანდახან ვლინდება დიარეა, პირღებინება და მუცლის ტკივილი.
ძირითად შემთხვევებში H1N1 გართულებების გარეშე გადის – დაავადებული დაახლოებით ერთ კვირაში ჯანმრთელადაა. თუმცა, საფრთხე იმაშია, რომ დაავადების მძიმე ფორმა ძალიან სწრაფად პროგრესირებს და ვირუსულ პნევმონიაში გადადის. ვირუსულ პნევმონიას, ბაქტერიულისგან განსხვავებით, ანტიბიოტიკებით ვერ მოარჩენ – აქ საჭიროა სპეციალური და ძალიან სწრაფი ანტივირუსული მკურნალობა. ამიტომ, ექიმები საზოგადოებას მოუწოდებენ, გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ სპეციალისტებს კვალიფიციური სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად.
უკანასკნელად, ამ შტამის პანდემია მსოფლიოში 2009 წლის მარტსა და აპრილში იყო. მაშინ „ღორის გრიპით“ დაახლოებით 20 ათასი ადამიანი დაიღუპა. ეს მხოლოდ ლაბორატორიულად დადასტურებული მონაცემებია, სინამდვილეში კი მსხვერპლი გაცილებით დიდი იყო.
ეს ის ხუთი სამედიცინო დაწესებულებაა, რომლებიც თბილისში 24 საათიან რეჟიმში მუშავებენ:
- შპს „მედკაპიტალი-გლდანი“, მის: ვეკუას ქ. N 18
- შპს „მედკაპიტალი-საბურთალო“, მის: გამრეკელის ქ. N19
- შპს „საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი“, მის: წინამძღვრიშვილის ქ. N 57
- შპს „მედსი“ („ვერე-21“), მის: ქიაჩელის ქ. N 18
- შპს „მედკაპიტალი-სამგორი“, მის: მოსკოვის გამზ. კვ. 4, კორპ.