"განმტკიცდა გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ" - საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინს შეხვდა
თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს პენტაგონში შეხვდა. ლოიდ ოსტინის თქმით, საქართველომ გააღრმავა კავშირები დასავლეთთან და განამტკიცა თავისი გზა ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ამ დროის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გლობალურ უსაფრთხოებაში.
პენტაგონის ცნობით, იანვარში თავდაცვის დეპარტამენტმა კონგრესს საქართველოსთვის 33 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების გამოყოფის შესახებ აცნობა. ასევე, გასულ კვირაში, საქართველომ შეერთებული შტატებისგან მორიგი, 140 ტონა უსაფრთხოების დახმარება მიიღო.
აშშ-ის თავდაცვის მდივნის თქმით, საქართველოს შეეძლება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო შესაძლებლობები უფრო მარტივად მოითხოვოს და შეიძინოს. ოსტინი ამბობს, რომ „ეს ასახავს იმ ღირებულებებს, რასაც ჩვენ ორმხრივ ურთიერთობასა და პარტნიორობას ვანიჭებთ“.
როგორც ოსტინი აღნიშნავს, საქართველო იყო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ერთ სულ მოსახლეზე ჯარისკაცების რაოდენობით ავღანეთში, ნატო-ს მისიაში და აშშ ღრმად აფასებს საქართველოს უდიდეს გავლენას სამხრეთ კავკასიასა და მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით – “ჩვენი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში კვლავ გაღრმავდება” – დასძინა თავდაცვის მდივანმა.
ამასთანავე, ოსტინმა განმარტა, რომ საქართველო უკრაინის თავდაცვის იმ საკონტაქტო ჯგუფის ნაწილია, რომელიც 20 იანვარს გერმანიაში, რამშტაინის საჰაერო ბაზაზე შეხვდა.
“დღევანდელ შეხვედრას წინ უსწრებდა რამდენიმე კვირის წინ, რამშტეინში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მნიშვნელოვანი შეხვედრა. საქართველოს მონაწილეობა საკონტაქტო ჯგუფში გვეხმარება გავაძლიეროთ უკრაინის უნარი, დაიცვას საკუთარი თავი და გააძლიეროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რომელიც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებას იცავს. და ეს გადამწყვეტია, რადგან უკრაინა აგრძელებს ბრძოლას და გაბედულად იბრძვის რუსეთის არაპროვოცირებული და უსამართლო შეჭრის წინააღმდეგ. ასე რომ, მოუთმენლად ველი დღეს მნიშვნელოვან დისკუსიას და რაც მთავარია, ველოდები ჩვენი პარტნიორობის გაგრძელებას”. – განაცხადა შეხვედრის დაწყებისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ კი აღნიშნა, რომ ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის თავდაცვისთვის “უაღრესად მნიშვნელოვანია.” მისივე განმარტებით, საქართველოს თავდაცვის ძალები, “ამაყად მსახურობდნენ შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების ერების გვერდით”, ყველაზე საშიშ წერტილებში:
“ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ერთად განვიცადეთ დანაკარგები და ერთად გავუძელით ამას და ამან ჩვენი პარტნიორობა კიდევ უფრო გაამყარა. საქართველო არის აშშ-ის სანდო მოკავშირე და მთავარი პარტნიორი, როგორც რეგიონული, ისე გლობალური თვალსაზრისით. ერთიანობა არასდროს ყოფილა ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც დღეს, როდესაც მშვიდობა, სტაბილურობა და დემოკრატიული სამყაროს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამოწვევას ეწინააღმდეგება, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებისა და უკრაინის გაუმართლებელი, უკანონო და სასტიკი ოკუპაციის გამო.”
● ქართულ-პოლონური საწარმოს დრონებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს
● საქართველოს ახალი კოდექსით, სამხედრო ვალდებულება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ექნება
● პარლამენტმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. რაში ვხარჯავთ 21.9 მილიარდ ლარს?
12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფერო წელს პირველად დაფინანსდება. ამასთან, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.
მიმდინარე წლის 7 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა თურქეთისგან NATO-ს სტანდარტების ჯავშანმანქანებს მიიღებს.