ევროპულმა საბჭომ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებისთვის 20 მილიონი ევროს პაკეტი დაუმტკიცა
ევროპულმა საბჭომ საქართველოს
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კიბერუსაფრთხოების სფერო წელს პირველად დაფინანსდება. ამასთან, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.
სამინისტროს ცნობით, საქართველომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსათვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო.
“ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით”. – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.
● საქართველომ გაეროს რეზოლუციას ირანში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ხმა არ მისცა
● რუსეთი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებაში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. საქართველო უარყოფს
● მოსკოვის გზავნილი: თბილისი-NATO-ს ურთიერთობის განვითარებას სერიოზულად გავითვალისწინებთ
მიმდინარე წლის 7 ივლისს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა თურქეთისგან NATO-ს სტანდარტების ჯავშანმანქანებს მიიღებს.
2022 წლის 15 სექტემბერს კი მოსკოვმა განმარტა, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ საქართველოში ჩატარებულ სწავლებას “ღირსეულ პარტნიორ 2022-ს.”
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ყურადღება მიაქციეს იმას, რომ “ღირსეული პარტნიორი 2022-ის” მრავალეროვნული ორკვირიანი სწავლებების ფარგლებში მუშავდებოდა მათ შორის ბლოკის მძიმე ტექნიკის გადასროლა ევროპიდან საქართველოში, ამჯერად თურქეთიდან სახმელეთო გზით.
როგორც სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა დენის გონჩარმა აღნიშნა, მოსკოვი ხედავს NATO-ში საქართველოს “ჩათრევის” განგრძობად კურს, “მათ შორის ქვეყნის თანამედროვე სახის შეიარაღებით ჩატანითა და აშშ-ს მონაწილეობით სამხედრო სწავლებების ჩატარებით”, რაც, მისი თქმით, არამხოლოდ რუსეთის ინტერესებისთვის გამოწვევაა, არამედ სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფრთხეს ქმნის.