საქართველოს ახალი კოდექსით, სამხედრო ვალდებულება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ექნება
სამხედრო ვალდებულება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ექნება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კოდექსის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების დისკრეციული პირობებით სარგებლობის შესაძლებლობა არცერთ კონფესიას აღარ ექნება – ანუ ვერცერთი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი სავალდებულო სამხედრო სამსახურს გვერდს ვეღარ აუვლის.
თავდაცვის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილემ სასულიერო პირებს თავდაცვის კოდექსის პროექტით გათვალისწინებული სიახლეები წარუდგინა და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა. როგორც უწყებაში ამბობენ, გიორგაძემ განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ხარვეზზე, რომელიც ცალკეულ პირებს შესაძლებლობას აძლევდა ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების დახმარებით სამხედრო სამსახურისათვის თავი აერიდებინათ.
“პროექტის შესაბამისად, მღვდელმსახურება აღარ წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების საფუძველს. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომლის პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით. რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწს იმ მექანიზმებს, რომელიც გამოყენებული იქნება კანონმდებლობაში”. – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კოდექსის განხილვა და მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზეა დაგეგმილი.
● სამხედრო გაწვევა – სამშობლოს დასაცავად თუ უფასო ყარაულებად?
● კომენტარი: სამშობლო წმინდა სიტყვაა, მაგრამ მისი ჯარი – არა. ქართული პატრიოტიზმის თავისებურებები
● ახალქალაქი: ცხოვრება რუსული ბაზის შემდეგ
12 დეკემბრის მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღმოიფხვრება საკანონმდებლო ხარვეზი და დაიხურება “ვითომ რელიგიური ორგანიზაციები”, რომლითაც ახალგაზრდები ჯარს თავს არიდებდნენ. ღარიბაშვილმა პარტია “გირჩის” მიერ დაფუძნებულ “ბიბლიური თავისუფლების” დახურვაზე ისაუბრა.
“ეს იყო ე.წ. აი ეს მავნებლური, გირჩის მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი რაღაც პროგრამა, რომელიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდა და სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს. ეს ჩვენ კარგად ვიცით, რომ იყო ფიქტიური ვითომ რაღაც რელიგიური სამსახური. როგორ შეიძლება, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს, არ შეიძლება ამაზე თვალი დავხუჭოთ და ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარეთ კიდეც.” – თქვა პრემიერმა.
მისივე თქმით, ეს საკითხი გავლილია საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი “მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ.”
“საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება” – ასე ჰქვია რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც პოლიტიკურმა მოძრაობა “გირჩმა” 2017 წლის მარტში დაარეგისტრირა.
2017 წლიდან დღემდე, გირჩის ბიბლიურმა თავისუფლებამ მღვდელმსახურის მოწმობა დაახლოებით 50 000 ადამიანზე გასცა. ამ დოკუმენტით ახალგაზრდებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლეს.
საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ადამიანი ღვთისმსახურებას ეწევა ან სასულიერო სემინარიის სტუდენტია, მას სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება აქვს.