ქართულ-პოლონური საწარმოს დრონებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს
ქართულ-პოლონური საწარმოს დრონები
საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულ-პოლონური უპილოტო საფრენი აპარატების საცდელი ფრენა წარმატებით შესრულდა. უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო ჩვენებას დაესწრო საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. დრონებს შპს “დელტა ინტერნეიშენალისა” და პოლონურ კომპანია “ვებე ელექტრონიქსს” შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შექმნილი შპს “დელტა-ვებე” აწარმოებს.
სატესტო ფრენაზე წარადგინეს ორი ტიპის დრონი: FLYEYE – რომელიც სამხედრო-სადაზვერვო დრონი იქნება და ე.წ. კამიკაძე დრონი WARMATE-ი.
● ტიმოთი სნაიდერი: 15 მიზეზი, თუ რატომ არის უკრაინის გამარჯვება კაცობრიობისთვის მნიშვნელოვანი
● საქართველოს ახალი კოდექსით, სამხედრო ვალდებულება ყველა რელიგიის წარმომადგენელს ექნება
● გენერალი ბენ ჰოჯესი: არ მესმის, საქართველოს მთავრობა რატომ გადაეჯაჭვა კრემლის გვამს
FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი.
სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით. მთავრობის გავრცელებულ კადრებში ასევე ნათქვამია, რომ სადაზვერვო დრონის დავალებაზე გაშვებამდე აწყობას დაახლოებით 7 წუთი სჭირდება. დანადგარი ხელით უნდა გაუშვან.
რაც შეეხება WARMATE-ს, ეს არის ე.წ. კამიკაძე დრონი, საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე.
ასევე, მას აქვს სხვადასხვა ტიპის ქობინები. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ.
სამხედრო მრეწველობის განვითარების მიზნით, შპს „დელტა-ვებესა“ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულია ხელშეკრულებაც, რომელიც რეგიონში პირველი უპილოტო საფრენი აპარატების ტრენინგცენტრის გახსნას ითვალისწინებს. ცენტრის პროფესიონალი ინსტრუქტორები თავდაცვის ძალების შესაბამის პერსონალს გადაამზადებენ.
შპს „დელტა-ვებე“ საქართველოში დაფუძნდა „დელტას“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კომპანიების – შპს „დელტა ინტერნეიშენალისა“ და WB Electronics S.A.-ის მიერ. ქართულ-პოლონური საწარმოს მიზანი უპილოტო საფრენი აპარატების აწყობაა. საწარმო წელიწადში ასეულობით დრონის წარმოებას შეძლებს. ამ ეტაპზე კომპანია WARMATE-ისა და FLYEYE-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საამწყობო ხაზის გამართვის პროცედურებს უზრუნველყოფს.