89 მომხრე და 2 წინააღმდეგი. პარლამენტმა ღარიბაშვილის მთავრობას ნდობა გამოუცხადა
პარლამენტმა მთავრობა დაამტკიცა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 2-მა მა წინააღმდეგ მისცა.
ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა ღარიბაშვილს მხარი არ დაუჭირეს, ხოლო პარტია “ევროპელმა სოციალისტებმა” კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.
მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ახალი სახეა – თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც მანამდე სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილე იყო თავდაცვის მინისტრობის დროს და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, რომელიც თანამდებობიდან გადამდგარი მაია ცქიტიშვილის მოადგილე იყო.
__________________________________________________
● ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა. რას ფიქრობენ ექსპერტები და ანალიტიკოსები მის გაპრემიერებაზე?
● ოპოზიციონერის დაკავებას, შესაძლოა, საქართველოს წინააღმდეგ სანქციები მოჰყვეს
● “მსგავს პოლიტიკურ დევნას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“ – ამერიკელი სენატორები მელიას საქმეს ეხმაურებიან
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში დაიწყო 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ოპოზიცია არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს და მათ გაყალბებულად მიიჩნევს. პარლამენტში გასულმა ოპოზიციამ უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე. ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს, რაზეც ხელისუფლება არ თანხმდება.
ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა 17 თებერვალს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ მთავარი ოპოზიციური პარტიის “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება მიიღო. მელიას ე.წ. გავრილოვის ღამის დროს დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დილით, 18 თებერვალს, როდესაც მელია სამართალდამცავებს უნდა დაეკავებინათ, თანამდებობიდან გადადგა ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია. გადადგომის მიზეზად გახარიამ მმართველ გუნდთან “ქართულ ოცნებასთან” უთანხმოება დაასახელა – გუნდი ოპოზიციის ლიდერის დაკავებას ითხოვდა, გახარიას კი მიაჩნდა, რომ მელიას დაკავება ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად გაამწვავებდა.
ამ ეტაპზე მელია ჯერჯერობით დაკავებული არ არის. გახარიას გადადგომის შემდეგ შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ოპოზიციონერის დაკავება გადავადდა ახალი პრემიერის და მთავრობის არჩევამდე.