თელაველ 73 წლის მიშა ყარაულაშვილს, რომელიც ეკლესიასთან ტიტების გაყიდვის გამო პოლიციამ 3000 ლარით დააჯარიმა, მოქალაქეებმა 5000 ლარი შეუგროვეს.
მიშა ყარაულაშვილი ყვავილებს თელავში, ეკლესიასთან ბზობის დღესასწაულზე ყიდდა. 73 წლის მოხუცი ამბობს, რომ ტიტების გაყიდვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ოჯახის წევრისთვის წამლის საყიდელი ფული არ ჰქონდა. მან გასაყიდად 70 ტიტა წაიღო. მხოლოდ 9 ყვავილის გაყიდვა მოასწრო, რაშიც 6 ლარი აიღო. პოლიციამ კი ის 3000 ლარით დააჯარიმა.
“პოლიციელებს ვეხვეწებოდი, ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს-მეთქი, მაგრამ არ გაითვალისწინეს,“ – ამბობს მიშა ყარაულაშვილი.
მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ საკუთარ ვებგვერდზე მიშა ყარაულაშვილის შესახებ ვიდეო გამოაქვეყნა, ფეისბუკზე შექმნილ ჯგუფში: დავეხმაროთ მოხუცებს, ფეისბუკის მომხმარებლებმა მიშა ყარაულაშვილისთვის თანხის შეგროვება დაიწყეს. ამ დროისთვის მის ანგარიშზე 5000 ლარზე მეტი თანხაა ჩარიცხული.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება იკრძალება. ბზობაზე საქართველოს ეკლესიებში ათეულობით ადამიანი იყო შეკრებილი, თუმცა პოლიციას სასულიერო პირებიდან და მრევლიდან არავინ დაუჯარიმებია.