6 თებერვალს რესტორნები პროტესტის ნიშნად თვითნებურად გაიხსნება
გაზიარება
გაზიარება
რესტორნები შაბათს, 6 თებერვალს, პროტესტის ნიშნად თვითნებურად გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, შოთა ბურჯანაძემ დაადასტურა.
ბურჯანაძე ამბობს, რომ 6 თებერვლიდან მუშაობას 200-მდე რესტორანი დაიწყებს, თუმცა მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ Facebook-ზე წერს გასტრონომიის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილიც.
“სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.
აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი”, – წერს ქოქიაშვილი.
რესტორნები საქართველოში 28 ნოემბრიდანაა დაკეტილი, მას შემდეგ რაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო მკაცრი შეზღუდვები დაწესდა.
პირველი თებერვლიდან ხელისუფლებამ გარკვეული შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მათ შორის არ არის კაფე-რესტორნების გახსნა.
რესტორატორებმა პროტესტი ერთხელ უკვე გამოხატეს – მათ ერთი დღით უარი თქვეს მომხმარებლებს დისტანციურად, მიტანის სერვისით მომსახურებოდნენ და მთავრობისგან სრულად გახსნა მოითხოვეს.
სხვადასხვა შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციები უკვე მეორე კვირაა იმართება.