11 მაისიდან თბილისი, 14 მაისიდან კი რუსთავი გაიხსნება
11 მაისიდან თბილისი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით 15 აპრილს ჩაიკეტა, იხსნება.
7 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 5002 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 485 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 275 გამოჯანმრთელდა და 9 გარდაიცვალა.
დედაქალაქში შესვლა და ქალაქიდან გასვლა თავისუფლად იქნება შესაძლებელი.
●14 მაისიდან გაიხსნება რუსთავი და გარდაბანიც.
●18 მაისს გაიხსნება მარნეული, სადაც 23 მარტის შემდეგ მკაცრი კარანტინი მოქმედებს.
კომენდანტის საათი ისევ ძალაში რჩება – საღამოს 21:00-დან 06:00 საათამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გადაადგილება ისევ აკრძალული იქნება.
გარდა ამისა, 11 მაისიდან საქართველოში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა უქმდება:
● მუშაობას იწყებს ყველა სახის წარმოება
● გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც შესასვლელი ქუჩიდან აქვს და რომელიც ტანსაცმლით და ფეხსაცმლით არ ვაჭრობს.
შეზღუდვების შემსუბუქება მოლებს არ ეხება – დიდი სავაჭრო მოლები ჯერჯერობით, არ გაიხსნება.
●15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება შიდა ტურიზმისთვის
● 1-ელი ივლისიდან ქვეყანა მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.
- კორონავირუსი უჰანის ლაბორატორიიდან? რაში ადანაშაულებს დასავლეთი ჩინეთს
- როგორ მოიხსნება შეზღუდვები – მთავრობის გეგმა
- პანდემიის ეკონომიკა – სად არის გამოსავალი კრიზისიდან? საუბარი ბესო ნამჩავაძესთან და ანდრია გვიდიანთან
- კორონავირუსის პირველი სამი დადასტურებული შემთხვევა სამხრეთ ოსეთში
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის საზღვრებს და უცხოელ ტურისტებს მიიღებს.
“დღეს, როდესაც მსოფლიოს ტურიზმის განვითარების ორგანიზაცია ჯერ კიდევ ადგენს სტანდარტებს, როგორი სტანდარტებით შეიძლება, მაგალითად, ევროპის ქვეყნებში გაიხსნას ტურიზმი, ჩვენ ადრეულ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება და საკარანტინე ზონებად გადავაქციეთ სასტუმროები. ამან მოგვცა უდიდესი გამოცდილება და კონკურენტული უპირატესობა -საქართველოს უკვე ექნება გამოცდილება, მაღალი რისკის შემცველ ადამიანებს როგორ მოემსახუროს”, – განაცხადა გახარიამ.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. საქართველოს 4 დიდი ქალაქი: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი 15 აპრილს ჩაიკეტა. ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები 5 მაისს მოიხსნა.