როსტოვში კატასტროფული ხანძრის ძირითადი ვერსიაა - მიწის იაფად დასასაკუთრებლად მისი დაწვა
გაზიარება
გაზიარება
21 აგვისტოს, დღისით, როსტოვის ცენტრში გაჩენილი ხანძარი ერთ დღე-ღამეზე მეტ ხანს გრძელდებოდა. შედეგად 564 ადამიანი დაზარალდა, ერთი დაიღუპა. ცეცხლმა 123 მრავალბინიანი და კერძო სახლი გაანადგურა.
საქმე ეხება როსტოვის ისტორიულ ცენტრში მდებარე უბანს, სადაც ძველი კერძო ნაგებობები ჭარბობდა. ამ ადგილას მიწის ფასი ზედმიწევნით მაღალია, განსაკუთრებით საფერხბურთო ჩემპიონატის დაწყების წინ, რომელსაც სხვა რუსულ ქალაქებთან ერთად როსტოვიც უმასპინძლებს. (“კავკაზსკი უზელ”)
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ უკვე განაცხადა, რომ ხანძრის მიზეზი „ცეცხლის გარე წყარო“ გახდა, ანუ – დაწვა.
ამის შესახებ როსტოვის გუბერნატორის ვასილი გოლუბევისადმი მიმართვაში ადგილობრივი მცხოვრებლებიც ლაპარაკობენ. მათი თქმით, რამდენიმე თვის წინათ მათ აკითხავდნენ ადამიანები, რომლებიც თავს რიელტორებად წარადგენდნენ, და მათი სახლების დაბალ ფასად შესყიდვას სთავაზობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი – დაწვით ემუქრებოდნენ.
როსტოვის მედია იუწყება, რომ ერთ-ერთ ადგილობრივ მსხვილ დეველოპერს მართლაც აქვს მრავალსართულიანი კომპლექსის აშენების გეგმა ნიჟეგოროდსკის ქუჩაზე, იმ ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიების საბოლოო დასკვნა ჯერჯერობით არ არსებობს.