მოსალოდნელი ტრანსფერი შედგა: ჰენრიხ მხითარიანი ინგლისის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ მოთამაშე გახდა. გუნდის ოფიციალური საიტი იუწყება სომეხი ფეხბურთელის ინგლისის მეორე კლუბიდან – „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ გადასვლის შესახებ, სადაც 2016 წლიდან თამაშობდა.
ამ ცნობას მოუთმენლად ელოდნენ სომხეთში ფეხბურთის გულშემატკივრები და ადგილობრივ მედიაში რამდენჯერმე დაიწერა კიდეც ამ გარიგებაზე, როგორც უკვე მომხდარ ფაქტზე. მაგრამ ოფიციალურად ტრანსფერი დღეს დადასტურდა.
ფოტო კლუბ „არსენალის“ საიტიდან
„არსენ ვენგერი დიდი ხანია გულშემატკივრობს ჰენრიხ მხითარიანს და ძალიან უხარია, რომ ის მის გუნდს შეემატა“, – წერია ლონდონის არსენალის ოფიციალურ საიტზე.
თავად ვენგერმა თავის ახალ მოთამაშეზე თქვა: „მხითარიანი იქნება ვინგერი ან ითამაშებს ნახევარდაცვაში, და მე მგონია, რომ მას კარგად თამაში ბევრ პოზიციაზე შეუძლია – ეს, მთლიანობაში, მოგვეხმარება ჩვენ. ეს საუკეთესო სვლაა. ის სრულყოფილი მოთამაშეა, ქმნის შანსებს და თან კარგია დაცვაშიც.
მნიშვნელოვანია გყავდეს მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, ჩვენ ახალგაზრდა ფეხბურთელების ძალიან კარგი რესურსი გვყავს, მაგრამ ვიცით, რომ უბრალოდ მათი ერთად შეკრება საკმარისი არ არის პრემიერლიგისთვის. გუნდში საჭიროა გამოცდილებაც და ჰენრიხი ხელს შეგვიწყობს ამაში“
სომეხი სპორტული მიმომხილველები გუშინ აცხადებდნენ, რომ მხითარიანს ყოველთვის მოსწონდა ლონდონის „არსენალი“ და მას ძალიან უნდოდა ოდესმე ამ გუნდის მოთამაშე გამხდარიყო.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, მხითარიანს მოგებული აქვს ევროპის ლიგა, ინგლისის ლიგის თასი და ქვეყნის სუპერთასი.