დევნილთა დასახლება, სადაც აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულები ცხოვრობენ. თბილისიდან 20 კილომეტრში. ფოტო: REUTERS/ დავით მძინარიშვილი
საქართველოში მცხოვრებ 52 ათას დევნილ ოჯახს, რაც რეგისტრირებული დევნილების 58 პროცენტია, საკუთარი სახლი დღემდე არ აქვს და თავშესაფრის მიღების მოლოდინშია.
საცხოვრებლით დაკმაყოფილდა 35 ათას 927 ოჯახი. აქედან 6 ათას 714 ოჯახი აგვისტოს ომის დროს დაზარალებულია.
ამ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს. საკუთარ განცხადებაში ომბუდსმენი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ დევნილებს წლებია ეზღუდებათ საკუთარი ქონებით სარგებლობის უფლება.
“ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დარჩენილი დევნილთა სახლები მიწასთანაა გასწორებული. აფხაზეთში კი „უპატრონო” ქონებად ითვლება და დე ფაქტო „სახელმწიფოს” საკუთრებაში გადადის, რითაც იძულებით გადაადგილებულ პირებს სარგებლობის უფლება ეზღუდებათ,” – აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
• 1990 წლიდან მოყოლებული 2008 წლის ჩათვლით, საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად 278 ათას 103 მოქალაქე იქცა დევნილად.
აქედან 200 ათასი აფხაზეთიდან დევნილია (მათ შორის 40 ათასი გალის რაიონის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა); 20-30 ათასი კი – სამხრეთ ოსეთის მკვიდრი (მათ შორის, ახალგორის მუნიციპალიტეტის 1000-მდე ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა). ამ ორი რეგიონიდან დევნილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა ქვეყნის ფარგლები დატოვა და დღეს საქართველოში არ ცხოვრობს.
• 2008 წლის 7 აგვისტოს 10 წელი შესრულდება აგვისტოს ომიდან. ამ ომის აქტიური ფაზის დროს სამხრეთ ოსეთი სულ 163 ათასმა ადამიანმა დატოვა. აქედან 36 ათასი ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა და 2008 წლის 3 სექტემბრისთვის, როდესაც აქტიური საომარი მოქმედებები დასრულებული იყო, მათი დიდი უმრავლესობა უკან, საკუთარ სახლებში დაბრუნდა.
127 ათასი ადამიანი კი აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა. ისინი ძირითადად, ეთნიკური ქართველები იყვნენ. მათგან 100 ათასი, ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ საკუთარ სახლებს დაუბრუნდა, 27 ათასი კი დღემდე დევნილად რჩება.