საქართველოს 19 მოქალაქეს, რომლებიც ქუთაისი-მემინგენის ავიარეისით გერმანიაში 13 თებერვალს გაემგზავრნენ, გერმანიის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მიეცა.
ეს ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
“საქართველოს 10 მოქალაქე მემინგენი-ქუთაისის რეისით იმავე დღეს იქნა გაბრუნებული. საქართველოს 9 მოქალაქე გადაყვანილი იქნა ქ. მიუნხენის აეროპორტის ტრანზიტული ფრენებისთვის განკუთვნილ ნაწილში”, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
უცნობია, კონკრეტულად რა გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი.
ამის შესახებ არ საუბრობენ არც ქუთაისში დაბრუნებული მოქალაქეები. ერთ-ერთმა დაბრუნებულმა მგზავრმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ გერმანიიდან უკან გამობრუნების მიზეზი, შესაძლოა, ყოფილიყო ის, რომ მას არ ჰქონდა სასტუმროს ჯავშანი.
ქართული მედია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ რამდენიმე დღით ადრე – 8 თებერვალს გერმანიის მხარის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მინისტრთა კაბინეტის წევრმა იოაჰიმ შტამპმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება მოითხოვა.
შტამპის განცხადებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების ლტოლვილად დარჩენის შემთხვევები და ასევე, გერმანიაში ქართველების კრიმინალური საქმიანობა.
საქართველომ ანალოგიური შინაარსის შენიშვნები უკვე მიიღო ევროკომისიისგან. ევროკომისია პირდაპირ მიუთითებს, რომ ორგანიზებულ კრიმინალში ქართველთა ჩართულობა ევროპისთვის დიდ პრობლემად იქცა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე გამართა საგანგებო თათბირი მთავრობის წევრებთან.
“საქართველოს მთავრობა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, ზომების გამკაცრებას გეგმავს” – აცხადებენ პრეს-სამსახურში.
• საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლა 2017 წლის 28 მარტს ამოქმედდა. 2017 წლის მარტიდან დეკემბერის ჩათვლით ევროპაში უვიზოდ საქართველოს 170 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა.
• ევროკავშირი უფლებას იტოვებს, რომ თუ საქართველო ვალდებულებებს არ შეასრულებს, ე.წ. “შეჩერების მექანიზმი” ამოქმედდება და ვიზალიბერალიზაცია გადაიხედება.