საქართველოს ახალი პრეზიდენტი უფრო ღარიბი იქნება. ინაუგურაციასა და ახალ რეზიდენციასთან დაკავშირებული დეტალები
მომავალ წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას 3,8 მილიონი ლარი (1,4 მილიონ დოლარზე) მეტი აკლდება.
საქართველოს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სწორედ ამდენით მცირდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება.
• ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი?
• “ქართული ოცნების” კონსტიტუცია
• ქართული პოლიტიკის მთავარი კონფლიქტი: პრეზიდენტი VS არაფორმალური მმართველი
ეს არ არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც პრეზიდენტის ფინანსებს შეეხება. ადმინისტრაციიდან თანამშრომლების ნახევარზე მეტს გაათავისუფლებენ. თუკი ამჟამად იქ 140 ადამიანი მუშაობს, ახალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციაში 60 თანამშრომელი იქნება.
კიდევ ერთი სიახლე – მთლიანად უქმდება პრეზიდენტის ფონდი.
ყოველწლიურად პრეზიდენტის ფონდში ბიუჯეტიდან ირიცხებოდა 5 მილიონი ლარი (დაახლოებით 1,9 მილიონი დოლარი). ფონდიდან ფინანსდებოდა, მაგალითად, სტიპენდიები დასავლეთის უნივერსიტეტებში მყოფი ქართველი სტუდენტებისთვის. ამიერიდან, პრეზიდენტს სტუდენტების გახარების საშუალება აღარ ექნება.
როდის გაიმართება ინაუგურაცია
არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს – არჩევნებიდან მესამე კვირადღეს გაიმართება, როგორც ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ადგილი, სადაც ცერემონია ჩატარდება.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ინაუგურაცია შესაძლოა თელავში, მეფე ერეკლეს სასახლეში გაიმართოს. თუ ასე მოხდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ინაუგურაცია დედაქალაქში არ ჩატარდება.
სალომე ზურაბიშვილის წინამორბედებმა, გიორგი მარგველაშვილმა და ასევე საქართველოს სხვა პრეზიდენტებმა, ფიცი თბილისში, პარლამენტის შენობასთან დადეს. იქვე ეზოში იმართებოდა ხოლმე ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონიაც.
პირველი ვარიანტი – თბილისში, ავლაბარში მდებარე მოქმედი პრეზიდენტის რეზიდენცია.
მეორე ვარიანტი – თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეზოში ცერემონიის გამართვა, სადაც 2013 წელს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია ჩატარდა.
სად იმუშავებს პრეზიდენტი
საქართველოს ახალი პრეზიდენტის რეზიდენციაც სხვა ადგილას იქნება.
ზურაბიშვილმა უარი თქვა, იმუშაოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში, რომელიც მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს აშენდა.
სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში იმუშავებს. შენობაში, რომელშიც მეხუთე პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა განთავსდეს, ამჟამად რემონტი მიმდინარეობს, ქუჩაზე კი – საგზაო სამუშაოები.
საერთოდ, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი უკვე დიდი ხანია „ებრძვის“ ავლაბრის რეზიდენციას.
ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის რეზიდენცია ერთ-ერთი კონკრეტული მიზეზია დაძაბულობის, რომელიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ქვეყნის პრაქტიკულ მმართველ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მარგველაშვილს შორის წარმოიქმნა.
თავდაპირველი უარის მიუხედავად, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლა გადაწყვიტა და ამით საბოლოოდ განაწყო თავის წინააღმდეგ ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილისთვის, რომლისთვისაც მიუღებელია არა მხოლოდ პირადად სააკაშვილი, ასევე, მის მიერ აგებული შენობებიც, მარგველაშვილის გადაწყვეტილება ღალატის ტოლფასი იყო.
ზურაბიშვილი ნამდვილად არ არის კონფლიქტურად განწყობილი ყოფილი პრემიერისადმი, რომელიც ახლაც კულისებიდან მართავს ქვეყანას.
ზურაბიშვილი სტუმრად მარგველაშვილთან

თუმცა, სალომე ზურაბიშვილს ავლაბრის რეზიდენციის მონახულება ერთხელ მაინც მოუწია.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 3 დეკემბერს შეხვდა, როდესაც ის ავლაბრის რეზიდენციაში მივიდა.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე ინაუგურაციასთან დაკავშირებული კითხვები და საქმეთა გადაბარების საკითხები განიხილეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს 18-წუთიანი შეხვედრა ნამდვილად ისტორიული იყო – საქართველოს დამოუკიდებლობის 27 წლის განმავლობაში არ მომხდარა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი და მისი წინამორბედი ერთმანეთს კონსტრუქციულ და სამუშაო გარემოში შეხვედროდნენ.
შეხვედრის გამართვის ინიციატივით მარგველაშვილი არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოცხადებისთანავე გამოვიდა.